როცა რეფორმა გამოცდების მოხსნა-დანიშვნა ჰგონიათ...
როცა რეფორმა გამოცდების მოხსნა-დანიშვნა ჰგონიათ...
სკოლაში საატესტატო გამოცდების გაუქმებას უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი, გეოგრაფი თინათინ მოსიაშვილი, რომელსაც პედაგოგობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. მის მერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენთან განათლების მესვეურებს რეფორმა, სამწუხაროდ, გამოცდების დანიშვნა და მოხსნა ჰგონიათ.

მთავარი პრობლემა, რაც ამ აჟიოტაჟმა წარმოაჩინა და, ყველაზე მეტად რაც მეფიქრება, ის არის, რომ ბავშვებს სკოლა იმ საკმაოდ მარტივი გამოცდის ჩასაბარებლად არც ცოდნას აძლევს და არც ფსიქოლოგიურ მზაობას!

ბედნიერი გადაძახილებია, გვეშველა, გამოცდები გაუქმდაო!
უხარიათ ბავშვებს, უხარიათ მშობლებს. მე კი მირჩევნია: ასევე ღალად და თავისუფლად შედიოდნენ მოსწავლეები გამოცდაზე, მარტივად აბარებდნენ და ამ დროს არც დიდი სტრესი ჰქონდეთ! .
თუ ვერ ჩააბარებენ, არც ეს იყოს კატასტროფა, მეორედ ჩააბარონ, თუნდაც ერთი წლის მერე.
და ეს ყველაფერი ასეთი საყოველთაო უბედურება არ იყოს!

ამას რომ ვერ ვაძლევთ სკოლაში, ამაზე ვიდარდოთ, ხალხო!

რეფორმატორებო, არ გვაქვს ხედვა, რა გვინდა სკოლისგან, არ გვაქვს არანაირი სტრატეგია, არ გვივარგა პროგრამები, კატასტროფული სახელმძღვანელოებია, მასწავლებლებისაც რა გითხრათ... მე კი ბევრ საოცარ მასწავლებელს ვიცნობ, მაგრამ მთლიანობაში ამ დაულაგებელ გადაწყვეტილებებს, სქემების მოგონებასა და ცვლილებებს, ამხელა კლასების სირთულეებს რომ უძლებს ეს ხალხი და თუნდაც იმას აკეთებს, რასაც აკეთებს... ვფიქრობ, მადლობა უნდა
ვუთხრათ.

სხვა არჩევანი გვაქვს?

კი, ბატონო, სულ იმას ვამბობ, თუ ამ ქვეყნას გვინდა მომავალი ჰქონდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაზე ღირსეული ადამიანები წავიდნენ სკოლებში სამუშაოდ.
აი, ერთი ჩემი უმაგრესი სტუდენტი ერასმუსის პროგრამით რამდენიმე ქვეყანაში იყო სასწავლებლად, ბოლო სემესტრი ნორვეგიაში გაიარა და იქვე დატოვეს სამუშაოდ.
ჰო, ეს ბიჭი ქართული განათლების "პროდუქტია", თბილისის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და არა მგონია, ბევრი ევლო მასწავლებლებთანაც. იმ პროგრამით არ გაუშვა ხელისუფლებამ, რომელიც დაბრუნებას და სამი წელი საჯარო სამსახურში მუშაობას ავალდებულებდა. სხვა პროგრამით წავიდა, რომელიც აქ ვალდებულებებს არ უჩენდა. წავიდა და მუშაობს, ფოტოებით ვხედავ, პარალელურად, მსოფლიო შემოიარა. რა ვუთხრა, დათო, დაბრუნდი საქართველოში (არადა, ნათქვამიც მაქვს, ამ ქვეყანას შენისთანები სჭირდება-მეთქი). და წადი სკოლაში, მერე დაელოდე პროფესიაში როდის და როგორ ჩაგრთავენ და რა სქემებს მოიგონებენ და გააუქმებენ-მეთქი შენზე გაცილებით დაბალი განათლებისა და კომპეტენციის განათლების მენეჯერები??? მერე წლები იმუშავე და კრედიტები აგროვე, რომ ხელფასი ათას ლარამდე ავიდეს-მეთქი.

altთუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს - მასწავლებლის ათი მცნება



მეც ვიმუშავე, მაგრამ წამოვედი სკოლიდან. ჰო, ახლა გამახსენდა, სამივეჯერ დირექტორების ამბიციების ან დირექტორების გადაწყვეტილების გამო... ხელფასი 120 ლარი იყო მაქსიმუმი, ახლა 90-იანების მილიონ კუპონებზე საუბარი არც ღირს. პარალელურად მქონდა სხვა სამსახური და იქ იმიტომ ვმუშაობდი, რომ, ვფიქრობდი, კარგ საქმეს ვაკეთები.


რეპეტიტორობის ინსტიტუტიო...
რეფორმატორებო, რამდენი გაკვეთილი ჩაგიტარებიათ სკოლაში?
"5 ლექცია კი, გაკვეთილი - არაო", მითხრა წლების წინ ერთმა, ახლა ამ გადაწყვეტილებებშიც რომ ფიგურირებს, იმან.
არადა, სკოლაში ჩატარებული 5-6 გაკვეთილი რა არის იცით? ვისაც არ ჩაგიტარებიათ, გეტყვით: დაღლისგან თვალები რომ გიელმდება და ერთი სული გაქვს, მიხვიდე სახლში და დაწვე.... ლექცია 8 ჩამიტარებია, სხვაა...

