მომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო - შალვა ამონაშვილის უცნობი ცხოვრება
მომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო - შალვა ამონაშვილის უცნობი ცხოვრება
შალვა ამონაშვილი ცნობილი პედაგოგი და მეცნიერია, რომელსაც დიდ პატივს სცემენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მის ნააზრევს ბევრი ითვალისწინებს და იყენებს, საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს და მისი ჰუმანური პედაგოგიკის თეორიები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჟღერდა პროგრესულად. მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ რუსული პრესა ხშირად წერს. ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვრცელი სტატიის ამონარიდებია, რუსული პრესიდან:


"შალვა ამონაშვილი 1931 წელს კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ბუშეტში
დაიბადა.

ქართულ ოჯახში ბიჭს ზრდიდნენ დამცველად, მეოჯახედ, ადამიანად. კაცის სიტყვა და საქმე ერთი უნდა ყოფილიყო, რისი შეთვისებაც დედის რძესთან ერთად ხდებოდა. როდესაც შალვას 4 წელი შეუსრულდა, მშობლები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. ყოველ ზაფხულს სიხარულით მიდიოდა ბებია-პაპასთან სოფელში, სადაც სწავლობდა ზრუნვას, სიკეთესა და სიბრძნეს.

ბებია მაშოსთან
მშობლიურ ადგილებს არასოდეს ივიწყებდა და მრავალი წლის შემდეგ, როდესაც მისი სახელი მსოფლიო მნიშვნელობის გახდა, აქ ხშირად ტარდებოდა სემინარები პედაგოგებისათვის, მრავალრიცხოვანი მოსწავლეებისა და თანამოაზრეებისათვის.
mshoblebi
გზა ჭეშმარიტი აღიარებისკენ
შალვას მამა თბილისის ტიპოგრაფიაში მუშაობდა, სადაც ხშირად მიჰყავდა თავისი შვილი. რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ მამის თანამშრომლები დაეხმარებიან მას წიგნების გამოცემაში. 1941 წელს ალექსანდრე ამონაშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც 1942 წელს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მისი საფლავი მრავალი წლის შემდეგ იპოვეს უკრაინის ძმათა სასაფლაოზე.

დედა - მარიაარასოდეს წასულა მეუღლის საფლავზე (მიუხედავად გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განაცხადის მიღებისა), რადგან ბოლო დღემდე ელოდა თავის ქმარს.

ომის დროს შალვა სწავლობდა ვაჟთა სკოლაში, სადაც მეფობდა სტალინის ეპოქის ყაზარმული სისტემა.
mshoblebi
მასწავლებლები ერთის მხრივ ზრუნავდნენ ბავშვებზე, ხოლო მეორეს მხრივ ომმა ისინი გახადა ძალიან მკაცრები, დაუნდობლები და მომთხოვნები. სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა ჩვენი გმირის შემდგომი პედაგოგიური შეხედულებების ფორმირებაზე. მან მტკიცედ გადაწყვიტა, სხვა გზით ევლო. როგორც ის აღნიშნავს, ვარვარა ვარდიაშვილი იყო პედაგოგი, რომლის წყალობითაც ის გავიდა საზოგადოებაში.

საყვარელი პედაგოგი - ვარვარა ვარდიაშვილი
მომავალი აკადემიკოსი მე-6 კლასამდე ოროსანი იყო. ერთხელ, როდესაც მასწავლებელმა ჩამოიარა მერხებს შორის, დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა შალვას: "ჩემი "ხუთიანები" წითლდებიან შენი "ორიანების" გვერდით". ამის შემდეგ შალვამ დაიწყო გულდასმით მეცადინეობა და ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა.
mshoblebi
იმ დროს მედალს სუფთა ოქროსგან ამზადებდნენ და მოგვიანებით მან მეუღლისთვის იმ ოქროთი სამაჯური დაამზადებინა.

ყველაზე დიდ სიძნელეს შალვას რუსული ენა უქმნიდა, რომელზეც მრავალი წლის შემდეგ წარმატებით დაწერა წიგნები. მაშინ კი რუსული ენის გამოცდა მითვის დიდ განსაცდელს წარმოადგენდა... 

