ყველაზე კითხვადი
მარტო კლასში - ქეთო, შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი
მარტო კლასში - ქეთო, შატილის სკოლის ერთადერთი პირველკლასელი
პირიქითა ხევსურეთში, შატილის საჯარო სკოლაში 8 მასწავლებელი 7 ბავშვს ასწავლის. ყველაზე უფროსი მოსწავლე დამამთავრებელ კლასშია, ყველაზე პატარა და ერთადერთი გოგონა კი, პირველკლასელი ქეთო დაიაურია. სასწავლო წლის დაწყებას შიში და სიხარული ერთდროულად ახლავს თან. პედაგოგებს უხარიათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველკლასელი მიიღეს. თუმცა, მომავლისა ეშინიათ - შატილის თემის სოფლებში სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღარ არიან.

ქეთო მუცოში ცხოვრობს. სკოლაში, 12 კილომეტრის დაშორებით, სახელმწიფოსგან დანიშნული ტრანსპორტით ივლის.

ადრე ასე არ იყო. ქეთოს ძმა, აბულეთ დაიაური, ორ მოსწავლესთან ერთად, განათლების მისაღებად, მუცოდან სკოლაში ფეხით
დადიოდა - სახლიდან კვირას გადიოდნენ, პარასკევამდე პანსიონში რჩებოდნენ და გაკვეთილების შემდეგ შინ ისევ ფეხით ბრუნდებოდნენ. საერთო ჯამში 24 კილომეტრის გავლა ფეხით უწევდათ, არადა შატილი-მუცოს ერთადერთი გზა მდინარე არღუნის ხეობაში გადის. ადგილობრივების გადმოცემით, ბოლო 30-35 წლის განმავლობაში, ამ გზაზე წყალმა და ზვავმა 48 ადამიანი იმსხვერპლა.

ქეთოს, მუცო-არდოტის ხეობის ყველაზე პატარა ბავშვს, სკოლის დაწყება უხარია, რადგან „სწავლა ყველას უყვარს“. დილით ადგომა არ გამიჭირდაო, არადა ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულა. მამიდამ გააღვიძა. ჩაი სწრაფად დალია, დედას დაემშვიდობა და შატილისკენ სპეციალურად მუცოში მცხოვრები ბავშვებისთვის დანიშნული ავტომობილით მიდის.

„სკოლა რომ დავიწყე, ახლა მალე ავდექი, თორემ, სანამ სკოლაში მივიდოდი, მაშინ
ვიღვიძებდი, როცა უკვე მზე იყო. კბილებს ვიხეხავდი, გარეთ გავიდოდი, გავისეირნებდი, მერე მოვიდოდი, ვთამაშობდი.“

სწავლის დაწყებისთვის საგანგებოდაა მომზადებული, თმაზე კიკინები აქვს, ზურგზე ვარდისფერი, „ქალთევზიანი“ ჩანთა ჰკიდია, თეთრ მაისურზე კი ორი გოგონა ახატია. „აი, აქეთა მე ვარო“ - მასავით კოპლებიან შარვალში გამოწყობილ გოგოს ადებს თითს. უცებ ამ თითს აბულეთისკენ გაიშვერს, გამიტკაცუნეო; თან ეშინია, თვალებზე ხელს იფარებს და კისკისებს.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ძმასთან, მამიდაშვილთან და თანასოფლელთან ერთად ქეთომ შატილის საჯარო სკოლის პანსიონში უნდა იცხოვროს. გზა სანამ „იქნება“, სახლიდან სკოლამდე ბავშვებს ქეთოს მამა, ნუგზარ დაიაური ატარებს. დედ-მამა ძალიან მოენატრება, თავისი ოთახი და სათამაშოებიც. შატილში არაფერი წამოუღია - „სკოლაში რა დროს სათამაშოა?!“

„კლასელები არ მყავს, მარტო ვარ. ჩემთან ერთი მასწავლებელი იქნება - მზია. ყველაფერი უნდა მასწავლოს. საგნები? ეგ ჯერ არ ვიცი, პირველად მივდივარ სკოლაში.“

სკოლის კიბეებთან 9 წლის კოტე და 11 წლის მანგია, პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმის, მესაზღვრისა და პოეტის - მიხეილ ჭინჭარაულის შვილები ხვდებიან. კოტე მეხუთე კლასშია, მანგია მეშვიდეში, თანაკლასელები არც ერთ მათგანს არ ჰყავს.

