"დღეს ვარ განადგურებული... არ ვაჭარბებ..."
"ესეც ჩემი მარიამის პირველი საჯარო პროტესტი განათლების სამინისტროს" - ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელშიც სკოლის მოსწავლე ნუგზაირ შატაიძის მოთხრობას "მოგზაურობა აფრიკაში" აპროტესტებს, უმრავი გამოხმაურება მოჰყვა. ("ძალიან ბევრი ბავშვი ამბობდა, ჩვენც ხომ არ გაგვესინჯაო" - მოსწავლის საჯარო პროტესტი ნარკოტიკს, რომელმაც ბევრი აალაპარაკა [VIDEO] )
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს მნახველების უმრავლესობამ მოსწავლის პოზიციას დაუჭირა მხარი, აღმოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც არგუმენტირებულად ასაბუთებდნენ ნაწარმოების მიმართ გამოხატული პროტესტის აბსურდულობას. ერთ-ერთი ასეთი კი თავად მასწავლებელია, სოფელ სადახლოს სკოლიდან, ნათია მანია, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე მკაცრად გააკრიტიკა ვიდეოს ავტორი:
"დღეს ვარ განადგურებული. არ ვაჭარბებ.
მთელი დღეა, აზიარებენ რაღაც ვიდეოს, პატარა ბავშვის გადაღებულს, სადაც ის მიმართავს განათლების სამინისტროს, შატაიძის "მოგზაურობა აფრიკაში" ამოიღეთ პროგრამიდან, მე ამას არ ვისწავლიო.
მიზეზი?
ამ მოთხრობაში პატარა ბიჭი ჰყვება თავის და თავისი მეგობრების ნარკოტიკულ თრობაზე.ეს არის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც გადაიღეს "გაღმა ნაპირზე". ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე მოთხრობა მოზარდებისთვის. რომელიც მართლა ზემოქმედებს ადამიანებზე, ატირებს, აფიქრებს მათ, თანაგრძნობის უნარს უყალიბებს.
ვიდეოს გადამღებმა ბავშვმა: მე ამას ვაპროტესტებ და არ ვისწავლიო, თუნდაც პრობლემები შემექმნას სკოლაშიო, მაინცო. ჩემს თაობას ეს არ სჭირდებაო...
"პატარა ბავშვის ნათქვამს აზიარებენ ბიძიები და დეიდები და უხარიათ: ეს რა ნათელი თაობა მოდისო"!ვაი ჩვენს პატრონს!
ნათელი არაა თაობა, რომელსაც პერსონაჟის საშიში ან უარყოფითი ქცევის გაანალიზება არ შეუძლია და არც შესაბამისი დასკვნის გაკეთება...ნათელი არაა თაობა, რომელიც ვერ ხვდება, რომ თუ ვარსქენი შუშანიკს ასტამს ურტყამს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების სამინისტრო ქმრებს ცოლებზე ძალადობას ასწავლის. ნათელი არაა თაობა, რომელიც ვერ ხვდება, რომ თუ ნესტან-დარეჯანი ტარიელს საქმროს აკვლევინებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების სამინისტრო შეყვარებულ გოგონებს საქმროს მკვლელობას ასწავლის. ნათელი არაა თაობა, რომელიც ვერ ხვდება, რომ თუ მუცალს კლავს ალუდა და მერე მას მკლავს აჭრიან, ეს არ ნისნავს იმას, რომ განათლების სამინისტრო მტრებისთვის მკლავის მოჭრას გვასწავლის. ნათელი არაა თაობა, რომელიც ვერ ხვდება, რომ როცა პერსონაჟი კაიფში გაპარულ მეგობარს იხსენებს და ბოლოს თავადაც წებოს შესუნთქვისას კვდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ განათლების სამინისტრო წებოს შესუნთქვისკენ მოგვიწოდებს...
ხალხნო, რომეოსა და ჯულიეტას რომ ვუყურებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მიჯნურებს თავი უნდა მოვაკვლევინოთ;
აბესალომ და ეთერის რომ ვუყურებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საყვარელი ქალი მოვაჯადოოთ და ქმარს შევაძულოთ; ოიდიპოსს რომ ვუყურებთ,ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამები უნდა დავხოცოთ და დედები ცოლად შევირთოთ;დოსტოევსკის რომ ვკითხულობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფულის საშოვნელად მოხუცი ქალები უნდა დავხოცოთ... პირიქით, პირიქითაა სუ ყველაფერი, პირიქითაა...
...და ეს რომ გაქვს სამტკიცებელი, იმ ქვეყანაში ნათელი თაობა მოდის კი არა, მაგრად ბნელა. ახალ თაობაშიც და ძველ თაობაშიც. სამწუხაროდ!"- წერს მასწავლებელი