ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
გამოცდაში მიღებული შეფასების ნახვა აბიტურიენტებს თავიანთ პირად გვერდზე შეუძლიათ. აქვე შეუძლიათ იხილონ საკუთარი ნაშრომების სკანირებული ასლები და თითოეულ დავალებაში მიღებული ქულები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური შეფასება (70 ქულა), ვინაიდან სტატისტიკური ანალიზი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
რა შემთხვევაში ითვლება გამოცდა ჩაბარებულად?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური გამსვლელი ქულაა 18. თუმცა გათანაბრების შემდეგ შესაძლოა ტესტის რომელიმე ვარიანტში ზღვარმა დაიწიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საბოლოო შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
როდის გვეცოდინება, რომელ ვარიანტში დაიწევს ბარიერი?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის თქმით, ტესტის სირთულე დგინდება სტატისტიკური ანალიზით. სტატისტიკური ანალიზი ვებგვერდზე განთავსდება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ზოგჯერ აპელაცია ცვლის სურათს იმ გამოცდის შემთხვევაში, რომლის ტესტებსაც ღია პასუხებიანი დავალებები აქვს და გამსწორებლების ჩარევა სჭირდება.
შეგახსენებთ, შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).