"გაკვეთილებზე მობილურ ტელეფონსაც ვიყენებ, ბავშვები რომ დავაინტერესო" - რა მეთოდებით ასწავლის წლის საუკეთესო მასწავლებელი
"გაკვეთილებზე მობილურ ტელეფონსაც ვიყენებ, ბავშვები რომ დავაინტერესო" - რა მეთოდებით ასწავლის წლის საუკეთესო მასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქალაქ ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და რუსული ენის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე გახდა. გამარჯვებულს საჩუქრად ათი ათასი ლარი გადაეცემა. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (The Global Teacher Prize) ცერემონიაში, რომელიც ყოველ წელს იმართება.

იმის გასარკვევად თუ რა მეთოდებს იყენებს სწავლის პროცესში და როგორი უნდა იყოს მოსწავლისთვის საინტერესო გაკვეთილი, mshoblebi.ge წლის საუკეთესო მასწავლებელს დაუკავშირდა:

- სკოლაში ასწავლით ინგლისურსა და რუსულს. უცხო ენების სწავლებით რომ მასწავლებელმა თავი გამოიჩინოს, არ არის მარტივი, როგორ შეძელით ეს?


- 30 წელზე მეტია
პედაგოგად ვმუშაობ. ინგლისურს ვასწავლი დიდი ხანია. რუსული ენის სწავლება დავიწყე დაახლოებით ორი წლის წინ. თუ რატომ გამომარჩიეს, ეს არის ალბათ ჩემი მოსწავლეების დამსახურება. ჩემი ყოფილი მოსწვლეებიდან 12 გახდა ინგლისური ენის მასწავლებელი. გარდა ამისა ძალიან ბევრმა გააგრძელა სწავლა უცხო ენებზე და დღეს წარმატებულები არიან სხვადასხვა სფეროში, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე გახდა ჰარვარდის კურსდამთავრებული. დაჯილდოებაზე ყველა მასწავლებელი რომ გამოაცხადეს და მათი დამსახურებები აღნიშნეს, ვფიქრობდი, ნუთუ უცხო ენების სწავლებას არავინ აღიარებს-თქო, რა ვიცოდი, თურმე ამხელა ჯილდო მელოდა.

- სად დაეუფლეთ პროფესიას და როდის დაიწყეთ ბაღდათის სკოლაში მუშაობა?

- ქუთაისში დავამთავრე რუსული სკოლა. შემდეგ რუსეთში,
პიატიგორსკის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა. მეხუთე კლასიდან შემიყვარდა ინგლისური ენა. თუმცა ჩემი მასწავლებელი მაინცდამაინც არ მწყალობდა, არ აფასებდა ჩემს მონდომებას. ძალიან მიყვარდა ენები, ყველაზე კარგად ვსწავლობდი. რომ ჩავაბარე სასწავლებელში, მერე მირეკავდა და აზრს მეკითხებოდა ყოფილი მასწავლებელი. კარგი იქნებოდა, თავის დროზე გამოეჩინა ჩემ მიმართ ინტერესი. რუსეთში ვმუშაობდი ერთი წელი, მაშინ დიპლომს არ იძლეოდნენ, სანამ სამწლიან პერაქტიკას არ გაივლიდი. გამიმართლა, სადაც გამანაწილეს, იმ სოფელში ერთწლიანი სადეკრეტო შვებულებით იყო წასული მასწავლებელი და მის ნაცვალად უნდა მემუშავა. თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც მეხმიანებიან ჩემი იქაური მოსწავლეები. თავად მომძებნეს.

- წარმოშობით საიდან ხართ?

- წარმოშობით ვარ ქუთაისელი. გავთხოვდი სოფელ ზედა დიმში, რომელიც ძალიან ახლოს არის ბაღდათის ცენტრთან. დაოჯახების შემდეგ,
ვიმუშავე  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში. 90-იან წლებში და მერეც,   სკოლამდე მისასვლელ 4 კილომეტრიან გზას ფეხით გავდიოდი.  ამჟამად კი სკოლის მარშუტი გვემსახურება.


- რა მეთოდებით ხელმძღვანელობთ?


- ჩვენ გარშემო ყველაფერი იცვლება. მე რომ ინსტიტუტი დავამთავრე,  ის სასწავლებელი მთელ საბჭოთა კავშირში მეორე იყო პრესტიჟულობით, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ საუბარი, ლაპარაკი არ შემეძლო. წერა, კითხვა, თარგმანი, ეს რა თქმა უნდა, არ იყო რთული. თუმცა, როცა უცხო ენაზე კომუნიკაციის პრობლემას წავაწყდი, მე თვითონ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, სარკის წინ ლაპარაკი, მერე მოხდა ისე, რომ ქუთაისში ჩამოვიდნენ ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალიტები. მათ ჩაგვიტარეს ტრენინგები. ამ დროს გაგვაცნეს, როგორ ასწავლიდნენ თავად.
ჩემი მოსწავლეები მიჩვეულნი არიან ჩემგან სიახლებს და მეკითხებიან კიდეც, დღეს რას გავაკეთებთ მასწავლებელო? კრეატიული ადამიანი ვარ და შემიძლია, უცებ მოვიფიქრო ისეთი აქტივობა, რომელიც ბავშვებს დააინტერესებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვი იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში და არ მყავდეს პასიური მსმენელი. ვუხატავ ბავშვებს, ვიყენებ მობილურ ტელეფონებსაც გაკვეთილზე, განსაკუთრებით შემაჯამებელი გაკვეთილების დროს. არსებობს სპეციალური სატელეფონო აპლიკაციები ქვიზების, ტესტების სახით. ეს ერთ-ერთ ტრენინგზე ვისწავლე ამერიკელებთან რომ ვიყავით და გამოვიყენე, როცა რუსულის სწავლება დავიწყე.
იხილეთ ვიდეო, რა მეთოდებს იყენებს სწავლებისას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ასწავლონ შვილებს უცხო ენა. რა ასაკიდან შეიძლება ორ უცხო ენას ერთდროულად დაეუფლოს ბავშვი?


- პირადად მე, ბაღშიც რუსულად ვსწავლობდი, სკოლაში რომ შევედი, მესამე კლასიდან დავიწყე ქართული ენის შესწავლა. თუ ხედავ, რომ ბავშვს აქვს ენების შესწავლისკენ მიდრეკილება და ადვილად ითვისებს, აუცილებლად უნდა ასწავლო პატარა ასაკიდანვე. არ არის აუცილებელი, თავიდანვე წერა-კითხვის დაუფლება.

- პასიური მოსწავლეებისთვის რა მეთოდები გაქვთ?

- არ არსებობს კლასი, სადაც არ შეხვდები პასიურ მოსწავლეებს. ამიტომ საჭიროა ვიპოვოთ მათი ინტერესის სფერო, პირადად ჩემს მაგალითს გეტყვით. სკოლის მოსწავლეებს გარდა სკოლაში სიარულისა, კიდევ აქვთ სხვა ინტერესები, აქვთ ჰობი. ერთი მოსწავლე მყავდა, მეთერთმეტეკლასელი.  არ უნდოდა ინგლისურის სწავლა, შევედი მის ფეისბუქზე, გადავხედე, რა აინტერესებდა, დავეკითხე მის მეგობრებს, გავიგე, რომ აინტერესებს როკ-მუსიკა. მაშინვე ავიღე ოზი ოზბორნის სიმღერა "Dreamer", დავამუშავე, ცალკე ამოვიღე სიტყვები, რომ მესწავლებინა. ისე მოეწონა ეს ყველაფერი, რომ მას მერე სულ იყო აქტივობებში ჩართული, როცა დაინახა, როგორ მოვინდომე მისთვის, მანაც აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მონდომება დამიფასა.  ჩემი მიზანია, უმთავრესად ბავშვებს ვასწავლო საკომუნიკაციო ინგლისური. ცხადია, ჩემი ყველა მოსწავლე ერთნაირად ვერ სწავლობს, თუმცა ვცდილობ, რომ თითოეული მათგანი იყოს საგაკვეთილო პროცესში ჩართული. გარდა იმისა რომ მასწავლებელი ვარ, ასევე ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ვხელმძღვანელობ. ცენტრის მუშაობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი გავაკეთეთ ბავშვების დახმარებით.

