ეს უცნაური 2020 - ვახტანგ ჩიხლაძე
ეს უცნაური 2020 - ვახტანგ ჩიხლაძე
უცნაურად გათენდა...
უხმაუროდ... უჩვეულოდ... უსახურად...
ქუჩა დაცარიელებულა...
მზეს შიშის დიდი თვალები აქვს...
სკოლასთან საცობი არაა... კარი საგულდაგულოდ დაუკეტავთ... ირგვლივ შიშისმომგვრელი სიცარიელეა...
მსოფლიო, საქართველო და ჩემი პატარა ქუთაისი - ერთ დიდ, ჯერჯერობით დაუმარცხებელ, უხილავ მტერს - კორონას ებრძვის...
კორონამ, თუ როგორც უფროსები ამბობენ, ვირუსმა „კოვიდ-19“ წაგვართვა სკოლის მერხთან და მეგობრებთან ურთიერთობა. გვაიძულა სკოლის ნაცვლად, სახლში ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით დავესწროთ ე.წ „ონლაინ გაკვეთილებს“. საგანგებოდ გაწერილი ცხრილის მიხედვით ავციმციმდეთ მასწავლებელთან თიმსში, მესენჯერში, ზუმში, რუმში...
თითქოს არც არაფერი... სასკოლო პროგრამას მივყვებით და ვსწავლობთ.
ისევ ვყვებით გაკვეთილებს... ისევ ვწერთ დავალებებს... ისევ ვეხუმრებით ერთმანეთს, მაგრამ ონლაინ... ქიმიის მასწავლებელიც კი ონლაინ გავიცანით... ფიზიკის ამოცანებს ვხსნით ონლაინ... მათემატიკის ახალ გაკვეთილსაც ვითვისებთ ონლაინ...
მაგრამ ყველაზე ღირებული, მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი - სკოლის ამხანაგებთან ხალასი, ცოცხალი ურთიერთობები დაგვაკლდა... გვაკლია... ჯერ არ ვიცით როდემდე... არც არავინ იცის... ჩვენზე დიდებმაც კი...
უცნაურად დაიწყო და გრძელდება 2020...
უცებ გავდიდთით... დავბრძენდით... გავითვალისწინეთ რეკომენდაციები... ვისწავლეთ კორონასთან თანაცხოვრება... მაგრამ სკოლაში მაინც ვერ წავედით... თქვენ დიდები ხართ ონლაინ სწავლასაც შეძლებთო... შევძლებთ, მაგრამ უცებ დავიღალეთ... ჩვენთვის შეუფერებელი მძიმე ტვირთი აგვკიდეთ...
მოგვბეზრდა...
დაგვღალა...
ამ უცნაურმა და უსახურმა 2020-მა...
ჩემი და-ძმა სკოლაში წავიდა... მე ისევ სახლში... კომპიუტერთან ვზივარ და ველოდები რომელი საგანი, რომელ საგანმანათლებლო-სოციალურ
ქსელში ჩამიტარდება...
ჩვენ საპილოტე ჯგუფი/კლასი ვართ და განსხვავებული წიგნებით ვსწავლობთ... მაგალითად, ქართულის პირველი გაკვეთილი არის ნიკო ლორთქიფანიძის „დადიანის ასული და მათხოვარი“. ამ ნაწარმოებით ადამიანობას ვსწავლობთ... ვკითხულობ და ვგებულობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მისი წოდებრივი თუ ქონებრივი მდგომარეობისა. დადიანის ასული კარგი გოგოა... მარტივად მიხვდა მათხოვრის საჩუქრის არსს...
საინტერესოა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ასე მარტივად გებულობენ ადამიანთა თანასწორობის არსს?.. რომ ჩვენ ყველა, დიდი და პატარა ერთნი ვართ?.. რომ სიკეთის კეთება და სხვების დახმარება ყველას ერთნაირად შეგვიძლია?.. რომ ჩვენ ადამიანები ვართ?.. ადამიანები?!.
პანდემიის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ განსაცდელის, ვირუსის, დაავადების წინაშე ყველანი ერთნი ვართ... ერთმანეთის დაცვით, ერთმანეთის სიყვარულით და სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ კორონასაც... იქნებ ჩვენმა ერთიანობამ შეაშინოს... ვაქცინის გარეშე დამარცხდეს... იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა და...
და ჩვენ სკოლაში დავბრუნდეთ...
უცნაურია ეს 2020...
უცნაური და არაფრისმთქმელი...
დამღლელი... მომაბეზრებელი...
ჩვენ აქ და ახლა, როგორც გარემოება მოითხოვს, ისე უნდა ვისწავლოთ... უნდა ვიმეგობროთ... უნდა ვიბრძოლოთ...
ჩვენ ეს დაბრკოლება უნდა გადავლახოთ... ჩვენ ჩვენში წარმოშობილი კორონა და მისით გამოწვეული შიში უნდა დავამარცხოთ...
ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამ უცნაურ 2020-ს... უცნაურად, უჩვეულოდ, მაგრამ მაინც უნდა გავიაროთ ჩვენი გასავლელი ბილიკები...
უცნაურად გათენდა...
უჩვეულოდ...
ახლა უკვე ხმაურით და სკოლასთან შექმნილი საცობებით...
სკოლისაკენ მიმავალი მოსწავლეებით, მასწავლებლებით...
ცა უჩვეულოდ ნაზი და იმედიანია...
მზეს თვალებში ჩამდგარი შიში გაჰქრობია...
უჩვეულოდ გათენდა...

ვახტანგ ჩიხლაძე, 12 წლის

556
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
გიორგი
0
11:20 / 14-10-2020