"შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო..."
ემიგრაციაში მყოფმა ლელა თოლორდავამ საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელ ღია წერილით რამდენიმე დღის წინ საკუთარი ფეისბუქიდან მიმართა (იხილეთ მისი წერილი). დღეს კი, ასევე მისი ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ ქალბატონ ლელას ღია წერილს მინისტრმა უპასუხა და მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
აი, რას წერს ის საუბრის დეტალებზე.
"- ვივა, ლელა!!!
- ვივა, მინისტრო!!!
- ვივა, ჯორჯია!!!
იმედიანი მერკოლედი გამითენდა. ზუსტად ერთი კვირის უკან ზღვის პირას ვიჯექი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს ღია წერილს ვწერდი, რომელმაც თქვენი დიდი ძალისხმევით მიაღწია ადრესატამდე. ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი დამიკავშირდა. ბევრი მაიმედებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ისედაც გულგატეხილ დედას ბოლომდე მიფლეთდნენ გულს. შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ, ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო, ჟურნალისტი ბადანტედ გაქცია და რისი იმედი გაქვსო...
არც ერთი მსგავსი წერილი გულთან ახლოს არ მიმიტანია, არც ერთი უსიტყვო დაცინვა, ზურგს უკან კრიტიკა და ინტრიგან მშობლად მონათვლა არად ჩამიგდია და იცით, რატომ?! გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ჩემს ხმას მივაწვდენდი მას, ვისაც მინდოდა, რომ გაეგო.
დამერწმუნეთ, არასდროს ასე არ დავლოდებივარ ვინმეს ზარს, ასე სულმოუთქმელად. სიზმარშიც კი დამირეკა რამდენჯერმე მინისტრმა. გუშინ საღამოს ნაგვის გადასაყრელად 5 წუთით გასულს, ტელეფონი სახლში დამრჩა და ეს რომ აღმოვაჩინე, არ ვიცი, რა სიჩქარით დავფარე უკანა გზა, ახლა სინიორ დომენიკო იკითხეთ, ათასჯერ მეკითხებოდა - მინისტრმა დაგირეკაო?
დილით, კოლაციონეზე ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამო რომ ლამის დავახრჩვე სინიორ დომენიკო, ხომ გითხარით.
...ის იყო მოვრჩი მანჯარის კეთებას და მელანძანას კოტლეტი თეფშზე გადმომქონდა, ზარია ტელეფონზე. დავხედე ეკრანს და საქართველოო... არ ვიცი, დიახ ვუთხარი თუ გისმენთ, პრონტო რომ არ მითქვამს, ზუსტად მახსოვს.
- მოგესალმებით, ქალბატონო ლელა, მიხეილ ჩხენკელი გაწუხებთო...
ჩემი პაუზა...
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავთო...
- დიახ, ჩემს ნონოს სადილს მივართმევ და 5 წუთში შევძლებ საუბარს-მეთქი.
- კარგით 5 წუთში დაგირეკავთო...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
გავთიშე ტელეფონი და ბოლო ხმაზე დავუძახე:
- სინიორ დონენიკო!
- მინისტრმა დარეკაო?!
- სი, სი!!!
მგონი თავისით წამოხტა საწოლიდან, თავის სათამადო ადგილზე დაჯდა და ჩემდა გასაკვირად მანჯარს ზედაც არ შეხედ.ა
- ვივა ლელა!!!
- ვივა მინისტრო!!!
- ვივა ჯორჯია!!!
სინიორ დომენიკო ამ შეძახილებით მამხნევებდა მაშინაც, მინისტრმა მეორედაც რომ დამირეკა და ბარე ნახევარი საათი ვისაუბრეთ. რამდენჯერმე გაწყდა კავშირი, იმდენჯერ დამირეკა...
