რატომ არის უცნაური 2020 წელი?! რითია განასხვავებული გასული წლისგან, ან რატომ არ იქნება მომავალი წელი ასეთი უცნაური?!. 7 წელია , სკოლაში მივდივარ 15 სექტემბერს, ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველა თანატოლისთვის არის სანატრელი დღე, რადგან სამთვიანი არდადეგების შემდეგ ვხვდებით ერთმანეთს მონატრებულები. არის ჟრიამული, ხალისიანი ხმაური, ფერადი ყვავილებით აფერადებულები არიან ბავშვები. 2020 წლის სასწავლო წელი უცნაურად დაიწყო! იყო უსაშველოდ გრძელვადიანი ლოდინი სწავლის განახლებისა! 2 მარტის მერე ყველანი ჩავიკეტეთ სახლებში, გაჩერდა ქალაქი, ქვეყანა, შეიზღუდა გადაადგილება, დაბადების დღეები, ქორწილები, ქელეხები. ახლა ისევ მკითხავთ, რატომ არის 2020 უცნაური წელი? უცნაურიცაა, საშიშიცაა და დამთრგუნველიც! ყოველთვის ვცივდებოდით ბავშვები, სიცხეც გვქონდა, მაგრამ ამ ახალმა და უცნაურმა ვირუსმა, რომელსაც Covid-19ჰქვია, მთლიანად შეცვალა ჩემი და ჩემი თანატოლების ცხოვრება (სავარაუდოდ, მხოლოდ ეს ერთი წელი)! ბევრი უცნაური და უჩვეულო რამე მოხდა 2020-ში! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი,ჩემი დაბადების დღე, პირველად გავატარე მხოლოდ ოჯახის წევრებთან, მოვრთეთ ტორტი, მოვრთეთ ოთახი, გამოვიპრანჭეთ მე და ჩემი პატარა დაიკო, ერთად ჩავაქრეთ სანთლები და ჩავიფიქრეთ სურვილი! სურვილი, რომ მალე დავუბრუნდეთ ძველი ცხოვრების რიტმს.
15 სექტემბერი- დღე, როცა უნდა წავიდეთ სკოლაში, მართალია, შეზღუდვებით, ნიღბებით, ხსნარებით შეიარაღებულები, მაგრამ მაინც სკოლაში და კლასში! კლასში, სადაც უამრავი საინტერესო რამე ხდება! ერთდროულად გიწევს 30 სრულიად -სხვადასხვა ზნისა და ჩვეულების თანაკლასელთან ურთიერთობა, შემოდიან მასწავლებლები, სხვადასხვა საკუთარ პრობლემაზე დაფიქრებულები, ზოგჯერ უხასიათოდ, ზოგჯერ ხალისიანები. მე მაინც მიყვარს , მე მაინც მინდა სკოლაში, მეგობრებთან, მასწავლებლებთან. აღარ მინდა სკოლის ჭიშკარი იყოს დაკეტილი, მარტო, უჩვენოდ დაიარებოდეს დერეფანში ჩვენი სკოლის დირექტორი და ცრემლიანი თვალებით უყურებდეს ცარიელ ეზოს! ჩვენი თაობა თამამად შეხედავს თვალებში 2020 წლის გამოწვევას, კოვიდ-19-ს და ეტყვის:
ჩვენ შენზე ძლიერები ვართ!
ჩვენ ყველაზე გონიერები ვართ!
ვერ მოგვერევი!
ვერ დაგვამარცხებ!
ვერ ჩაგვკეტავ სახლებში!
ჩემი თაობა მზესავით ანათებს და მზე ყველაფრის მკურნალია!
სალომე სარიშვილი, 12 წლის.