"გალაკტიონს ვერ შევბედე" – აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს
"გალაკტიონს ვერ შევბედე" – აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. Mshoblebi.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდაზე უმაღლესი შედეგები აჩვენეს.

ანამარია ქორიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური შედეგი, 70 ქულა მიიღო. მან თბილისის 21-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი თქმით, მაქსიმალურ შედეგს არ ელოდა:

- გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი, თან ძალიან მარტივი ტესტი იყო ჩემთვის, მაგრამ მაქსიმალურ ქულას მაინც არ ველოდი. ჩემი აზრით, მაღალი შედეგი, პირველ რიგში, იმან განაპირობა, რომ ნერვებს არ ავყევი. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ბავშვია საკმარისად

მომზადებული იმისათვის, რომ უმაღლესი ქულა აიღოს, მაგრამ სტრესული გარემო, დროის ფაქტორი ხელს გვიშლის ხოლმე მაგაში. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე, უბრალოდ, ის შევძელი, რომ გამოცდაზე ძალების მობილიზება მომხდინა. მეორე მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ლიტერატურა მიყვარს ძალიან. ასევე, ჩემი სკოლის მასწავლებლის დამსახურებაცაა, რომლიც პირველივე კლასიდან გრამატიკას იდელურად გვასწავლიდა და ტექსტებსაც ძალიან კარგად გავდიოდით. რა თქმა უნდა, ჩემი რეპეტიტორის დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან კარგად მასწავლიდა.
შემეძლო, გამოცდებზე არ გავსულიყავი, რადგან უკვე ჩავირიცხე გერმანიის უნივერსიტეტში, ლიტერატურისმცოდნეობის ფაკულტეტზე. მაგრამ გერმანიიდან პასუხები აპრილში მომივიდა, მანამდე კი, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც ვემზადებოდი ეროვნული გამოცდებისთვის. აქ აკადემიურს ავიღებ.

მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა და 69 ქულა მიიღო ალექს ქურდაძემ, რომელმაც
ხაშურის მერვე საჯარო სკოლა დაამთავრა:

- 60-ზე მეტს ველოდი, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა თუ დამაკლდებოდა, არ მეგონა. ის ერთი ქულა ტექსტის გააზრების მეცხრე კრიტერიუმში (მორფოლოგია-ორთოგრაფია და სინტაქსი) დამაკლდა. ისიც იმიტომ, რომ ბოლოს მთლიანი ტექსტის გადახედვა ვერ მოვასწარი. ერთი შეხედვით, თითქოს, არ არის მცირე დრო, ლამის 4 საათი გვაქვს, მაგრამ როცა მსჯელობ და ცდილობ, შენი ზოგადი ცოდნა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი მაქსიმალურად გამოავლინო, მაინც არ არის საკმარისი.
ტექსტის გააზრებაში არაპროგრამული დავწერე, რადგან, ვფიქრობ, იმაზე, რაც სკოლაში არ გვისწავლია, უფრო მარტივია თავისუფალი მსჯელობა. თანაც საპროგრამოდან გალაკტიონის ლექსი იყო და მას ვერ შევბედე. წინა წლებთან შედარებით უფრო რთული იყო, რადგან ტესტები იყო ამოღებული და შეიძლება ამიტომ გასჭირვებოდათ ბავშვებს, მაგრამ დანარჩენი დავალებები წინა წლების მსგავსი იყო.

ასევე მაღალი შედეგი აჩვენა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, გიორგი გუჯეჯიანმა, რომელმაც თბილისის 145-ე საჯარო სკოლა დაასრულა და გამოცდაზე 68 ქულა აიღო. მას ასევე მაღალი შედეგი ჰქონდა უნარების გამოცდაში - 74 ქულა. გიორგი სკოლაში მედალოსანიც გახლავთ:

- ჩვეულებრივად, ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. მაღალი შედეგიც, ალბათ, თავიდანვე კარგად სწავლის, კარგი რეპეტიტორისა და დაუღალავი შრომის შედეგია. მივესალმები წლევანდელ სიახლეს, შეკითხვების გაუქმებას, რადგან სხვა დავალებებისთვის მეტი დრო დაგვრჩა. რედაქტირება არ იყო გართულებული. სიმართლე გითხრათ, ესე არ მომეწონა, რადგან უფრო იმ ტიპის ესეების წერა მომწონდა, სადაც ისტორიული მაგალითების მოყვანა შემეძლო, აქ კი ამის შესაძლებლობა ნაკლებად იყო.

მარიამ ტურძილაძე

ასევე იხილეთ:

alt"რეპეტიტორი არ მყოლია" - ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს


 

39503
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
gaga
12
რეპეტიტორთან მომზადებული აბიტურიენტი ჰაერით გაბერილ ცელოფანის პარკს გავს, საკმარისია ეკალს წამოედოს გზაში და ბუჰ, ეგრევე ჩაიჩუტება!
13:58 / 02-08-2019
ეკა
0
ვულოცავ! ბავშვები "ჩვეულებრივი" სკოლებიდან! ცოდნა, აზროვნება, მსჯელობა, ემოცია- ყველაფერი ჩანს ამ პატარა ინტერვიუებში. გალაკტიონი მეც გადამწყვეტ წერაზე შემხვდა და ახლაც მახსოვს, როგორ დავიწყე : " გალაკტიონი დამდგარა ჩემს წინაშე. ვეება მხრებით დაფარა დაფა. ისედაც დაბნეულს უფრო მაბნევს- მაქვს კი უფლება ჩემი უსუსური, არაფრისმქმნელი ხელები მის სულში მოვაფათურო და ბღუჯა-ბღუჯა ამოვიღო იქიდან იები?" გაქვსო, გამამხნევა და მაშინ გადამალახინა პირველი დაბრკოლება. გამბედაობა და წინსვლა ამ ბავშვებს და ჩვენს მომავალ თაობას სრულიად! მათი იმედიღა მაძლიერებს
10:25 / 02-08-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```