ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება
ახალი სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტი" საქართველოს 9 ქალაქში იწყება
საქართველოში პირველად, მე-2-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ და სოციალურად დაუცველ არასრულწლოვნებს, საშუალება ექნებათ ახალ, ინოვაციურ ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზაცია „სვიფტი“ 9 ქალაქში გამართავს.

ახალი სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც მოსწავლეების მხარდაჭერას, განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება, ქართულ და ინგლისურ ენებში, ასევე მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში ჩატარდება.

"დღემდე, არცერთ კერძო ორგანიზაციას სამოქალაქო განათლებაში ასეთი ოლიმპიადა არ ჩაუტარებია. ჩვენ მისი ორგანიზება დღეს მოზარდებში არსებული სამწუხარო ტენდენციის გამო გადავწყვიტეთ, რათა ბავშვებში მოქალაქეობრივი როლის, ტოლერანტობისა და სხვა საკითხების ცოდნა გავაღრმავოთ,"
- განმარტა სასკოლო ოლიმპიადის დამფუძნებელმა.

ახალი სასკოლო ოლიმპიადა ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეების სამომავლო გეგმებისთვისაც, რადგან მოსწავლეები ტესტირებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებულ საგნებში გაივლიან, რაც მათ მიღებული ცოდნის გადამოწმების საშუალებას მისცემს.


ოლიმპიადა ორი ტურის სახით ჩატარდება. პირველ უფასო ტურში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, მეორე ტურში გადასულებს შორის კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც საჩუქრად საქართველოს რომელიმე რეგიონში საზაფხულო შემეცნებით ბანაკში დასვენებას მიიღებენ, რაც მათ სოციალიზაციაში, დამატებითი უნარების განვითარებასა და ახალი ინტერესების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.


"სვიფტის" დამფუძნებელი, ირაკლი ვეფხვაძე განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ თითოეულ საგანსა და საფეხურზე ოლიმპიადას 5-5 გამარჯვებული ეყოლება.

"მაგალითად, მეორე კლასში კონკრეტულ საგანში 5 გამარჯვებული გვეყოლება, მომდევნო კლასებშიც შესაბამისად ასე მოხდება, მხოლოდ სამოქალაქო განათლებაში გვეყოლება
20 გამარჯვებული, რადგან აღნიშნული საგანი მე-9-მე-12 კლასებში ისწავლება, ყველა გამარჯვებულს კი დიპლომები გადაეცემათ და საზაფხულო ბანაკში ერთად დაისვენებენ", - დასძენს ირაკლი ვეფხვაძე.

"სვიფტი" არამხოლოდ სკოლის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე, არამედ მათ პედაგოგებზეც ზრუნავს. კერძოდ, მოსწავლეები, რომლებიც გაიმარჯვებენ, ამით თავიანთ მასწავლებლებს ერთგვარ საჩუქარს გაუკეთებენ. კერძოდ, ბავშვების წარმატებაში პედაგოგების წვლილის დასაფასებლად და მათი მოტივაციის ასამაღლებლად "სვიფტმა" სპეციალურ ბანაკებს გაუწია ორგანიზება, სადაც მათ თავიანთი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებისა და დამატებითი შემეცნებითი აქტივობების განხორციელების საშუალება ექნებათ.

"ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვფიქრობთ, რომ მოსწავლეთა განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია პედაგოგის როლი, ამიტომ მოსწავლეთა აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში "სვიფტი" მათი აქტიური მხარდამჭერი ყოველთვის იქნება," - განმარტავს ირაკლი ვეფხვაძე.
mshoblebi
ოლიმპიადის დამფუძნებლები ცდილობენ, "სვიფტი" ყველა ბავშვზე ორიენტირებული იყოს და ცოდნის გამოვლენის საშუალება ყველას მისცეს, სწორედ ამიტომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებით, ორგანიზაციამ პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს სასკოლო ოლიმპიადის პროექტი გააცნო. ირაკლი ვეფხვაძის თქმით, პრეზენტაციას არასრუწლოვანი მსჯავრდებულებისგან შესაბამისი რეაქცია მოყვა. დაინტერესება საკმაოდ დიდია და აპირებენ, ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთონ, - "ჩვენ მათ გამომცემლობასთან "წიგნები ბათუმში" ერთად, მხატვრული ლიტერატურა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურები გადავეცით და მათგან დიდი ინტერესი მივიღეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა," - აღნიშნავს "სვიფტის" დამფუძნებელი.
ოლიმპიადა ასევე ხელმისაწვდომი იქნება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, რადგან ფინალური ტურის საფასურის გადახდის დროს ისინი სპეციალურად მათთვის შექმნილი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

"სვიფტი" პირველ ოლიმპიადას თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, სამტრედიაში, ბათუმსა და ზუგდიდში დედის დღეს, 3 მარტს გამართავს, შესაბამისად, დედებს, რომლებიც შვილებს მხარდასაჭერად გაჰყვებიან, ორგანიზაციისგან სპეციალური სურპრიზი ელოდებათ.

ირაკლი ვეფხვაძის თქმით, სასკოლო ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესი მოსწავლეებზე მაქსიმალურად მორგებული რომ იყოს, მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციაც ძალიან გამარტივდა. კერძოდ, მოსწავლეს შეუძლია, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ოლიმპიადა სვიფტს" დაუკავშირდეს ან Swift.com.ge-ზე გაიაროს რეგისტრაცია.

1405
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები