სიახლეს, რომ 2020 წლიდან საატესტატო გამოცდები უქმდება მე-11 და მე-12 კლასებში, საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. მშობლების ნაწილს გაუხარდა, ნაწილი ბევრ პრობლემას ხედავს ამაში. ასევე სხვადასხვა პოზიცია აქვთ მასწავლებლებს. ჩვენ რამდენიმე მათგანს ვკითხეთ აზრი ამ თემასთან დაკავშირებით.
ინგა სიჭინავა, მშობელი:
- ძალიან გამახარა ამ ამბავმა. ჩემი ბიჭი მე-11 კლასშია და, როგორც მისი კლასელების უმეტესობას, ეზარება სკოლაში სიარული და სწავლა. მით უმეტეს, საბუნებისმეტყველო საგნები უფრო უჭირს. სკოლიდან გამოყვანას და პროფესიულ სასწავლებელში შეყვანას ვგეგმავდით, რადგან ვფიქრობდით, რომ გამოსაშვებ გამოცდებს ვერ ჩააბარებდა და ატესტატის გარეშე დარჩებოდა. არც იმდენი საშუალება გვაქვს ოჯახს, ოთხ საგანში მოგვემზადებინა. ვფიქრობ, გაგვიმართლა. დიდი იმედი მაქვს, ატესტატის გარეშე აღარ დარჩება და როგორმე გზას გაიკვლევს ცხოვრებაში.
ნათია გელაშვილი, მშობელი:
- რა თქმა უნდა, გამიხარდა ეს სიახლე. დარწმუნებული ვარ, გამოსაშვები გამოცდები არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ბავშვების ცოდნა ამაღლდებოდა. მთელი წელი სასწავლო პროცესი მიმართული და ორიენტირებულია გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებაზე და არა, რეალურად სწავლის მიღებაზე. ვფიქრობ, უნდა გაუმჯობესდეს სწავლის ხარისხიც და იძულების ნაცვლად, ბავშვებმა ხალისით უნდა ისწავლონ.
ნანა ნადიბაიძე, პედაგოგი:
- მედალს ორი მხარე აქვს. ზოგადად ბავშვები ძალიან გადატვირთულები არიან გამოცდების რაოდენობით, მაგრამ გამოცდების არქონის პირობებში ისინი უფრო გაზარმაცდებიან. თუ თავიანთი ცოდნის გამოცდის საშუალება არ ექნებათ, დაეკარგებათ მოტივაცია, გახდებიან ინერტულები. როცა გამოცდების მოლოდინი აქვთ და იციან, რომ ამ გამოცდების შედეგზეა დამოკიდებული მთი მომავალი, უფრო მობილიზებულები და მოტივირებულები არიან. ჩემი აზრით, გამოცდების სრულად გაუქმება არ არის კარგი.
ბელა გზირიშვილი, პედაგოგი:
- მე მივესალმები საატესტატო გამოცდების გაუქმებას. ეს ბავშვებისთვის იყო დიდი სტრესი. განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებიც მოწოდებით ჰუმანიტარები არიან და ამ კუთხით აპირებენ სწავლის გაგრძელებას. ან პირიქით. მთავარია, დაიხვეწოს ეროვნული გამოცდები.
ნანა მაღლაფერიძე, პედაგოგი:
- მეთორმეტე კლასში საატესტატო გამოცდების გაუქმებას არ ვემხრობი. ჩემი აზრით, ქართულსა და უცხო ენაში აუცილებლად უნდა იყოს გამოცდა და ამასთან, იყოს ერთი არჩევითი საგანი.
რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, ბარიერმა უფრო უნდა აიწიოს, რომ კარგი სპეციალისტებით აივსოს ჩვენი ქვეყანა და არა უცოდინრებით.
ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" დამფუძნებლები მეგი კავთუაშვილი:
- მოლოდინი მაქვს, რომ სავალდებულო გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ სკოლებს გაუთავისუფლდებათ დრო, რათა მეტი ყურადღება დაუთმონ ფართო გაგებით განათლებას. კერძოდ, მოსწავლეების პიროვნულ განვითარებას, მრავალმხრივი ინტერესების გაღვივებას, ბავშვებისთვის სამოქალაქო უნარების სწავლებას, შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარებას და ა.შ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოცდების ადმინისტრირებასა და ტესტების შედგენაზე გამოყოფილი მილიონობით ლარი მოხმარდება მოსწავლეთა საჭიროებებს. თანამედროვე და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვას, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა-შესრულებას, ბიბლიოთეკების თუ მეცნიერული კაბინეტების აღჭურვას და ა.შ.
რაც შეეხება უმაღლესში აკადემიური მოსწრების მიხედვით ჩარიცხვას, არსებობს რეალური რისკები. მაგალითად, ის, რომ მასწავლებელთა ერთი ნაწილი ქულებს არა ობიექტურად, არამედ სუბიექტური შეხედულებების შესაბამისად წერს. მაგალითად, თანამშრომლის შვილს მოუმატებს, სხვას - არა. მასთან ემზადება - უკეთეს შედეგზე გაიყვანს, ვიდრე მას, ვინც მასთან არ ემზადება! ამ პირობებში მასწავლებლისთვის ნიშნების ძალაუფლების გადაცემა არ მგონია მართებული. მე ქულების/ნიშნების ნელ-ნელა მოხსნის მომხრე ვარ. ისინი აფუჭებს ურთიერთობებს როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ისე მშობელსა და შვილს შორის. დავიმოწმებ ჰუმანური პედაგოგის შალვა ამონაშვილის სიტყვებს: „ბავშვები არ არიან მოსიარულე ციფრები 1-დან 10-მდე. ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს“.
მშობლებმა და მასწავლებლებმა ჩვენს ფეისბუქგვერდზეც გამოთქვეს საკუთარი აზრები ამ თემაზე. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:
"ძალიან კარგი თუ გაუქმდება. გაამკაცრონ მისაღები გამოცდები სკოლის ატესტატის გამო გავიყიდეთ მშობლები ბავშვების მომზადებით და იმ საგნებში, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე სულ არ სჭირდებათ. ვისაც უნდა, სწავლას გააგრძელებს, ვისაც არა და - სკოლის ატესტატი მაინც მისცენ. უკეთ მოემზადებიან მისაღები გამოცდებისთვის".
"უკეთესი იქნება, სკოლა გააუქმონ, მაინც არაფერს სწავლობს 99% და ტყუილად დადიან სკოლებში. გამოცდების შიშით რაღაცას მაინც სწავლობდნენ. მარტო მისაღები გამოცდების გამკაცრება ვერ შეუწყობს ხელს განათლების განვითარებას. თუმცა ვის აწყობს განათლებული თაობა? ესენი ხომ დაშტერება-დაჩლუნგებას უწყობენ ხელს".
"აი, ახლა ნახეთ თავცარიელთა გამრავლება კიდევ უფრო მეტად. აკადემიური მოსწრების მიხედვით ატესტატების აღება არ მიმაჩნია სწორად,რ ადგან ჩაწყობის ხარისხი და მასშტაბი უფრო გაიზრდება, ეს ხომ საქართველოა. ღმერთო, საით მივექანებით?"
"ახალი კორუფცია სკოლის ნიშნებზე და ატესტატზე ნახეთ".
რაც შეეხება თავად მოსწავლეებს, რასაკვირველია, ახლანდელ მეთორმეტეკლასელებს ეს სიახლე არ გაუხარდათ, რადგან მხოლოდ 2020 წლიდან ამოქმედდება, მე-11-კლასელები კი ძალიან ბედნიერები არიან. სოციალურ ქსელში ხუმრობაც კი დაიწყეს მოზარდებმა ამ თემაზე. ეს ერთ-ერთი სახუმარო ფოტოა:
მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება