"პრესტიჟულ სკოლაში იმიტომ დამყავს შვილი, რომ მომავალში კარგი წრე და მეგობრები ჰყავდეს" - რატომ ირჩევენ მშობლები ამა თუ იმ სკოლას?
"პრესტიჟულ სკოლაში იმიტომ დამყავს შვილი, რომ მომავალში კარგი წრე და მეგობრები ჰყავდეს" - რატომ ირჩევენ მშობლები ამა თუ იმ სკოლას?
შვილის სწავლა-განათლება, სკოლის შერჩევა, დამატებითი მეცადინეობა, წრეები და ა.შ., ის თემებია, რომლებიც მეტნაკლებად ყველა მშობელს აღელვებს და რომელზეც ძალიან ხშირად კამათობენ კიდეც. ვინ რატომ ირჩევს საჯარო თუ კერძო სკოლას, ვის რატომ დაჰყავს გარეუბნიდან საკმაოდ შორს ე.წ. პრესტიჟულ სკოლაში და საერთოდ, რა კრიტერიუმები აქვთ მშობლებს - საკმაოდ ვრცელი თემაა და ალბათ ყველა მშობელს თავისი კონკრეტული მიზეზები და შეხედულებები აქვს. თუმცა ამჯერად ვცადეთ, რამდენიმე მშობელი გამოგვეკითხა და მათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი აღნიშნულ
თემაზე. 

ნინო, 35 წლის:

- მე პირადად მაქვს მოსაზრება, რომ თუ ბავშვს სწავლა უნდა, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად ისწავლის. თუმცა ამაშიც უნდა გაგიმართლოს, რომ ბავშვს სწავლა უნდოდეს და თუ ცოტათი მაინც ამყოლი ხასიათი აქვს ან ცელქია, ალბათ საჯარო სკოლის გარემოში, სადაც ბევრი ბავშვია და მასობრივად ცოტათი უფრო მოდუნებულია სწავლის მიმართ ყურადღება, მეტი შანსია, იმათ აჰყვეს, ვინც არ სწავლობს... იმაზე არ ვსაუბრობ, რომ ბევრ მშობელს უბრალოდ არჩევანი არ აქვს და უფასოდ, ანუ საჯარო სკოლაში დაჰყავს. მე საჯარო სკოლა უფრო იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემ გარშემო ვინც კერძო სკოლაში დადის, ყველა ამზადებს მაინც დამატებით და სკოლის გადასახადს ესეც რომ ემატება, სერიოზულ თანხებზე გადიან. თანაც ვფიქრობ, თუ
სკოლას ფულს ვუხდი, დამატებით მომზადება ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს. ამიტომ საჯარო სკოლაში კი შევიყვანე, მაგრამ სამ საგანში ვამზადებ და დამატებით საკმაო ცოდნას იღებს. ბოლო კლასებშიც მოვამზადებ იმ საგნებში, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასჭირდება. 

ლიკა, 28 წლის:

- ჩვენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ვცხოვრობთ, თუმცა თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვი სადმე ცენტრალურ უბანში მეტარებინა. რა თქმა უნდა, ამას უნდა დამატებითი ხარჯები, დრო, ნერვები და ბავშვიც საკმაოდ იღლება გზაში, მაგრამ მე როგორც მშობელმა, მისი მომავლისთვის ასეთი არჩევანი გავაკეთე. სანამ მივიყვანდი სკოლაში, ძალიან კარგად გავიკითხე მშობლებს შორის და უამრავი ინფორმაცია მოვაგროვე. ჩვენს ტერიტორიაზე რამდენიმე სკოლაა, თუმცა დიდი მოსწრებით ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის. კერძო სკოლებიც არის, თუმცა კონტიგენტი იქაც იგივეა - შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემს შვილს მეტი ნაცნობ-მეგობარი ცენტრისკენ ჰყავდეს. ცენტრალურ სკოლებზეც მოვიძიე ინფორმაცია და საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჯარო სკოლაზე შევაჩერე არჩევანი. იქ სულ სხვა გარემოა, ბავშვს მომავალში კარგი წრე, სამეგობრო და სანაცნობო ეყოლება, რასაც საქართველოში, მოგეხსენებათ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, სწავლის მხრივ იმედები გამიცრუვდა და ამით ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუმცა კონტიგენტი კარგია, ბავშვებიც და მშობლებიც და იმედი მაქვს, მისი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი. 

