პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და პროცესი 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. საერთო ჯამში მიღება 83 პროფესიაზე ცხადდება.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ-გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.
ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს გადახედონ და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
პროფესიული ტესტირების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.vet.emis.ge-ზე, სადაც ასევე ნახავთ ტესტების ნიმუშებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას ზემოთ აღნიშნული პროცედურის საფუძველზე გაივლიან, თუმცა ისინი ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლებენ.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, მათ შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.
წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.