- რა ურჩევთ კოლეგებს, იმისათვის, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო და პროდუქტიული?

- ყველა მასწავლებელს ვურჩევ, რომ თავიანთი მოსწავლეები კარგად შეისწავლონ. როცა გეცოდინება შენს მოსწავლეს რა აინტერესებს, მერე გაგიადვილდება სწორად დაგეგმო გაკვეთილი. არ უნდა დაგეზაროს, უნდა ეცადო შეაყვარო საგანი, კლასში საქმიანი ხმაური მისაღებია, გაკვეთილი უნდა იყოს სახალისო.

- ბევრი მშობელი ორიენტირებულია ნიშანზე...


- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მშობელი უშვებს ამ შეცდომას - ნიშანი უფრო აინტერესებს, ვიდრე ცოდნა. ნიშანს რა მნიშვნელობა აქვს, კარგი, ნიშანს მოვუმატებ, ცოდნა ხომ უნდა მიიღოს ბავშვმა. არ უნდა აამხედრონ ბავშვები ერთმანეთის წინააღმდეგ ნიშნის გამო. პირიქით, უნდა უთხრა, ის რომ კარგად სწავლობს, შენც ისწავლე, ერთად მოვინდომოთ, იმეგობრე მასთან, რომ შენც მოგეხმაროს. გადაწერა კატეგორიულად დაუშვებელია ჩემთვის. მე ყოველთვის ცალკე ვსვამ ბავშვებს, მაინტერესებს შედეგი, თუ რა შეითვისა ბავშვმა იქიდან, რაც ვასწავლე. მეგობარს რომ გადააწერინებ, არ არის ვაჟაკაცობა, ამით თანატოლს ვერ შველი. უმჯობესია, ასწავლო, აუხსნა, ის ასე უკეთ იწავლის, ვიდრე დათვური სამსახური გაუწიო. მერე წუწუნებენ, იმას დავეხმარე, მე თვითონ ამიტომ ვერ მოვასწარი კარგად დამეწერა ტესტიო. ის თუ შენი მეგობარია, ხელს არ შეგიშლის წერისას.

- გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდებოდით?


- ნამდვილად არ მქონია გამარჯვების მოლოდინი. როცა მონაწილეობისათვის აპლიკაცია შევავსე და გადავხედე, რამდენი რამე გამიკეთებია მოსწავლეებისთვის, ვიფიქრე, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ხუთეულშიც არ ველოდებოდი ჩემს თავს. თავმდაბალი ადამიანი ვარ, მიყვარს სხვისი ნიჭის დაფასება, ჩემ გვერდით ისეთი კარგი მასწავლებლები იდგნენ, არ მეგონა, თუ მქონდა შანსი გამარჯვების.

- როგორ შეხვდნენ თქვენი გამარჯვების ფაქტს ახლობლები და მოსწავლეები?

- ენით ვერ გადმოვცემ ემოციებს. იმდენი ადამიანი მირეკავდა, ტელეფონი გამიფუჭდა. ბაღდათის ცენტრში ჩემი მოსწავლეები ბუშტებით ხელში დამხვდნენ.
ნახეთ ვიდეო, როგორ დახვდნენ მანანა კაპეტივაძეს მოსწავლეები


- რას გეგმავთ მოგებული თანხით?


- ჩვენთან ბაღდათში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ელქსელებში მუშაობდა. ამ უბედური შემთხვევის შედეგად დარჩა ორი ობოლი გოგონა და მინდა, რომ ამ ბავშვებს დავეხმარო. გარადაცვლილი ჩემი სტუდენტი იყო, რომელსაც ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში ვასწავლიდი.


რუსკა კილასონია



4505
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მზია
0
გილოცავთ! მიხარია, ასეთი კარგი მასწავლებლები რომ გვყავს.
21:47 / 10-10-2018
nana
0
თვალზე ცრემლი მომადგა... ასეთი ღირსეული მასწავლებლები ზრდიან ღირსეულ თაობებს! მთელი ცხოვრების მანძილზე,რომ არ გავიწყდება და ყურში ჩაგესმის შენთვის მნიშნელოვანი მასწავლებლის ფასეული დარიგებანი. მისი სითბო და სიკეთე,რაც ასე გადამდებია!
10:47 / 10-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?