სკოლის დამთავრების შემდეგ შალვამ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. მან პირველ რიგში მამას შეუსრულა ოცნება, რომელსაც სურდა თავის შვილს უმაღლესი განათლება მიეღო. თვითონ ვერც აცნობიერებდა, რომ მას ნამდვილად სჭირდებოდა სწავლა.

სიჭაბუკე
ბედმა გაიყვანა ის სწორ გზაზე: ოჯახს ძალიან უჭირდა ეკონომიურად, დედას მიზერული პენსია არ ჰყოფნიდათ. ამიტომ მეორე კურსის სტუდენტმა კომკავშირის რაიკომში სამსახური ითხოვა, სადაც მას სკოლის პიონერხელმძღვანელობა შესთავაზეს. პირველ რიგში ხელფასის ხათრით დათანხმდა შემოთავაზებულ სამსახურს - 24 მანეთის. იმდროისათვის ეს საკმარისი ხელფასი იყო.
mshoblebi
შალვას ძალიან შეუყვარდა მოსწავლეები და მაშინ მიხვდა, რომ სწორედ სკოლა იყო მისი მოწოდება. უნივერსიტეტიც ოქროს მედალზე დაამთავრა. 1960 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "შემეცნების პრინციპი და სწავლების აქტიურობა".

გავიდა წლები და როდესაც იგი დაკავდა პედაგოგიური ექსპერიმენტებით, მივიდა დასკვნამდე, რომ შეხედულებები, რაზეც დისერტაცია დაიცვა, სრულიად განსხვავებული იყო მისი იმჟამინდელი შეხედულებებისგან. ამიტომ უარი თქვა დისერტაციაზე. სამეცნიერო წოდება არ მოუხსნეს, უბრალოდ, თვითონ უარყო ის შეხედულებები, რაზეც დამყარებული იყო მისი პირველი ნაშრომი.

"იმ დროისათვის პედაგოგიკაში ვხედავდი არა სამეცნიერო საყრდენს, არამედ სულიერს", - წერს ბატონი შალვა.

პირველად იყო სიტყვა...
მისი ცხოვრების მანძილზე შეხედულებები ეცვლებოდა არა პედაგოგიური პრაქტიკის ზეგავლენით, არამედ იმ წიგნებითაც, რომლებსაც კითხულობდა.

"რაც უფრო ღრმად ვეცნობოდი კლასიკას, მით კარგად მესმოდა არა მხოლოდ ტექსტი, არამედ ტექსტებს შორის რაც იგულისხმებოდა - ისიც".
mshoblebi
ზოგიერთმა ციტატამ მისთვის გზამკვლევის როლი შეასრულა. მაგ: "ყველაზე მთავარი ბავშვისთვის არის ის, რომ იგი უყვარდეთ. მაგრამ სიყვარული უნდა იყოს ჭკვიანური, ისეთი, რომ მხოლოდ სიკეთე მოუტანოს ბავშვს..." (სუხომლინსკი).

"არც ერთ პედაგოგიკის სახელმძღვანელოში არ შეხვდებით სიტყვა "სიყვარულს", - ამბობს ამონაშვილი. - სიყვარული არ იზომება პროცენტებში, საზომი ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ".

თავის თეორიას პრაქტიკის საფუძველზე აშენებდა, რაც ნამდვილ ხელოვნებად აქცია.

"იცით, ქართულ ფსიქოლოგიას საფუძვლად უდევს იდეა: პირველად იყო სიტყვა". ხოლო რუსეთის ფსიქოლოგიას საფუძვლად უდევს ფორმულირება: "პირველად იყო საქმე"... სწორედ სიტყვა გახდა მისი პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი მამოძრავებელი. ეს იყო კეთილი, ბრძენი სიტყვა, რომელიც ერგო ბებიისგან, საყვარელი მასწავლებლის ვარვარა ვარდიაშვილისგან, სუხომლინსკისგან და ბიბლიისგან.

"ცოდნა ბავშვებამდე ღიმილით, ნდობით, იმედით უნდა მივიტანოთ. ვუთხრათ, რომ "შეძლებს", "დაეხმარები", მის გვერდით იქნებით".
mshoblebi
ნიშნების მაგივრად იყენებდა ჟესტებს: ხან თვალს ჩაუკრავდა, ხან ხელს ჩამოართმევდა, ხან ეტყოდა" პირდაპირ მაოცებ", " ყოჩაღ!".

