"რაზე დამაფიქრეს მოსწავლეებმა, რომლებშიც ჩემი მოსწავლეობის დროს დაკარგული როლი დავინახე..."
"რაზე დამაფიქრეს მოსწავლეებმა, რომლებშიც ჩემი მოსწავლეობის დროს დაკარგული როლი დავინახე..."
სკოლის კარები რამდენიმე წლის წინ გამოვიხურე და დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო უკეთ ვაცნობიერებ, რა გამომრჩა, ან უფრო სწორედ რა გამოგვრჩა ჩვენ ყველას, რომლებსაც სასწავლო დაწესებულების კედლებში სიარულის გამოცდილება უფრო დაგვიგროვდა, ვიდრე ცოდნა. ამ შემთხვევაში იმ ცოდნას ვგულისხმობ, რომელიც რაღაც ფორმალობის ჩარჩოებში კი არ არის მოქცეული, არამედ არის საფუძველი იმისა, როგორ მოემზადო ცხოვრებისთვის...
პირადად მე, სასკოლო ცხოვრებიდან მახსოვს დაზუთხული თემები, თარიღები, ყოველ საღამოს მშობლებისთვის ჩაბარებული გაკვეთილები და დღეს ძალიან მეცოტავება ჩემი როლი, რომელიც, როგორც მოსწავლეს მაშინ მქონდა მორგებული. მაგალითად, მე და ჩემს
მეგობრებს შეგვეძლო ხმამაღლა გველაპარაკა, თუნდაც იმაზე, რომ სოფელში, სკოლამდე მისასვლელი რამდენიმე კილომეტრის გავლა გვიწევდა და ტრანსპორტი გამოეყოთ ჩვენთვის, ვიღაცისთვის მიგვემართა დახმარების სათხოვნელად, მიუხედავად იმისა, მოგვარდებოდა თუ არა ეს პრობლემა. გველაპარაკა ხმამაღლა პრობლემებზე, რომლებიც იყო ჩვენ გარშემო - და არის ყოველთვის. მაგრამ არც გვიფიქრია, რომ ასე მოვქცეულიყავით. გარდა იმისა, რომ გვაკლდა გამბედაობა, ალბათ ვფიქრობდით, რომ ამაზე ჩვენ არ უნდა გველაპარაკა, ჩვენი უფლება, მოვალეობა იყო, რომ გვესწავლა, ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და ბეჯითები... თანაც, არც მაგალითები გვქონდა სათანადო - უფროსებიც ჩვენ გარშემო ვერ დაიკვეხნიდნენ სათანადო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, მზადყოფნით, თუნდაც საკუთარი შვილების უფლებები დაეცვათ სხვადასხვა სიტუაციაში ან მათი ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებისთვის ებრძოლათ...
mshoblebi
ამ თემაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრეს იმ მოსწავლეებმა, რომლებშიც მე ჩემი მოსწავლეობის დროს დაკარგული როლი
დავინახე. აღფრთოვანებული ვუსმენდი ბავშვებს სხვადასხვა სკოლებიდან, რომლებმაც საკონფერენციო დარბაზში მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებულ პროექტები ამაყად წარმოადგენეს და მათი მოსმენისას მეც ამაყი ვიყავი. ცოტათი შემშურდა კიდეც, რომ ჩემ დროს არ იყო ამდენი ასპარეზი, არ იყო თუნდაც ის ხელშემწყობი ფაქტორი, რომელსაც სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ჰქვია. ეს პროგრამა ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ხორციელდება საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა მიერ ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. და ეს, როგორც ჩვეულებრივმა მოსწავლეებმა დაგვანახეს, არ არის უბრალოდ რაღაცის სწავლება და თეორიული ცოდნის მიღება, მათ უკვე პრაქტიკაში გამოსცადეს ბევრი რამ, იციან, როგორ წარმოაჩინონ თავი, მოაგვარონ საკუთარი თუ თემის პრობლემები, როგორ ითანამშრომლონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მედიასა და სხვა ორგანოებთან. და აქვთ რეალური შედეგები - მე-9-მე-10 კლასელი ბავშვები ამაყობენ მათ ქალაქსა თუ უბანში გაწმენდილი სანიაღვრე არხებით, დახაზული ზებრებით, თანატოლთა შორის ძალადობის თემაზე ჩატარებული კვლევებითა თუ დისკუსიებით და ბევრი ისეთი რამით, რაც ძალიან ბევრ უფროსს არ გაუკეთებია არასოდეს და არც კი წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხების მოგვარება... რაც მთავარია, ამ პრობლემების მოგვარებაში მოსწავლეები თავად იღებენ მონაწილეობას - პრობლემის შესწავლის, მის შესახებ თანატოლთა და საზოგადოების აზრის გამოკითხვის და შემდეგ პრობლემის გადაჭრაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრების გზით... 

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან საინტერესო იყო იმის გაგება, როგორ დაიწყეს აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოსწავლეებმა სკოლის კედლებიდან ისეთ პრობლემებზე საუბარი, როგორიც არის ქალებზე ძალადობა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორ უნდა ვიურთიერთოთ შშმ პირებთან, ისე, რომ ჩვენი ქცევის მიღმა სინანული კი არ იკითხებოდეს, არამედ იგრძნობოდეს მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების აღიარება. განსაკუთრებით დასაფასებელია გზა, რომელიც ბავშვებმა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად გამონახეს, თუნდაც ის, რომ დაუკავშირდნენ უბნის თვითმართველობას, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, როგორ მოამზადეს საკუთარი ხელებით სკოლის ბიბლიოთეკისთვის ოთახი და ა.შ.

იმედებით სავსე წამოვედი კონფერენციიდან - ესაა მომავლის თაობა, რომელიც მართლა თამამად და მყარად ჩაიბარებს მომავალს...
ამ საინტერესო ადამიანებს კი, პროგრამის ორგანიზატორებს, შემართებით სავსე პედაგოგებს და ძალიან მოტივირებულ, ჭკვიან ახალგაზრდებს ნელ-ნელა აუცილებლად გაგაცნობთ ჩვენი ვებგვერდის საშუალებით.
თეკლა ჟვანია
315
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები