დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, ინფორმაცია მიიღონ ლაკონურად, მცირე დროში... ილუსტრირებული წიგნები არა მხოლოდ ბავშვებს მოსწონთ, უფროსებსაც. რაც უფრო თვალსაჩინოდ არის გადმოცემული წიგნში მოთხრობილი ამბავი, მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. ტელევიზიისა და კომპიუტერის სამყაროში ილუსტრირებულ გამოცემებს გაცილებით უფრო ადვილად აღიქვამენ დიდებიც და პატარებიც, მით უმეტეს, თუ ეს სათავგადასავლო, ისტორიული ჟანრის თუ საბავშვო ლიტერატურაა. ლამაზი და დახვეწილი ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნი ისე "შემოგეკითხება", ვერც მიხვდები. ამიტომ არის საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა იყოს მოწოდებული ლამაზი გაფორმებით, ლამაზი ილუსტრაციებით, ადვილად გასაგები ტექსტებით, რათა მისი აღქმა, გაცნობიერება, გააზრება არც ერთი კატეგორიის მკითხველს არ გაუჭირდეს და არ დაეზაროს. მალე ამგვარ წიგნებს შეემატება "პალიტრა L"-ის ახალი, დროული და აქტუალური გამოცემა - "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ტომებად. ეს წიგნი არა მარტო ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, მის წარმოსახვასაც გაააქტიურებს, წარსული დროის მნიშვნელოვან დეტალებს გააცოცხლებს მათ თვალწინ და ამოგზაურებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
სერია თამარის ბრწყინვალე ეპოქით იწყება – გამარჯვებების ეპოქა, მდიდრული სამოსი, ლამაზი ხალხი, ყველაფერი შთამბეჭდავია. როგორც პროექტის ავტორი, ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ამბობს, - დღევანდელი დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, ინფორმაცია მიიღონ ლაკონურად, მცირე დროში... იმავდროულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემეცნებისთვის ვიზუალური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა დღევანდელ მსოფლიოში აპრობირებული პროექტი. ახალი თაობა ამა თუ იმ საგანს სწორედ ასეთი გზით სწავლობს.
წიგნი გამდიდრებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ამსახველი ფოტომასალით, რომელიც აქამდე არსად გამოცემულა. რვა მხატვარმა კი საგანგებოდ ამ გამოცემისთვის ახალი ილუსტრაციები შექმნა.
საქართველოში პირველად გამოვა "ილუსტრირებული საქართველოს ისტორია". ამ პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მათი ქვეყნის ისტორია შევაყვაროს. წიგნები ნოემბრიდან თვეში ერთხელ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.