კოტეს ყველაზე მეტად მათემატიკა მოსწონს. „ბიზნესმენი უნდა გამოვიდეს“. შესვენებაზე ბავშვებთან ერთად თამაშობს, თუმცა შატილის სკოლას საბავშვო მოედანი არ აქვს და არც ეზოა შემოსაზღვრული. წელს ბურთები აჩუქეს, მანამდე არ ჰქონდათ. „ინტერნეტში შესულა“, თუმცა კომპიუტერის გამოყენება კარგად არ იცის. ყველაზე მეტად პიანინო უნდა რომ ჰქონდეთ სკოლაში, დაკვრას ისწავლიდა. ქეთოს მოსვლა გაუხარდა. აქამდე გოგოები არ გვყავდა, არადა უფრო კარგად გავერთობოდითო.


ასევე იხილეთ: "გამარჯობა, მე ქეთო ვარ, მუცო-არდოტის ხეობის პრინცესა!"


ქეთო კოტესაც იცნობს და მანგიასაც, ისევე, როგორც „პუტკუნას და გიოს“, შატილის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. იცნობს მზია მასწავლებელსაც, აი, „ყველაფერი რომ უნდა ასწავლოს“ და სკოლაში პირველად მისული საკლასო ოთახისკენ რომ მიჰყავს.

ფერადი ბუშტებით გაფორმებულ კლასში მკვირცხლად შედის. ქურთუკს იხდის, ხმელ სკამზე კიდებს და საჩუქრებს ელოდება: წიგნებს, რვეულებს, სახატავებს და, რაც მთავარია, კომპიუტერს, რომელიც აქამდე არ ჰქონია.

პირველი გაკვეთილი „დედა-ენით“ იწყება. ქეთო ასოებს ცნობს, დაფაზე საკუთარ სახელსაც გამართულად წერს. წიგნში პედაგოგი ნახატს უჩვენებს და უხსნის, რომ ორი თითის აწევა მასწავლებლისთვის ნიშანია - მე გამომიძახეთო. ამის ცოდნა ქეთოს დიდად არაფერში არგია - მას ხომ კლასელები არ ჰყავს!

„ერთი გოგო ვარ სკოლაში და არ ვიცი ვის ვეთამაშო, მოვიწყენ“, - ამბობს დაღონებული ქეთო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო
3580
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (2)
18:04 / 22-09-2017
მარი
რა საშინელებაა???ბავშვი პანსიონატში რატომ უნდა ცხოვრობდეს?როცა მშობლები ყავს?არ შეიძლება ასეთი ადგილები გამოიკვლიონ და თუ არაა საცხოვრებლად შესაფერისი,მაშინ გაასახლონ მოსახლეობა!თუ არადა პირიქით!იქ ჩაასახლონ მოსახლეობა და შეუქმნან პირობები რომ სოფელი გავდეს სოფელს და არა მიტოვებულ ნამოსახლარს!!!მაგრამ ეს ხომ საქართველოა და პატრონიც აღარავინააა...
16:06 / 22-09-2017
კოტე
მერე და რას უყურებთ ყველა ლტოლვილი, რომ თბილისში იწევს,შეუქმენით პირობები, ჩაასახლეთ შატილში, სანამ გადამთიელები (აზიელები და აფრიკელები) არ ჩასახლდებიან, რა შეეწინაღმდეგები თუ ამერიკა გიბრძანებს თუ რა?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
14.12.2017
"რას არ გავუძელით ერთად მე და ჩემმა მოსწავლეებმა: ომს, ყინვას და სიბნელეს, მაგრამ ეს საქმე არ მოვიბეზრეთ"
06.12.2017
"შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო..."
06.12.2017
აუკრძალეთ საჯარო სკოლის პედაგოგებს თავისივე მოსწავლეების მომზადება
30.11.2017
განათლების სამინისტროში არდადეგების დაწყების თარიღი დაადგინეს
06.11.2017
ეს არის იძულებითი პედაგოგიკა - მოძველებული მოდელი. ამიტომ ბავშვებს სწყინდებათ სკოლაში” - ის, რაც ყველა მშობელმა და პედაგოგმა უნდა წაიკითხოს
01.11.2017
ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწრეობის მცდელობას
26.10.2017
არსებობს გამოცემების რამდენიმე სერია, რომელიც მართლაც განსაკუთრებული შინაარსითა და ხარისხით გამოირჩევა




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31