თანამედროვე მშობლებისთვის დიდი გამოწვევაა, შეაყვარონ შვილებს წიგნების კითხვა და ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ ბავშვები კომპიუტერებზე. ყველასთვის ნაცნობი პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი მითითების თუ რეკომენდაციის გაზიარება შეგვიძლია, თუმცა არსებობს სხვადასხვა კონკურსი, სადაც ბავშვები სწორედ კითხვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
მაგალითად, 186-ე სკოლის მოსწავლე 8 წლის მარიამ ცეცხლაძემ საერთაშორისო პროექტ Get Caught Reading-ში გაიმარჯვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მკითხველმა.
ლანა ნაზარიშვილი, მარიამის დედა:
- ამ საერთაშორისო პროექტის მიზანია ბავშვებში კითხვის პოპულარიზაცია და წიგნებით დაინტერესება. ბავშვი ინგლისურად მისი ასაკისა და ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა კითხულობდეს წიგნებს. უნდა წარმოადგინოს მოკლე ვიდეო-მიმოხილვა ინგლისურ ენაზე ერთი რომელიმე წიგნის. კონკურსანტებს აფასებს კომპეტენტური ჟიური ამერიკიდან და საქართველოდან.
8 წლის გოგონა, რომელიც წარმატებული წიგნის კითხვით გახდა
პროექტის შესახებ ფეისბუქის საშუალებით შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა. ზაფხულში წაიკითხა ამერიკულ საბავშო კლასიკად აღიარებული წიგნი "Charlotte’s Web” . წიგნი არის მისი ასაკის გოგონაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები. მოთხრობა არის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდნენ საუკეთესო მეგობრები, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო არსებები და თავი არ დაზოგონ ერთმანეთის დასახმარებლად.
- გქონდათ მოლოდინი გამარჯვების?
- მარიამი მუდმივად ნახულობდა სხვა მონაწილეების ვიდეოებს და ბევრი ღირსეული კონკურენტიც ჰყავდა. ზოგადად, ძალიან თავმდაბალი ბავშვია, თუმცა გამრჯვების მოლოდინი ალბათ მაინც ჰქონდა. დაჯილდოების ცერემონიაზე მის გვარი რომ გამოაცხადეს ძალიან გაუხარდა.
- ისე ბევრს კითხულობს?
- კითხვა ძალიან უყვარს. ბოლო დროს წესად გავიხადეთ, დაძინებამდე კითხვა. ახლა ანე-კატერინე ვესტლის "დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანას" კითხულობს.
- გარდა კითხვისა, კიდევ რით არის დაინტერესებული?
- ძალიან უყვარს ხატვა და კრაფტი. ყველაფერი ის, რაც ფანტაზიასა და ხელნაკეთობასთან არის კავშირში. ახლა თავისი დიდი სურვილით, ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობს, ასევე დაინტერესებულია ტანვარჯიშით.
რუსკა კილასონია