2020 წლის პირველი ივნისიდან ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი ამოქმედდება, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით სამართლებრივ საფუძველს შექმნის. გარდა სხვადასხვა რეგულაციებისა, ახალი კოდექსი სპეციალური პროგრამების ამოქმედებასაც ითვალისწინებს, რომელთა მიზანიც ბავშვისთვის განათლებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, ძალადობისგან დაცვას, ბავშვისა და მშობლისთვის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების შექმნას და ა.შ. გულისხმობს.
კოდექსი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა შეიმუშავა. როგორც mshoblebi.ge-ს კომიტეტის აპარატში უთხრეს, საზოგადოებას სთავაზობენ ათ პროგრამას, საიდანაც განსახორციელებლად რამდენიმეს ადამიანები თავად შეარჩევენ. შერჩეული პროგრამებით სარგებლობას კი, ბავშვები და მშობლები კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეძლებენ.
პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:
ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერა; მშობლების კონსულტირება; ძალადობისაგან ბავშვის დაცვა; ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა; ბავშვის განათლების მხარდაჭერა; ბავშვის სოციალური აქტივობა; ბავშვის მოხალისეობა; დედათა და ბავშვთა თავშესაფარი; ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი; ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა.
ამ ეტაპზე პროგრამების შერჩევის პროცესი რეგიონებში მიმდინარეობს. რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ურიგდება სპეციალური კითხვარი, საიდანაც ირჩევენ სამ სასურველ პროგრამას, ხოლო შემდეგ განხორციელდება ის პროგრამები, რომლებიც ამა, თუ იმ რეგიონში ყველაზე უფრო მოთხოვნადი იქნება.
”კოდექსი ამოქმედდება 2020 წლის პირველი ივნისიდან, მანამდე გვაქვს იმპლემენტაციის ვადა - რვა თვე. კოდექსის განსახორციელებლად ახალი ბიუჯეტია საჭირო და სწორედ ახლა მუშაობს პარლამენტი ამ ბიუჯეტზე.
ჩვენ დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ხალხს ვაცნობთ ბავშვის უფლებათა კოდექსს და ამასთანავე, წარმოდგენილი გვაქვს ათი მთავარი პროგრამა. ათივეს განხორციელება ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ არ აქვს ბიუჯეტს შესაბამისი თანხა პირველივე წელს. მოქალაქეებმა უნდა შეარჩიონ, შემოხაზვის პრინციპით, რამდენიმე პროექტი. დავარიგეთ კითხვარი შეხვედრების დროს და მათ შემოხაზეს სასურველი პროექტი.
ტური აჭარიდან დავიწყეთ და მთელ საქართველოს მოვივლით, მათ შორის, ავალთ მაღალმთიან რაიონებშიც, იქაურ მოსახლეობასაც ვკითხავთ. აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე დიდი დაინტერესება გამოიკვეთა ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებაზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე და ძალადობისგან დაცვის პრევენციაზე, ამ სამ პროგრამას ხაზავენ ძირითადად.
ასევე გამოყოფენ იმას, რომ სურთ რეგიონში სპორტულ გამაჯანსაღებელი წრეების შექმნა. მათ უნდათ, ბავშვები სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. შემდეგი ტური რაჭაშია დაგეგმილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გაუწევს ზედამხედველობას იმას, თუ რომელი პროგრამა როგორ ხორციელდება, ხოლო ის, თუ რა პრინციპით განხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, იმ უწყების პასუხისმგებლობა იქნება, რომელიც მას შექმნის.
მაგალითად, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი რომ უნდა შეიქმნას ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად, ამას ხომ ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს?! თავისი ტერიოტიული ერთეულით, ასევე ფსიქოლოგით, მომსახურებით, რა თანხას გამოყოფს, როგორ ააგებს ამ სისტემას, ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ მერე მივალთ და შევამოწმებთ ეს პროგრამა სწორად მიმდინარეობს და სწორად ხორციელდება თუ არა”, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის აპარატში.
კომიტეტში გვეუბნებიან, რომ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ბავშვთა და მშობელთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრების შექმნას. ეს იქნება როგორც პრევენციული, ასევე უკვე დაფიქსირებული ფაქტის შემდეგ რეაბილიტაციის ცენტრი.
”პრევენციულში იგულისხმება ის, რომ თუ ოჯახში დავუშვათ არის ნარკოდამოკიდებული მამა. ან ალკოჰოლდამოკიდებული დედა, არიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მშობლები, იქნება ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი, სადაც მშობელი მივა და იტყვის, რომ დახმარება სჭირდება, ფსიქოლოგმა უნდა გაუწიოს დახმარება, ასვე უნდა შევთავაზოთ გადამზადება, რომ შემდგომში დასაქმდეს ეს მშობელი, რაღაც უნარები შეიძინოს, თავისი ოჯახის რჩენა შეძლოს”, - ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.
ასევე განმარტავენ, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი ათიდან რამდენი პროგრამის განხორციელება მოხერხდება, რადგანაც ამ ეტაპზე ბიუჯეტი დამტკიცებული არ არის. არც ის არის ცნობილი, რომელი პროგრამა იქნება უფასო და რომელი ფასიანი, თუმცა როგორც გვეუბნებიან, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, მარტოხელა დედებისთვის და მსგავსი მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროგრამებით სარგებლობა აუცილებლად უფასო იქნება.
ხატია ვარდოსანიძე