ანა, 39 წლის:

- ძალიან ხშირად მიწევს ამ თემაზე კამათი სხვა მშობლებთან და მაგასაც ვერ ვიგებ, რა არის საკამათო. ყველა აკეთებს იმ არჩევანს, რა პრიორიტეტიც აქვს და რა შესაძლებლობაც. ვიღაც ავეჯსა და კარგ ტექნიკაში იმეტებს თანხას, ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი განათლებაა და იმ არც ისე დიდ თანხას, რასაც მე და ჩემი ქმარი გამოვიმუშავებთ, მთლიანად ბავშვების განათლებას ვახმართ. ამიტომ დაგვყავს კერძო სკოლაში, არც ისე შორს და სიმართლე რომ ვთქვა, ასე თუ ისე კმაყოფილებიც ვართ. ზოგადად, მოგეხსენებათ, განათლების სისტემა საკმაოდ ხარვეზიანია ჩვენს ქვეყანაში და კარგი მასწავლებლების დეფიციტიც არის, კარგი სახელმძღვანელოებისაც და მეთოდებისაც. ამიტომ პრობლემები ყველა სკოლაშია, ყველაზე ძვირსა და პრესტიჟულშიც. თუმცა ძირითადი მიმართულებები თუ გაკმაყოფილებს, დანარჩენი ხარვეზების გამოსწორებაში მშობელიც უნდა იყოს ჩართული. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაცულ გარემოშია, გაკვეთილები არ უცდება, მასზე არ ძალადობენ, არ უყვირიან, არ აბულინგებენ, კლასში არ არის ბევრი ბავშვი და გაკვეთილს ყოველდღე ეკითხებიან, სკოლაში პრიორიტეტია სწავლა და ერთმანეთს სწავლაში ეჯიბრებიან და არა ჩასაცმელში თუ ცუდი სიტყვების თქმაში, როცა რამე არ მომწონს, თავისუფლად შემიძლია დავურეკო მასწავლებელს, გავესაუბრო დირექტორს და ერთად ვცადოთ პრობლემის მოგვარება - ეს უკვე იმდენი პლუსია, იმ მინუსებს, რაც რასაკვირველია, იქნება, აბალანსებს. დამატებითაც არ ვამეცადინებ, ართმევენ თავს ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა, სკოლაში არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც მაინც სჭირდებათ დახმარება და დამატებით ემზადებიან, ესეც ინდივიდუალურია და სკოლაზე მეტად ბავშვზე და მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული... ამიტომ არ ვნანობ ჩემს არჩევანს, რომ კერძო სკოლა ვარჩიე და არც სხვას ვკიცხავ, ვინც საჯარო აირჩია ან ვინც ყველა საგანში ამზადებს. ამ თემაზე კამათი საერთოდ არ მგონია სწორი - ეს ყველა ოჯახის, ყველა მშობლისა და ბავშვის პირადი არჩევანი და საქმეა და იმათი გაკიცხვა მუდმივად, ვისაც კერძოში დაჰყავს და თურმე მაინც ამზადებს, უბრალოდ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და სხვის ჯიბეში ხელის ფათურია. რადგან არსებობს არჩევანი და არავინ გვზღუდავს იმაში, თუ სად შევიყვანთ ჩვენს შვილს, შემდეგ უკვე თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რა პრიორიტეტებს დავსახავთ და როგორ გადავანაწილებთ ოჯახის ბიუჯეტს ან როგორ დავსახავთ მომავლის გეგმებს. 

2836
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Tamari
0
მთავარი სწავლის ხარისხია. ჩემ მეგობარსაც კერძო სკოლაში დაყავდა ბავშვები, ფინანსური პრობლემების გამო ჩვეულებრივ სკოლაში გადაიყვანა და მერე იძახდა კინაღამ დავღუპე ბავშვები, აღმოჩნდა, რომ არაფერი არ იციანო.
11:42 / 23-09-2019
!!
0
ორი პროფესორი ვართ შინ. გოგონა ახლო სკოლიდან, შორს,კალათბურთის სკოლაში შევიყვანეთ,უხეშ ბიჭებში. ვცხოვრობთ "ცენტრში". . .
18:12 / 21-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი