აბიტურიენტები, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. მათ სწავლა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დაუფინანსდებათ.
"აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.
მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.
აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის," – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.