მოკლედ, ბატონმა მიხეილმა ბოდიში მომიხადა, ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედიების გამო ვერ შევძელი თქვენთან დღემდე დაკავშირებაო. გავეცანი თქვენს ღია წერილს და ყველაფერში გეთანხმებითო. სამინისტროს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, სკოლა სასწავლო დაწესებულებას რომ დაამსგავსოსო. მესაუბრა პედაგოგების გადამზადებაზე, სასწავლო პროგრამებზე, სახელმძღვანელოების შეცვლაზე. უკვე მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა და გპირდებით, ყველა სახელმძღვანელოს პირადად გავეცნობიო. რაც შეეხება სკოლებში გამეფებულ კორუფციას და "საშინაო სკოლებს", სასწრაფო წესით მოხდება ამ ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზონები იქნება მიღებულიო.
ჩემის მხრივ კიდევ ერთხელ გავმეორდი და ვუთხარი, რომ მე ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, დღეს რომ უცხო ქვეყანაში ვარ გადმოხვეწილი და სინიორ დომენიკოს ბადანტე ვარ, ამაში დამნაშავეა განათლების კირუფციული სისტემა-მეთქი...
ვუთხარი ისიც, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის ეპიცენტრში, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მყოფი სიკვდილმა დამინდო და ჩემი თავი არ წაართვა ჩემს შვილებს, კორუფციულმა განათლების სისტემამ კი არ დამინდო და ცოცხლად წაართვა ჩემი თავი შვილებს...
ხმაში ბზარი შეეპარა ამის მოსმენისას, დამამშვიდა. მითხრა, რომ ჩემს შვილებს პირად კონტროლზე აიყვანს და მათი სკოლიდან დაიწყებს პრობლემების მოგვარებას.
დიახ, ბატობო მინისტრო, თქვენ ღირსება უნდა დაუბრუნოთ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას, სკოლას, რომელმაც მეოცე საუკუნის გრანდები აღზარდა. ღირსება უნდა დაუბრუნოთ ყველა სკოლას, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული... თითქმის ყველა ე.წ. პრესტიჟული სკოლა ორმაგი სტანდარტებით ასწავლის-მეთქი.
გპირდებითო, ყველა ის კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ჩემი მიზანიც ესააო...
ბოდიში მომიხადა, შეხვედრაზე მაგვიანდებაო და მთხოვა ფეისბუქის პირად გვერდზე მიმეწერა ყველა ის საკითხი, რომელზეც დროის სიმცირის გამო ვერ ვისაუბრეთ.
დიდი მადლობა გადავუხადე მინისტრს ჩემი და ყველა იმ დედის სახელით, რომლებსაც იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, თუნდაც მინისტრის სატელეფონო ზარმა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო მიხეილ, რომ მიიტანეთ გულთან ჩემი გულისტკივილი, გამოძებნეთ დრო და ერთხელ კი არა, რამდენჯერმე დამირეკეთ.
მადლობა, მეგობრებო, გვერდით დგომისთვის. მარტო ამ ყველაფერს, ვერ მივაღწევდი.
ახლა უკვე აღარ ველოდები მინისტრის ზარს, ახლა საქმეს ველოდები, რომელიც საარაკო გახდება!!!
ერთად სასწაულების მოხდენა შეგვიძლია!!!
P.S. მოგიწოდებთ, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს, შეიკრიბეთ, სკოლის წინ, ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეთ უდიდეს ქართველს, პატივი მიაგეთ იმისთვის, რომ საქართველოს საუნჯეს მისხალიც არ მოაკლო და შიმშილისგან თავი რომ ეხსნა, თხის რძით იკვებებოდა ოქროებში ყელამდე ჩაფლული კაცი. და გახსოვდეთ, ქვეყნის სიმდიდრე მარტო ოქრო-ვერცხლი არ არის, ქვეყნის სიმდიდრე ის თვალხატულა გოგო-ბიჭები არიან, ექვთიმეს ნატერფალზე რომ დადიან ცოდნის ტაძარში".
რუსკა კილასონია