ის, რაც ყველა ოჯახს სურს 21-22-23 სექტემბერს კახეთში, სოფელ ბუშეტში, ამონაშვილების კარ-მიდამომ ოჯახურ სემინარს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ეს პირველი შეხვედრა იყო ქართველ მშობლებთან და მათ შვილებთან. სემინარს უძღვებოდნენ აკადემიკოსი, ფსიქოლოგი, პედაგოგი შალვა ამონაშვილი, რომელმაც შექმნა ჰუმანური პედაგოგიკა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პაატა ამონაშვილი, მწერალი და მსოფლიოში 100-ობით სკოლის პროგრამების შემქმნელი.
ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები სპეციალურად იყო შემუშავებული მშობლებისთვის, იმის გასაგებად, თუ როგორ ვიცხოვროთ ჰარმონიულად ოჯახში, უფრო მარტივად გავუგოთ ჩვენს შვილებს და მათთან ურთიერთობა გავხადოთ ორივე მხარისთვის საინტერესო. სანამ მშობლები ლექციებს ისმენდნენ, მათი შვილები არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავ მოგზაურობაში იყვნენ. იყო ბევრი თბილი სიტყვა, მშობლების თუ შვილების სიხარულის ცრემლები... ყველაზე უკეთ ამ შთაბეჭდილებებზე სემინარის მონაწილეები ჰყვებიან:
"ვისურვებდი, ის დიდი განძი, რომელსაც შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკა ჰქვია და რომელსაც საქართველო ფლობს, სრულფასოვნად გამოიყენოს ამ ქვეყანამ და ქართველ მშობლებს და განსაკუთრებით - მასწავლებლებს ჰქონდეთ რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა ამ ადამიანებთან, მათ მეთოდებთან, მათ გამოცდილებასთან - ეს ერთ-ერთი გზაა ჩვენი საკმაოდ წელში მოხრილი განათლების სისტემის გონს მოსასვლელად და თაობების ჯანსაღად აღსაზრდელად...
ეს დღეები იყო უბედნიერესი ჩვენთვის, თითოეული ოჯახისთვის. ასე კარგად დაგეგმილი ლექცია-სემინარები, ინფრაქსტრუქტურა, ბავშვების პროგრამა - საოცარი, შემეცნებით-გასართობ-გამოსადეგ აქტივობებით, ეს იყო უმაღლესი კლასი და ალბათ უპრეცედენტო მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ოჯახური დასვენება... მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით კი ორგნიზატორებს - ამონაშვილების საოცარ ოჯახს, ბავშვების მასწავლებლებს და თინეიჯერების ლიდერებს, ყველას, ვინც იზრუნა, რომ ეს საოცარი დღეები შეექმნა და ეჩუქებინა ჩვენთვის. ღმერთმა ქნას, ხშირად მოგეცეთ ამის შესაძლებლობა და კიდევ მეტ და მეტ მშობელსა თუ მასწავლებელს დაეხმაროთ იმ დიდ და რთულ გზაზე სიარულში, რასაც 21-ე საუკუნის მშობლობა და მასწავლებლობა ჰქვია".
ლელა ზურებიანი
"მე ამ ოქროს შაბათ-კვირას ბუშეტში, პირადად ჩემთვის, დავარქმევდი აღზრდის საკითხებში თვალის ახელის, შეცდომების დანახვის და ათჯერ უკეთესად გახდომის დღეებს და წუთებს. ის ბედნიერი საათები, რაც ჩვენმა შვილებმა თქვენთან გაატარეს, მათ უფრო ძლიერს, უკეთესს და ბედნიერს გახდის. ამონაშვილის კარმიდამოში სიყვარულით და სიკეთით გაჟღენთილი ჰაერი სასწაულებრივად მოქმედებს ყველაზე. ვთვლი, რომ შალვა ამონაშვილის ხედვა და მეთოდები სავალდებულო გასავლელი უნდა იყოს ყველა მასწავლებლისთვის და სასურველია ბევრი ჩვენგანისთვისაც, მშობლებისთვის. თუ ჯანსაღი მომავალი თაობა გვინდა".
ქეთი ტომარაძე
"ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები ხდება. ადგილი, სადაც ყველა სიყვარულის თვალებით გიყურებს... მადლობა ამ უმაგრესი დღეებისთვის".
შალვა მინდაძე
"კახეთი, ბუშეტი. მასპინძელი და მომხსენებელი - შალვა ამონაშვილი.
თემა: პოზიტიური აღზრდა
...თუ რაიმე კარგის გაკეთება გინდათ თქვენი თავისთვის, აქ უნდა ჩამოხვიდეთ".
ნანიკო ხაზარაძე
"მადლობა, რომ საშუალება მოგვეცით ოჯახს ჩართულები ვყოფილიყავით ბავშვის აღზრდის და სიყვარულის თემაში. მთელი ორი დღე, დახუნძლული იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით ბატონ ამონაშვილებთან. ასე ორგანიზებულად მოწყობილი და დაგეგმილი 2 დღისთვის მადლობა, სადაც ოჯახის თითოეული წევრი ერთად და ცალ-ცალკე, გააზრებულად თუ ქვეცნობიერად, ავტომატურად ჩართული იყო ოჯახური ურთიერთობების, საკუთარი თავის დაკვირვების და გაანალიზების პროცესში. ოჯახს იქვე შესაძლებლობა ეძლევა მყუდრო, მშვიდ, სუფთა გარემოში გადააფასოს თავისი ურთიერთობები და დაინახოს რა ეშლებოდა, რას აკეთებდა სწორად და იქვე იმოქმედოს. თან წამოვიღეთ ბევრი საჭირო ინფორმაცია, რომელიც ინფორმაციად არ უდნა დარჩეს. მეც და ჩემი მეუღლეც ბევრ რამეს სხვანაირად დავუკვირდით და მეორე დღიდანვე შევუდექით ჩვენი შეცდომების გამოსწორებას და არა შვილების შეცვლას და "გამოსწორებას"!"
მაია შერვაშიძე
"ეს კაცი არის გენიოსი. ქვეყანას, რომელსაც შალვა ამონაშვილი ყავს, განათლების სისტემა საათივით უნდა ჰქონდეს აწყობილი.
ბავშვებს სკოლაში სიარული და სწავლა უნდა უხაროდეთ. პედაგოგის პროფესია პოპულარული უნდა იყოს და მშობლებმა უნდა იცოდნენ შვილების სწორად აღზრდა.
აჩვენეთ ეს კაცი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება".
თიკა წერეთელი