ხან მშობელს მისწერდა წერილს, სადაც აღფრთოვანების სიტყვებს არ დაიშურებდა. მშობელი ამის შემდეგ სხვანაირად შეხედავდა თავის შვილს, დარწმუნდებოდა მის შესაძლებლობებში, არ უყვირებდა და არ დასჯიდა...

საშინაო დავალება, რომელიც ბავშვებისთვის დიდი დატვირთვასთან ასოცირდებოდა, შალვამ ნამდვილ სიურპრიზად გადააქცია. ყველაფერი ძალიან მარტივი იყო: ის კი არ აძლევდა ბავშვებს დავალებებს, არამედ ისინი თვითონ ირჩევდნენ იმ ამოცანებს, რომლებიც მათთვის საინტერესო იყო, რომელი ტექსტები იყო მათთვის საინტერესო წასაკითხი.


ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი: "თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მხოლოდ ათოსანი და დამჯერი"


კიდევ ერთი მეთოდის შესახებ გიამბობთ, რომელსაც ბატონმა შალვამ გაუწია რეკომენდაცია. ეს ეხება მესამე-მეცხრე კლასის მოსწავლეებს. მაგ: პროგრამით უნდა ისწავლონ რომელიმე ავტორის ლექსი ან მოთხრობა. მასწავლებელს უნდა, რომ გაზარდოს ბავშვების თვალსწიერი , მაგრამ ისე, რომ ინიციატივა მოდიოდეს მათგან და არა მასწავლებლისგან. პედაგოგი ეუბნება:" ბავშვებო, ეს ნაწარმოები სახელმძღვანელოში თქვენი დონის შესაბამისი არ არის, თქვენ მეტი შეგიძლიათ. მაგრამ რა ვქნა? პროგრამით ასეა გათვალისწინებული და აუცილებლად უნდა ისწავლოთ".

ბავშვები რჩევას ეკითხებოდნენ ბატონ შალვას, რა ექნათ, ესწავლათ- თუ არა... ბოლოს იღებდნენ გადაწყვეტილებას: "ამას ვისწავლით თქვენთვის. დამატებით კი მოვძებნით ლექსებს". ასე იძიებდნენ და აწებებდნენ სახელმძღვანელოში ტიუჩევის, ფეტას, პუშკინისა და მაიაკოვსკის ლექსებს.

ასევე ხდებოდა მათემატიკაში- იგონებდნენ თავიანთ ამოცანებს და აკრავდნენ წიგნებში.
mshoblebi
კიდევ ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიახლე მის პრაქტიკაში: წითელი კალამი შეცვალა მწვანე კალმით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის მიერ გასწორებული რვეული გადაშალა და იმდენი წითელი ხაზი დაინახა, რომ ტირილი დაიწყო.

"წითელი მელანი აკრძალვის ნიშანია, ხომ ასეა? - მსჯელობს ბატონი შალვა, - მასწავლებელი ბავშვის ნამუშევარში შეცდომებს ასწორებს წითელი მელნით, რაც მეტია წითელი ხაზები, მით უარესი მოსწავლისათვის. საბოლოო შედეგი ისაა, რომ მას აღარ სურს რვეულში ჩახედვა. შემდეგ იწყება შეცდომების გასწორება. დღემდე ასე გრძელდება საზიზღარი პროცესი სკოლებში. მასწავლებელი ყვირის: "რამდენჯერ უნდა აგიხსნათ ერთი და იგივე?!" ისევ შეცდომა, შეცდომა და შეცდომა... ეს პედაგოგიური პროცესის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია".

მან თავის პრაქტიკაში შემოიღო მწვანეკალამი. ამ ფერით ის აღნიშნავდა იმას, რაც მოსწონდა დავალებაში. ბავშვებს უხაროდათ, როდესაც შლიდნენ თავიანთ რვეულებს. შეცდომებისგან ადგენდა სავარჯიშოებს, რომლებსაც მთელი კლასი ერთად ასწორებდა. ან ბავშვებს ასწორებინებდა მის მიერ სპეციალურად დაშვებულ შეცდომებს.

"შესანიშნავი შედეგები მქონდა, - თავმდაბლობით აღნიშნავს ჩვენი ნარკვევის გმირი. - ბავშვებმა გამიხსნეს გზა მეცნიერებისკენ".
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
4762
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?