მასწავლებლების უმეტესობა გადარჩენაზე რომ ფიქრობს, იმიტომ უზის მერე საათობით მოსწავლეებს.
სხვა არჩევანი აქვთ?
"მოსწავლეები რომ აღარ მეყოლება, რითი უნდა ვიარსებოო", - სერტიფიცირებულმა, მაღალი კატეგორიის, კარგმა მასწავლებელმა მითხრა.
მისი მოსწავლეების უმეტესობა, ცხადია, ეგრევე მიატოვებს მეცადინეობას და რამდენი ფულსაც აღარ გადაუხდის, იცით? მათი მიზანი ხომ არ გამოცდის ჩაბარება იყო? ცოდნა რაში სჭირდებათ!

altასწავლეთ, რომ ნაშოვნ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნაპოვნ დოლარს - აბრაამ ლინკოლნის წერილი შვილის მასწავლებელს


ასეა თუ ისე, ამ გამოცდამ თავის იმ მიზანს მაინც მიაღწია, რომ მოსწავლეებმა გამოცდის ჩასაბარებლად წიგნი გადაშალეს. მანამდე, განსაკუთრებით მაშინ, ტრიმესტრული სწავლება რომ შემოიღეს, ზოგმა ისე დახურა საბუნებისმეტყველო საგნების წიგნი, რომ აღარც გადაუშლია, ისე დაამთავრა სკოლა.
"ეს საგანი მაინც არ სჭირდებაო", - თავს და მასწავლებელს ამშვიდებდა მშობელი.


მასწავლებელმა მოტივაცია გაუჩინოსო, კი, ბატონო, მართალი ხართ, მაგრამ თქვენ, ერთი, ორი, მაქსიმუმ სამი შვილი რომ გყავთ (იშვიათად ოთხი და მეტი), თქვენ გიჭირთ საკუთარი შვილების მოტივირება და...


ამ სემეტრში 170-მდე სტუდენტი მყავდა, რამდენიმე კურსს ვკითხულობდი ძირითადად ტურიზმის მიმართულების და იცით რამდენ კარგ რამეს ვიგონებდი, სექტემბრიდან იანვრამდე აღარც მახსოვს რამდენი ტური მაქვს ჩატარებული, ერთი ლარიდან დაწყებული მაქსიმუმ 60 ლარიანის ფარგლებში, ორდღიანი ტური უნივერსიტეტმაც დაგვიფინანსა: ვიყავით თბილისში, შემოგარენში, ჩარგალში, შატილში, გურიაში, ყველა არც მახსოვს... ზოგ სტუდენტს არ აინტერესებს, ვერ ხედავს თავის თავს ამ საქმეში და მოდის, იქნებ დიპლომი აიღოს. რა ვქნა? როგორ დავძრა?

altროგორია მასწავლებლობა მაღალმთიან სოფელში და რა პრობლემები აქვთ იქაურ სკოლებს


ჰო, ყველაზე მეტი სტუდენტი ლექციაზე მაშინ მოდის, როცა გამოკითხვა გვაქვს, რადგან ქულა იწერება. კი, ბატონო, ზოგი მუშაობს და ვერ ახერხებს ლექციებზე სიარულს, მეც კი, ხელს ვუწყობ, მაგრამ ვინც არ მუშაობს? არადა, უფრო კარგ რამეებს მაშინ ვაკეთებ, როცა გამოკითხვა არ მაქვს, მაშინ მეტი დრო მრჩება საინტერესო ლექციისთვის.


ერთ სტუდენტს მთელი სემესტრია ვეხვეწები, მესამედ რომ არ ჩაგრჩეს გამოცდა, მოდი, ლექციის მერეც წაგამეცადინებ, რაც, შემიძლია დაგეხმარები-მეთქი და არ მოდის. როგორ მოვიქცე?

სტრესია გამოცდა, ბავშვებს ვაწვალებთ, მათი აზრი გავითვალისწინეთ გადაწყვეტილების მიღებისასო...
მშობლებო, მთავრობავ და განათლების მამებო, სწავლა-სწავლება ცოტა რთული პროცესია მაინც და იქნებ პირდაპირ გაგვეუქმებინა სკოლა, გახსოვთ, ლუარსაბი ამბობდა: "რაც ეს ოხერი სკოლები შემოიღეს ჩვენს შვილებს ფერი არ შერჩათო"...

თქვენ კიდევ ქარვასლა, ქარვასლასავით, სულ გამოცდებს გაიძახით... "კატის" გამოცდა ყოფილა დამნაშავე, სისტემა რომ არ ვარგა! დანიშნეთ და აუქმეთ გამოცდები! წინ არ წახვიდეთ, რომ რამე სისტემური ცვლილება მოიგონოთ!

რეფორმატორებო, ქვეყანასა და მის მომავალზე იფიქრეთ. ქვეყნის მომავალი კი, სწორედ, განათლებაზე გადის. სხვაგვარად ვერ დამაჯერებთ!

alt"მე მართლა მაქვს ამ დახეულჯინსიანი ბიჭების იმედი..." - მასწავლებლის ემოციური პოსტი მოსწავლეებზე

4446
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
giorgi
1
თუ ხედავთ, რომ გამოცდების კომპიუტერიზაციისთანავე დადგა ეს საკითხი, ვინაიდან კომპიუტერთან ვეღარ აწყობ საქმეებს :) ღრმა მიზეზებს ნუ ეძებთ, დეპუტატებმა და მინისტრებმა ეს კანონი თავიანთი შვილებისა და ახლობლებისთვის გამოაცხვეს ..
12:49 / 02-02-2019
სანდრო
5
არავინაც არ შლიდა წიგნს ვისაც სწავლა უნდოდა ისედაც სწავლობდა ხოლო ვინც არ სწავლობდა მათ კისერზე აბარებდნენ გამოცდებს ეს იყო რეალობა, ნამდვილი ჭაობი, რომელიც ძლივს გადავაგდეთ.
21:13 / 30-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?