ქეთევან ლეკიშვილმა სოფელ მარტყოფის 1-ლი საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა უკვე სტუდენტია - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ჩვენი ყურადღება იმ პოსტით მიიპყრო, რომელიც თავისი სკოლის მასწავლებლებს მიუძღვნა. დღეს, როცა სკოლის როლი მოსწავლეების აკადემიურ მოწრებაში და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაში, ფრიად საკამათო და განსახილველია, განსაკუთრებით საგულისხმოა ეს ჩანაწერი:
"ახლა, როცა სკოლა უკვე დამთავრებული მაქვს და 1 დღეა ახალი სტატუსი შევიძინე, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია, მინდა შეჯამება გავაკეთო განვლილი 12 წლის და ამ ხნის მანძილზე მიღებული შედეგის.
ძალიან დიდი ხანია განვიცდი იმ ფაქტს, რომ ხშირად ვხვდები ტრანსპორტში მშობლებს, რომლებიც ერთმანეთში მასწავლებლებს "ჭორავენ", თქვენც მიხვდებით, რა თემა შეიძლება იყოს მათი განხილვის საგანი.
მინდა ასეთ მშობლებს ვუთხრა, რომ ასეთი ქმედებით საკუთარ შვილებს უბიძგებთ სითავხედისა და სიუზრდელისკენ, ბავშვის თვალში მასწავლებელს ამცირებთ იმის მაგივრად, რომ უთხრათ, თუ როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ისინი მათთვის და მნიშვნელოვანთან ერთად - საჭირონიც.
საქართველოში განათლების ერთ-ერთ პრობლემად მიმაჩნია სწორედ ის, რომ ბავშვებმა არ იციან მასწავლებლის ფასი, მისი დანიშნულება და საჭიროება და ეს უკვე მშობელზეცაა დამოკიდებული. ნუ იფიქრებთ იმას, რომ შვილს სკოლაში გაუშვებთ და იქ ყველაფერს ისწავლის. მე ვფიქრობ, რომ მშობელმა პირველ რიგში უნდა აღზარდოს შვილი და ასწავლოს ურთიერთობები და არ უბიძგოს სითავხედისკენ, სწორედ მასწავლებლების მისამართით. უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ზოგ მშობელს რომ ვუყურებ, ზუსტად ვიცი, როგორი დედა არ ვიქნები.
ალბათ ახლა ამაზე რომ ვსაუბრობ იმის ბრალია, რომ ჩემთვის პირველივე კლასიდან იდეალი იყო მასწავლებელი და ასე რომ არ მეფიქრა, შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ, რომ მართლაც იდეალური პედაგოგი მყავდა დაწყებით კლასებში. მას დედაჩემის შემდეგ პირველ ადამიანად მივიჩნევ, ვინც ჩემს აღზრდაში უდიდესი როლი ითამაშა.
არც შემდეგ საფეხურებზე მომკლებია კარგ პედაგოგებთან ურთიერთობა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე მათთან ვმეგობრობდი და სწავლის გარდა ბევრ სხვა რამეს განვიხილავდი მათთან.
რაც სკოლაში გავატარე, არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ წლებზე ოდესმე ცუდად ავლაპარაკდე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ერთი წელი რეპეტიტორებთან მოვემზადე და ამის შედეგად გავხდი სტუდენტი, ძალიან ცდებით. რომ არა საფუძველი, რომელიც ჩემი პედაგოგების საშუალებით შევქმენი, რომ არა ურთიერთობები და მათი კეთილგანწყობა ჩემ მიმართ, დღეს მერწმუნეთ, ერთი უინტელექტო ადამიანი ვიქნებოდი.
არ ვიცი, სხვა სკოლებში რა ხდება და ვინ როგორია, მაგრამ ჩემს სკოლაში საუკეთესო მასწავლებლები არიან და ეს ზუსტად ვიცი.
მინდა ჩემზე უმცროსებს ვურჩიო ის, რასაც ხშირად ვერ ვითვალისწინებდი და ახლა სანანებელი მაქვს. დააფასეთ ის 45 წუთი იმიტომ, რომ ყველაზე ძვირფასი რამაა, რომელიც უფასოდ გეძლევათ და ისწავლეთ პედაგოგების პატივისცემა. არც ერთი წამი არ გაფლანგოთ უქმად იმიტომ, რომ განათლება ფასდაუდებელი რამაა.
და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საუკეთესოებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საუკეთესო პედაგოგებო მადლობა ამ ღვაწლისთვის! ყოველთვის, ყველგან, სადაც საჭიროდ ჩავთვლი, თქვენს სიკარგეზე ვისაუბრებ!"