სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობასა და ფოტოსურათს, როგორც mshoblebi.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. რაც შეეხება ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას, განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის ადმინისტრაცია ფორმა 100 მიტანასა და აცრის შემდგომ დამადასტურებელი ცნობის წარდგენას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფარგლებში ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 2018 წლის 10 აპრილის დაიწყო და 27 აპრილს დასრულდა. დარეგისტრირდნენ ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018 წლის 8 მაისიდან დაიწყო 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.III ეტაპი პირველკლასელთა რეგისტრაციის 2018 წლის 2 ივლისიდან დაიწყება და 16 ივლისის დასრულდება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა - 2018 წლის 10 აპრილიდან - 16 ივლისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.