რატომ ვერ იღებს საქართველოში ქალების ნაწილი პროფესიულ განათლებას? - მთავარი დაბრკოლებები და რჩევები, როგორ მიაღწიოთ წარმატებას
რატომ ვერ იღებს საქართველოში ქალების ნაწილი პროფესიულ განათლებას? - მთავარი დაბრკოლებები და რჩევები, როგორ მიაღწიოთ წარმატებას
საქართველოში ქალების ნაწილისთვის განათლების მიღება ხელმისაწვდომი არ არის, რაც სხვადასხვა კვლევებითა და კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. არსებობს ბარიერები, რომელთა გადალახვაც ქალებს განათლების მისაღებად უწევთ. მათი ნაწილი ადრეულ ასაკში ვერ იძენს პროფესიას ნაადრევი ქორწინების, არასაკმარისი ფინანსების და სხვა მიზეზების გამო. ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული ცოდნით ვერ პოულობენ სამსახურს. ხდება ისეც, რომ ადრეულ ასაკში შეძენილ პროფესიაზე გარკვეული დროის შემდეგ მოთხოვნა აღარაა. 

ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანთა ნაწილს მიაჩნია, რომ განათლების მიღება
”ქალის საქმე” არ არის, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია. მსგავს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას განსაკუთრებით რეგიონებში ნახავთ, სადაც ხშირად გოგონებს ოჯახი ქორწინებას აიძულებს და ხელს უშლის განათლების მიღებაში.

mshoblebi

ასეთ დროს კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროფესიული განათლება, რადგანაც ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა ზრდასრულ ასაკშიც შეიძინოს, ან შეიცვალოს პროფესია, იქცეს კვალიფიციურ კადრად და შრომის ბაზარზე გახდეს კონკურენტული.

თუმცა პროფესიული განათლების მიღების კუთხითაც არსებობს ქალებისთვის დაბრკოლებები. ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე პროფესიული სასწავლებლების პრესტიჟულობის საკითხისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება. საზოგადოების ნაწილი პროფესიულ სასწავლებლებს არაპრესტიჟულად მიიჩნევს, მაშინ, როცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი სასწავლებლები კარგი შესაძლებლობაა ამა თუ იმ პროფესიაში ისეთი ცოდნის მისაღებად, რომელიც მსურველს კვალიფიციურ კადრად აქცევს.

mshoblebi.ge მოგიყვებათ ქალებზე, რომლებმაც ზრდასრულ
ასაკში პროფესია შეიცვალეს, მიიღეს პროფესიული განათლება და რეალურად ისეთი ცოდნა, რომელიც წარმატებული ბიზნესის შექმნაში დაეხმარათ.


68 წლის ექიმმა, იზოლდა ქიტესაშვილმა, 58 წლის ასაკში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროფესიული სასწავლებლების სისტემა ასე არ იყო განვითარებული, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. მან კენკროვანი კულტურების მოვლა ისწავლა. დღეს წარმატებული ფერმერია და ბევრი ადამიანისთვის, ბევრი ქალისთვის სამაგალითო გახლავთ. ამბობს, რომ სწავლის დაწყება, პროფესიის შეცვლა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება და არასოდესაა გვიან.

იზოლდა ქიტესაშვილი: "პროფესიული ცოდნა კოლეჯის, ”აისის” ბაზაზე მივიღე. შემთხვევით გავიგე, რომ მიმდინარეობდა ფერმერების გადამზადება, ჩემს მეუღლეს არ ეცალა და მე წავედი. იმდენად საინტერესოდ მომეჩვენა მეცადინეობები, რომ აქტიური მსმენელი გავხდი, იქ მოგვცეს კენკროვნების ნერგები. გავაშენე და ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარტო მე გავახარე. დღესაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, თანაც აქტიურად".

რჩევა ქალებს:

"საერთოდ, დღეს აუცილებელი არ არის უნივერსიტეტის დამთავრება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები მოდიან, ცარიელი, ორი ფარატინა ქაღალდი უჭირავთ და ვერაფერში იყენებენ ცოდნას. პროფესიულ სასწავლებელში ყველაფრის მიღება შეიძლება. გაქვს თეორიული ცოდნაც, პრაქტიკაც და ცხოვრებაშიც იყენებ.

ნებისმიერ ასაკში შეიძლება სწავლის დაწყებაც და პროფესიის შეცვლაც. ვთვლი, რომ ძალიან ცოტა იყენებს ამ შესაძლებლობას. საჭიროა ადამიანების ინფორმირებულობა, მათი ცნობიერების ამაღლება. მოსახლეობას პროფესიული სასწავლებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

mshoblebi
სხვა სფეროებს მე არ შევეხები, მაგრამ სოფლის მეურნეობაში განათლების ძალიან დაბალი დონე და სპეციალისტების ნაკლებობაა. ერთ ხელზე დაითვლი სოფლის მეურნეობის მიმართულებით სპეციალისტს. პროფესიულ სასწავლებლებში კი შეიძლება მიიღო პრაქტიკული ცოდნა, შემდეგ გამოიყენო კიდეც და სხვასაც გამოადგე.

