"თავდაპირველად კოსმოსით დავინტერესდი, მერე - კვანტური ფიზიკით. პირველად მე აღმოვაჩინე 4 ელექტრონი" ლუკა ირემაშვილი ჯერ მხოლოდ 12 წლის არის. დაუჯერებელია, მაგრამ უკვე 5 მეცნიერული ნაშრომის ავტორია.
მისი ნაშრომები საქპატენტშია შესული და ყველა მათგანზე დეპონირების მოწმობაა გაცემული. რამდენიმე დღის წინ, ლუკამ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების ჯგუფთან მოაწყო შეხვედრა. მეცნიერებმა მისი აღმოჩენები შეისწავლეს, განიხილეს და მომდევნო შეხვედრამდე 2-თვიანი პერიოდი ითხოვეს.
ლუკა:
- V კლასში ვიყავი, როცა აღმოჩენები მქონდა. თავდაპირველად კოსმოსით დავინტერესდი, მერე - კვანტური ფიზიკით. როგორ ყალიბდებოდა ატომები 14 მილიარდი წლის წინ.
- 11 წლის ასაკში, ატომებმა და კვანტურმა ფიზიკამ რით დაგაინტერესა?
- სამყაროს წარმოშობის ეტაპები მაინტერესებდა. ინტერნეტში წავიკითხე, რომ პირველ ეტაპზე წარმოიქმნა წყალბადი, ჰელიუმი, ნახშირბადი და ჟანგბადი, მეორე ეტაპზე - სხვა 22 ელემენტი რკინის ჩათვლით. მესამე ეტაპზე - 94 ელემენტი ურანის ჩათვლით. ინტერნეტში ბევრ ვიდეორგოლს ვუყურებდი და ვუსმენდი. განსაკუთრებით დამაინტერესა აინშტაინისა და ნილს ბორის კამათმა. აინშტაინს ეგონა, რომ კვანტური მექანიკა სრულად არ იყო შესწავლილი. ისე გარდაიცვალა, კვანტური მექანიკა არ აღიარა. იმისთვის, რომ გამეგო, როგორ ყალიბდებოდნენ ატომები კოსმოსში, კვანტური მექანიკა უნდა შემესწავლა.
- ლუკა, სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ. თანატოლებთან ამ თემაზე საერთო ენა გამოგინახავს?
- (იცინის) არა. კლასელებმა, მეგობრებმა ჩემი ნაშრომების შესახებ რა თქმა უნდა იციან, მაგრამ დეტალებში ვერ ერკვევიან.
- პირველი მეცნიერული ნაშრომი რაზე დაწერე?
- პირველი ნაშრომი კვანტურ მექანიკაზეა. პირველად მე აღმოვაჩინე 4 ელექტრონი, რომელიც 5 სხვადასხვა ატომს აყალიბებს. ესენია 4ს2, 5ს2, 6ს2, და 7ს2 ორბიტაზე მბრუნავი ელექტრონები.
- შენამდე ეს არავინ იცოდა?
- ამ ელექტრონებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მე ეჭვი შემეპარა, თუ როგორ ყალიბდებოდა ქრომის ატომი. ლიტერატურაში ცნობილია, რომ ელექტრონი ვარდება 3დ5 ორბიტაზე და ყალიბდება ქრომის ატომი. ამაში დავეჭვდი და საკითხზე მუშაობა დავიწყე. მალე ქრომის ატომში აღმოვაჩინე 4ს2 ორბიტაზე მბრუნავი ელექტრონი. იგი კი არ ვარდება, არამედ გადაადგილდება და თავის აზროვნებას იყენებს. ის სისტემა არამდგრადიდან მდგრადი გახდება და ასე ყალიბდება ქრომის ატომი.
დამეთანხმებით, ლუკა ძალიან რთულად ლაპარაკობს. შეეცადა, ჩემთვის კვანტური ფიზიკიდან კიდევ ბევრი რამ აეხსნა. რაც ვფიქრობ, რიგითი მკითხველისთვის წასაკითხად ცოტათი რთულია. ლუკას მონათხრობიდან ეს ნაწილი მის აზროვნებაზე წარმოდგენის შესაქმნელად დავტოვე.
"ახალი კვანტური რიცხვი აღმოჩენილია";
"აზროვნების ახალი ფორმა და ბუნების ერთ-ერთი უნივერსალური კანონი - "კანონი განწყობის შესახებ" აღმოჩენილია";
"პალეონტოლოგიური მეცნიერება";
"აღმოჩენილია ელექტრონები, რომლებშიც წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს";
"გამოკვლევები კვანტურ მექანიკაში". - ეს ის 5 მეცნიერული ნაშრომია, რომელზეც საქპატენტმა დეპონირების მოწმობა გასცა.
- ნაწილაკების განწყობა შესწავლილი არ არის. ფსიქოლოგიაში ლუკამ პირველმა მიაქცია ყურადღება ელემენტარული ნაწილაკების ფსიქოლოგიას. ლუკამ კვანტურ მექანიკაში შემოიტანა დროის ცნება. მის სქემებზე კარგად ჩანს დიდი დროის ინტერვალში, რომელიც მილიონობით წლით განისაზღვრება, როგორ ახერხებს ელექტრონი სხვადასხვა სახის ატომების წარმოქნას. კვანტურ ფიზიკაში ასეთი შემთხვევები განხილული საერთოდ არ არის. - მიხსნის ლუკას ასისტენტი და ამავე დროს ბაბუა, ილია ხითარიშვილი.
გაგრძელება