ეს უცნაური 2020 - ნინო სიმონიშვილი
ეს უცნაური 2020 - ნინო სიმონიშვილი
აი, თორმეტი საათიც გახდა, ორიათას ოცი წელი დაიწყო, მამიდაშვილს ვეხუტები...
ახალი წლის კონცერტიდან ბებოსთან წავედით, სადაც დეიდაშვილები გველოდნენ. სახლში შესვლისას მამაჩემმა თქვა, რომ ნაძვის ხე იყო, პატარები მაშინვე ზედ ააცოცდნენ, ნაძვის ხის სათამაშოები ვართო...
რა ეშველება სამყაროს კორონას ხელში? რა გვეშველება? მეგობრებს ვეღარ ჩავეხუტებით?! ასეთი ემოციები მქონდა, როდესაც პირველად გავიაზრე, რა ხდებოდა. ერთხელ დამესიზმრა რომ კლასელის იუბილეზე ვიყავი და ყველანი დაგვაჯარიმეს...
დიდი ხანია სახლში ტელევიზორი ჩართული არ მინახავს, დღეს დილას, როცა გავიღვიძე და მისაღებ ოთახში გავედი, მაშინ დედა და მამა
ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულ ქალს მისჩერებოდნენ, რომელმაც ცოტა ხანში თქვა, რომ გზები ჩაიკეტებოდა. როგორც კი ეს გამოაცხადა, მამა ელდანაკრავივით წამოხტა, დედას მაშინვე უბრძანა, ბარგი ჩაელაგებინა. მის სახეზე აშკარად გამოიხატებოდა ის სიხარული, რაც ჟურნალისტი ქალის ნათქვამმა მიანიჭა...
ახლა მანქანაში ვზივარ და ვფიქრობ. უფროსებისგან ხშირად გამიგონია ორი რამ, ერთი ის, რომ covid-19 მსოფლიოს შესაშინებლად გამოიგონეს, მეორე -კორონა ვირუსზე ამბობენ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. რომ დაფიქრდე, მართლაც შეიძლება აღმოაჩინო ასეთი მაგალითები:
ერთ აბიტურიენტ ბიჭს ვიცნობ, რომელმაც საკმაოდ დიდი გონების მიუხედავად, კალათბურთი აირჩია, რის გამოც თბილისიდან რაიონის სკოლში მოუწია გადასვლა. შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრებშიც აიყვანეს, რაც ეროვნული გამოცდების გაცდენის მიზეზი იქნებოდა, პანდემიის დამსახურებით საკალათბურთო მატჩები რომ არ გადადებულიყო; თბილისელებმა მიწის დამუშავებას მიჰყვეს
ხელი; გავიგე, რა არის მწვანილი და როგორ იზრდება;
უი, რატომ შეჩერდა მანქანა? ფანჯარაში გავიხედე და მივხვდი, რომ ჩვენ უკვე ჩავედით რაიონში, ბებოსთან და პაპასთან. გადავხტი და შევედი სახლში, სამზარეულოში ბებო დავინახე, ჩემგან ზურგშექცევით იდგა და ჭურჭელს რეცხავდა, მაშინვე მივვარდი, უკნიდან მოვეხვიე, გავედი მისაღებ ოთახში, პაპას ჩახუტება ვცადე, მაგრამ არ მომცა უფლება, არ შეიძლებაო...
მეორე დილას ჩემმა დეიდაშვილმა დარეკა, არ აპირებთ მოსვლასო? დედაჩემმა უპასუხა რომ დედამისი ისეთი შეშინებულია, უმჯობესი იქნებოდა არ მივსულიყავით. როდესაც მას ამის შესახებ უთხრეს, მაშინვე უარყო და მიგვიპატიჟა.
დედამ, მამამ და ჩემმა უფროსმა დამ გადაწყვიტეს მიპატიჟება მიგვეღო და სტუმრად ვწვეოდით, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, არაფერი გვჭირდა. ამის შედეგია ის, რომ ახლა მანქანაში ვზივარ და ვფიქრობ, არა, არ შეიძლება ხალხის ასეთი შეშინებული ყოფნა, გამოსავალი უნდა გამოვნახო, მომავალში თავი სულ დიდი ადამიანი წარმომედგინა, ახლა ვხვდები როგორ მოვიხვეჭო სახელი,
covid-19-ის წამალი უნდა გამოვიგონო!
აქ შეწყდა ჩემი ფიქრი, რადგან დანიშნულების ადგილთან მივედით. მთელი ჩემი დეიდაშვილები ბებოსთან შეკრებილიყვნენ. მამაჩემის დანახვისას მისკენ გაიწიეს, მაგრამ მან საბედნიეროდ დაასწრო და უთხრა, რომ ნაძვის ხე კორონად გადაიქცა, მისი ჩახუტება არ შეიძლება...
შემდგომი ერთი კვირის მეორე ბებოსთან გატარებით მივხვდი, რომ ვაქცინის შექმნას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება...
შემოდგომაზე მამაჩემმა ბევრჯერ მომმართა თხოვნით, რომ რიამე ნაწარმოები დამეწერა. ამ დროს იმდენად არეული ვიყავი, ვერაფრის დაწყება ვერ მოვახერხე. „დევიდ კოპერფილდისა“ და „ოლივერ ტვისტის თავგადასავლის“ წაკითხვის შემდეგ თავი აღმოჩენილი მეგონა, მაგრამ თურმე ართურ კონან დოილის ხელი მაკლდა. მხოლოდ იმის შემდეგ მოვახერხე ნაწარმოების დაწერა, რაც მამაჩემმა დეიდაშვილებში მწერალთა კონკურსი გამოაცხადა. დაჯილდოებიდან რამოდენიმე დღე იყო გასული, როდესაც დეიდაჩემმა მამაჩემს მისწერა, რომ პალიტრა L-იც აცხადებს კონკურსს...
იმის მაგივრად, სკოლაში ვიყო და ვსწავლობდე, ახლა ხეზე ვზივარ და ვფიქრობ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დის ცეკვის მედოლეს კორონა აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში ვიმყოფებით.ზოგი უფროსი ფიქრობს რომ მთავრობა ადამიანებს ისყიდავს და ასე ცდილობს ჩვენს შეშინებას, მაგრამ თუკი ეს შესაძლებელია, რატომ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ მთავრობის მტერმა მოისყიდა ხალხი. მოკლედ რომ ვთქვათ, ვისაც შერლოკ ჰოლმსივით დედუქციური ნიჭი არ გაგვაჩნია, თუ გვსურს, რომ გორგალი უფრო არ დავხლართოთ, იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რა ფაქტიც ვიცით, კორონა ვირუსია და
რეკომენდაციების დაცვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია!
ნინო სიმონიშვილი, 11 წლის

738
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Natia natia
0
Ninuci unichieresi da uchkvianesi gogo xar! Chemi mosazrebit ,shen ukve gamarjvebuli xar!
16:02 / 16-10-2020
მანია
0
11 წლის ხარ რა კარგად გადმოსცემ ნაწერში შენ ემოციებს ❣ ბევრი წარმატება შენ
13:05 / 16-10-2020
მაია
0
ნინიკო უასყვარლესი და უჭკვიანესი ხარ
19:12 / 15-10-2020
Nia
0
რა საყვარელი ბავშვია ))
15:34 / 15-10-2020