რაც შეეხება პროფესიებისა და სასწავლებლების პრესტიჟულობას, ყველამ საკუთარ თავში უნდა დაძლიოს ბევრი რამ. მე ექიმის პროფესია კი არ დავთმე, ან გავცვალე, უბრალოდ, დავინახე სხვა საჭიროებები, სხვა ადგილი. ადამიანი თვითონ უნდა იყოს მოტივირებული", - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

42 წლის დარეჯან შალამბერიძემ, ქუთაისში, კოლეჯ იბერიაში კერვა შეისწავლა და ახლა საკუთარი სამკერვალო აქვს. დარეჯანი წლების წინ გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, თუმცა ლიცეუმი, სადაც ის ასწავლიდა, დაიხურა, სამსახური ვეღარ იშოვა, ამასთან ქმარს გაშორდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვით მარტო დარჩა და ახალი პროფესია დაეხმარა, რომ ფინანსური სირთულეები დაეძლია.

დარეჯან შალამბერიძე: ”12 წლის განმავლობაში ხელოვნების ლიცეუმში პედაგოგი ვიყავი, მერე დაიხურა და უსამსახუროდ დავრჩი. ჩავაბარე, ვისწავლე, ახალი პროფესია შევიძინე და ახლა კმაყოფილი ვარ. მიკრობიზნესი მაქვს, სამკერვალო გავხსენი და ასეა თუ ისე, მაქვს ჩემი შემოსავალი. 

სწავლა, თუნდაც პროფესიის შეცვლა, არასდროს არ არის გვიან. ახლა მარტო ვზრდი შვილებს და ფინანსურად ვარ დამოუკიდებელი, დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ ჩემს შვილებს ჰყოფნით, რაღაცნაირად ვანაწილებ.

რჩევა ქალებს:

"ვურჩევ ქალებს, რომ ისწავლონ რაიმე პროფესია. მით უფრო, თუკი მარტო დარჩები ცხოვრებაში, ქმარი არ მუშაობს, ხომ გინდა, რომ რაღაც შემოსავალი გქონდეს?! აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვურჩევდი ყველას, რადგანაც რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო ძლიერი ხარ.

სანამ კოლეჯს დავამთავრებდი მანამდე ისე მოხდა, რომ სამსახური დავკარგე, მეუღლეს დავშორდი, უკვე სამსახური მჭირდებოდა, რადგანაც არანაირი შემოსავალი არ მქონდა, მარტო დავრჩი ცხოვრებაში. ამან განაპირობა სასწრაფოდ ამ საქმიანობის დაწყება და გაამართლა კიდეც".

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე ამბობს, რომ სამინისტრო, ცნობიერების ასამაღებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს საინფორმაციო კამპანიას. მისი თქმით, ჯერ კიდევ არის სტერეოტიპული მიდგომა ქალებისა და კაცების პროფესიებთან დაკავშირებით:

”ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, ჩვენი ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის დახმარებით და რაც მთავარია, მორაგბეების ჩართულობით. ისინი მოუწოდებენ ადამიანებს პროფესიული განათლების მიღებისკენ და ამბობენ, რომ გუნდურობა და პროფესიონალიზმია გამარჯვების საწინდარი. სიანფორმაციო კამპანია გაშლილი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროფესიული განათლების შესაძლებლობებს გენდერულ ჭრილში თუ შევხედავთ, ისეთივე შეუზღუდავია, როგორც ასაკობრივ ჭრილში. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს საბაზო განათლება, ამის შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია ან შეიძინოს ახალი პროფესია, ან უბრალოდ, განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აქვს თუნდაც უკვე მიღებული პროფესიის ფარგლებში.

mshoblebi

პროფესიული განათლების ქსელი საკმაოდ ფართოა. ასზე მეტი პროფესიის შესწავლაა შესაძლებელი ბოლო მონაცემებით და გამორიცხულია, რომ ქალებმა ვერ შეძლონ და ვერ იპოვონ მათთვის საინტერესო პროფესია. პროფესიული განათლების მთელი სპეციფიკა არის ის, რომ ის ხელს უწყობს ადამიანის თვითგანვითარებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს თვითდასაქმებული, ან არ იყოს დასაქმებული, ის იყოს უბრალოდ დიასახლისი და ჰქონდეს იმის სურვილი, რომ გარკვეული, თუნდაც კულინარიული უნარები განივითაროს. ანუ პროფესიულ დონეზე ჰქონდეს განვითარებული ესა თუ ის უნარი.

ჩვენი მიდგომა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ დასაქმების ადგილებით, შეიძინონ პროფესიები, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნაა, თუმცა ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის თვითკმაყოფილების გრძნობის ამაღლება, ახალი ცოდნის მიღების შედეგად, თვითშეფასება იზრდება, რეალიზაციის შესაძლებლობა იზრდება. ადამიანს აქვს კომპეტენცია და შეუძლია საქმე მაღალ დონეზე გააკეთოს.

თუ შევხედავთ პროფესიებში ქალების და კაცების გადანაწილებას, ჯერ კიდევ არის საკმაოდ ღრმად ის განცდები, რომ არსებობს ქალების და კაცების პროფესიები, თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია, ჩვენ გვყავს ქალები, რომლებიც საინჟინრო მიმართულების პროგრამებზე სწავლობენ და ეს მისასალმებელია, რადგანაც ამსხვრევს სტერეოტიპებს.

დაინტერესება გაზრდილია კონკრეტულ პროფესიებზე. მაგალითად, ტურიზმის მიმართულებაზე. ამჟამად ვზრუნავთ იმაზე, რომ ადგილების რაოდენობა სწავლის მსურველთათვის კიდევ უფრო გაიზარდოს. განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონებს ვუთმობთ. იგეგმება ახალი სასწავლებლების გახსნაც. წლის ბოლოს დავასრულებთ კასპის კოლეჯის მშენებლობას, ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება ექვს ახალ ლოკაციაზე, მათ შორისაა, ბორჯომი, ახალქალაქი, მარნეული, წყალტუბო, ხაშური და მომდევნო წლიდან კიდევ ახალ მუნიციპალიტეტებს დავამატებთ.”


mshoblebi

2018 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 118 პროფესიული სასწავლებელია, სადაც საერთო ჯამში, ქალ სტუდენტთა რაოდენობა 43%-ია.


გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს კვლევის მიხედვით, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობის კუთხით, ქალებისთვის უმთავრესი დაბრკოლება პროფესიული სასწავლებლების სიმცირეა.

”არსებული ბარიერების გამო, ქალები არ ერთვებიან პროფესიული სწავლებისა და გადამზადების სისტემაში. აუცილებელია განვასხვავოთ 15-24 წლის გოგონებისა და ზრდასრული ქალების ჯგუფების განსხვავებული მდგომარეობა. ზრდასრული ქალებისთვის ბევრად ხელსაყრელია მომზადებისა და გადამზადების კურსები, მათი ხანგრძლივობიდან და დასაქმებისთვის საჭირო პროფესიის სწრაფად დაუფლების პერსპექტივიდან გამომდინარ”, - ნათქვამია ანგარიშში.

პროფესიები, სადაც გამოკვეთილია სქესის დისბალანსი:

mshoblebi
საბჭოს კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ არის პროფესიები, სადაც გამოკვეთილია სქესის დისბალანსი. მაგალითად ინჟინერიას 558 ქალი სწავლობს, მაშინ როცა ამ პროფესიას 2679 კაცი  ეუფლება. ქალებში უფრო პოპულარულია აგრარული საქმე. აგრარულ საქმიანობას 1122 ქალი და 521 კაცი სწავლობს, ასევე ქალებში პოპულარულია ბიზნესის ადმინისტრირება - 1141 ქალი და 225 კაცი. ჯანდაცვა - 604 ქალი, და 693 კაცი, დარგთაშორისი სპეციალობები 267 ქალი, 597 კაცი, ხელოვნება და ხელსაქმე - 675 ქალი, 136 კაცი. სხვა სეპციალობები - 255 ქალი, 306 კაცი.

გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიშის მიხედივთ, სასწავლებლების სიშორე განსაკუთრებული პრობლემაა იმ ქალებისთვის, ვინც ქალაქად არ ცხოვრობს. ასევე, ანგარიშში ჩამოთვლილია ის ბარიერები, რომლებიც ქალებს პროფესიული განათლების მიღებაში უშლიან ხელს. გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს:

ბარიერები:


  • მუნიციპალური ტრანსპორტი - ვინაიდან ქვეყანაში არ არის განვითარებული მუნიციპალური ტრანსპორტი, უახლოეს დაწესებულებამდე მგზავრობაც ბარიერია ქალებისთვის.
  • პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებული სტერეოტიპი - ასეთი სასწავლებლები არ ითვლება პრესტიჟულად, რაც ქალებისთვის კიდევ ერთი ბარიერია.
  • საცხოვრებელი ადგილი - საცხოვრებელი ადგილის, თუნდაც, რამდენიმეთვიანი ცვლილება ბევრი გოგოსა და ქალისთვის დაბრკოლებაა. ოჯახებისთვის ნაკლებსასიამოვნოა მათი საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებაც.
  • ინფრასტრუქტურა - პროფესიის დაუფლების დროს უმეტესად არ არის ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებელი, ბავშვის ოთახი და შესაბამისი მომვლელი/აღმზრდელი, გამართული არ არის კვების ინფრასტრუქტურა (რაც ასევე არ არის უფასო).
  • პროფესიების გენდერული დაყოფა - ”ქალური” და ”კაცური” პროფესიების არსებობა.
mshoblebi

ამასთან, 2019 წლის შემოდგომაზე მიღება 83 პროფესიაზე იყო გამოცხადებული. რეგისტრაცია ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. საქართველოს ყველა რეგიონში, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. დამატებით ინფორმაციას პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით გაეცანით ვებ-გვერდზე: http://vet.ge/

ხატია ვარდოსანიძე
1398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?