2022 წლამდე პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1500-1800 ლარს მიაღწიოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალისტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ხელფასის მომატების პროცესი იმ პედაგოგებისთვის, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია, სექტემბრიდან დაიწყება და დანამატი ყოველ წელს, მინიმუმ, 150 ლარით განისაზღვრება: „ასე ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1500-1800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს – რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან,“ – განაცხადა მინისტრმა.
პედაგოგებისთვის ხელფასის მომატებაზე უკვე წლებია საუბრობენ. მიმდინარე წლის მარტში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ განათლებაში ჩადებული თანხა ყოველ წელს გაიზრდება და მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს დაიკავებს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედია.
რამდენად რეალურად თვლიან პედაგოგები განათლების სისტემაში, კერძოდ, ხელფასის მომატების შესახებ ცვლილებებს და რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი მათი მუშაობის ხარისხზე – ამის შესახებ mshoblebi.ge-მ მასწავლებლებს ჰკითხა.
ლადო აფხაზავა (სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი):
- მივესალმები განათლების სამინისტროს გეგმებს ამ მიმართულებით. ქვეყანაში ყველას ძალიან უჭირს, მათ შორის, მასწავლებლებსაც. პირადად ჩემთვის, შეიძლება, არ ჰქონდა ხელფასს მნიშვნელობა, 100 და 200 ლარიც მქონია ხელფასი და მაინც ისე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა, მაგრამ ჩემ გარშემო არიან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი ხელფასით ოჯახებს არჩენენ და მათთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამგვარი ხელშეწყობა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ხელფასების მომატების შემდეგ მათი „გაკონტროლებაც“ – როდესაც ამხელა ანაზღაურებას იღებს მასწავლებელი, კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს და ეს ვინმემ უნდა შეამოწმოს ხოლმე.
ზეინაბ ხარაიშვილი-ბეჟაშვილი (თბილისის 147–ე საჯარო სკოლის პედაგოგი):
- ვფიქრობ, მინისტრის სიტყვა მხოლოდ სიტყვად არ დარჩება და პირობა შესრულდება. ხელფასის ზრდა აუცილებელია. არამარტო განაკვეთის ხელფასი, არამედ დამრიგებლის ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ძალიან ბევრი ვალდებულება და სამუშაო აქვს მასწავლებელს და ეს აუცილებლად უნდა დაფასდეს.
თუ მასწავლებელი თავის საქმეს ღირსეულად არ ასრულებს, მას ხელფასის მომატება კი არა, სახლში გაშვება უნდა, მაგრამ ამას ცალკე შესწავლა სჭირდება. ჩემზე ნამდვილად ვერ იმოქმედებს გაზრდილი ხელფასი, რადგან მე ამ ხელფასითაც მაქსიმალურად ვიხარჯები.
პედაგოგების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი მონაცემებით, მომატებული ხელფასი მხოლოდ „თვალს მოატყუებს“: „პრაქტიკოს მასწავლებელს უზრდიან მოტივაციას – ეს კარგი და რეალური დაპირებაა, მაგრამ ხედავთ როგორია ლარის კურსი და ფასები. ციფრი მომხიბვლელია – 1500–1800 ლარი, მაგრამ მსყიდველიბა როგორი იქნება? მაშინ, როდესაც კატასტროფულად იზრდება პირველადი და სასიცოცხლო მოთხოვნილების ფასები,“ – აღნიშნავს ერთ-ერთი პედაგოგი.
მარიამ ტურძილაძე