გამარჯობა, მე იაკობი ვარ 10 წლის.
დადგა 2020 წელი და უცნაური ამბები დაიწყო. დედამ მითხრა, რომ უკვე დიდი ბიჭი ვარ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მემატება, არადა რამდენიმე დღის წინ მისთვის პატარა ვიყავი.
ჩემი ახალი ნაძვის ხე ჭერს სწვდება. ცოტა უცნაურია - შარშანდელი სათამაშოების ნაცვლად ქართული ანბანის ასოები და ჩემი ფოტოები კიდია.
მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. მაქვს ტელეფონი, კომპიუტერი, ველოსიპედი, დავდივარ სკოლაში, კალათბურთზე, ინგლისურზე, მუსიკაზე, მყავს მეგობრები, მაგრამ რატომღაც უცნაურად მოწყენილი ვარ.
მამამ ლეკვი მომიყვანა, ის ისეთი ცელქი, ფუმფულა, მსუქანა და საყვარელია.
მე მაინც მოწყენილი ვარ.
დედას სულ ვეუბნები, რომ ძამიკო მინდა, ის მეხუტება და მეუბნება, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა, მახსვს ადრე დამპირდა 2020 წელს ძამიკო მეყოლებოდა.
............
გამარჯობა, მე ლუკა ვარ 7 წლის.
დადგა 2020 წელი და ისევ ძველებურად დაიწყო ყველაფერი. დედამ მითხრა, რომ უკვე ყველაზე დიდი ბიჭი ვარ და უმცროსებზე უნდა ვიზრუნო.
პატარა, ძველი ნაძვის ხე გამოვიტანეთ და ისევ ძველი სათამაშოები დავკიდეთ.
მე დედასთან და 17 ბავშვთან ერთად უპატრონო ბავშვთა სახლში ვცხოვრობ. არც ეს ქალია დედაჩემი, აღმზრდელია, რომელსაც კვირაობით ველოდები, რომ ჩემთვის მიიცალოს და ჩამეხუტოს.
აქ ყოველთვის ხმაურია, ვერ ვახერხებ მარტოდ დარჩენას, რომ ვიოცნებო ველოსიპედზე და კომპიუტერზე.
ეზოში ბევრი ძაღლი მყავს, არც მათ ყავთ მშობლები, მოუვლელები და შიმშილისგან დასუსტებულები არიან.
ერთხელ, ლამაზი დეიდა მოვიდა, მას კეთილი თვალები ჰქონდა, ალბათ ძალიან ალერსიანია. ბიძიაც ახლდა, ის ხელს არ უშვებდა დეიდას.
დირექტორთან შევიდნენ. დიდხანს ისაუბრეს, მერე ჩვენთან შემოვიდნენ, უამრავი ტკბილეული და სათამაშო მოგვიტანეს, მე სკოლის ჩანთა და კედები მომიწია. ღმეთო, როგორ გამიხარდა. ჩემი ჩანთა უკვე დახეული იყო, ფეხსაცმელიც მიჭერდა.
რა უცნაურია, რამდენიმე წუთის წინ როგორი მოწყენილი ვიყავი, ახლა კი ბედნიერი ვარ. ლამაზმა დეიდამ ბევრი გვესაუბრა, მერე ისევ დაბრუნდა დირექტორის ოთახში, ძალიან მოვიწყინე, არადა ცოტა ხნის წინ გახარებული ვიყავი.
დიდი ხნის შემდეგ დირექტორმა დამიძახა. ისევ ძალიან გამიხარდა - კიდევ ვნახავ კეთილ დეიდას. შევედი, დეიდამ ყველაზე საყვარელი თვალებით შემომხედა...
............
საღამო მშვიდობის! მე იაკობი ვარ და სახლში ისევ მოწყენილი ვზივარ.
XBOX-იც ვითმაშე, ტელევიზორსაც ვუყურე, მაგრამ ვერ გავხალისდი.
გასაღების ხმა ყველაზე მეტად მახარებს, მშობლები სახლში დაბრუნდნენ, კარი შემოაღეს, მათ პატარა ბიჭი შემოჰყვა.
მივხვდი - ეს ჩემი ძამიკოა.
ვგრძნობ ცრემლები წამომცვივდა, სიხარულის ცრემლები.
............
საღამო მშვიდობის! მე ლუკა ვარ და ბედნიერებისგან სუნთქვა მიჭირს.
გასაღები ხმა გაისმა. ლამაზ სახლში შევედი.
უკვე ვიცი რომ ეს დიდი ბიჭი ჩემი ძმაა, ესენი - ჩემი მშობლები, ამ ნაძვი ხეზე ჩემს ფოტოსაც დაკიდებენ.
ეს ჩემი ოჯახია, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.
ვგრძნობ ცრემლები წამომცვივდა, სიხარულის ცრემლები.