„მინისტრის ხშირი ცვლილება ძალიან ცუდია იმიტომ, რომ პროცესები წყდება, ფერხდება, მაგრამ მეორე მხრივ, შეუფერებელი მინისტრი სჯობს, რომ ისევ შეიცვალოს“, – ასე აფასებს mshoblebi.ge-სთან საუბრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ფსიქოლოგიის პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ექსპერტი განათლების საკითხებში, ზურაბ ვახანია.
ვახანია მიიჩნევს, რომ განათლების სისტემას მხოლოდ მინისტრის ცვლილება ვერაფერს უშველის. მისი აზრით. უწყებაში გადაწყვეტილებების მიმღები მთლიანი გუნდია შესაცვლელი.
ზურაბ ვახანია: „ცხადია, რომ მინისტრის ხშირი ცვლილება ძალიან ცუდია იმიტომ, რომ პროცესები წყდება და ა.შ. მაგრამ მეორე მხრივ, შეუფერებელი მინისტრი სჯობს, რომ ისევ შეიცვალოს. მთავარია, თავიდანვე დაინიშნოს ღირსეული მინისტრი, საქმის გამკეთებელი, პროფესიონალი, რაც ჩვენთან არ ხდება.
კიდევ ერთი საკითხია, მარტო მინისტრი არ არის, მინისტრთან ერთად მთავარია ასევე მისი ჯგუფი, მისი გუნდი და ეს გუნდი თუ არ შეიცვალა, მინისტრის შეცვლა არაფერს არ უშველის. რეალურად, მინისტრები იცვლებიან, მაგრამ გუნდი იგივე რჩება. განათლების სამინისტროში 80% ისევ ნაცების დროინდელები არიან. შეიძლება 15 წელი ერთი და იგივე ადამიანები იყონ სისტემაში?! მითუმეტეს, როცა ყველა ხედავს, როგორ უკან უკან მიდის განათლების საქმე და ეს არავის არ აინტერესებს. ისევ ის ე.წ. ექსპერტები არიან თანამდებობებზე და ისევ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. გადაწყვეტილებების მიმღები გუნდი უნდა შეიცვალოს.
დაუშველებელია განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროები ერთ სისტემაში იყოს და ვფიქრობ, უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს. თუ უნდოდათ თანამდებობათა რაოდენობის შემცირება, შეიძლებოდა თვითონ შიგნით შეემცირებინათ. გაერთიანებამ არაფერი მოიტანა, უფრო ძნელად სამართავი გახდა, მაგრამ ეს არ არის არსებითი, მთავარი სხვა რამეა, მთავარია პროფესიონალიზმი და ნება იმისა, რომ მართლა გაკეთდეს საქმე.
ბატიაშვილს არაფერი სისტემური რეფორმები არ დაუწყია, საუბრობდა პრემიერ–მინისტრი, რეფორმები უნდა დავიწყოთო, მე არ ვიცი ბატიაშვილმა რა სისტემური ცვლილებები დაიწყო, პირიქით, მის დროს რაც ხდებოდა, ხდებოდა უსისტემოდ და მთლიანი, შორსმიმავალი სტრატეგიის გარეშე.
ბოლო მინისტრის დროს რა ცვლილებებიც განხორციელდა, ყველა იყო ცუდი, უაზრო და ხელისშემშლელი, რომელ სისტემურ ცვლილებებზეა საერთოდ საუბარი?! დაფინანსების მომატება ყოვლად აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარია შინაარსი, ანუ ის, თუ რაში გამოიყენებ ამ დაფინანსებას. ხარისხის გაუმჯობესების მხრივ არათუ არაფერი არ კეთდება, პირიქით, წლიდან წლამდე სულ უარესდება განათლების ხარისხი, განუხრელად, წლები გადის და ხარისხი უარესდება და ამაზე პასუხს არავინ არ აგებს.
პირადად მინისტრი შეიძლება არც იყოს ძალიან ზუსტად ჩახედული ყველა იმ ფაქიზ, წვრილმან საკითხებში, რომლებიც გადამწყვეტია, საერთოდ კი, წვრილმანებშია ძაღლის თავი დამარხული, ჰოდა შეიძლება არ იცოდეს თვითონ მინისტრმა, მაგრამ მინისტრი უნდა იყოს პატიოსანი და საქმეზე ორიენტირებული და არა ათასნაირ გარეშე ინტერესებზე კონცენტრირებული. საქმეზე ორიენტირებული ნიშნავს, რომ უნდა მოიყვანოს კარგი ექსპერტები, რომლებმაც კარგად იციან სწორედ ის წვრილმანები, რომელთა ცოდნის გარეშეც საქმე კარგად არ გაკეთდება. ამას უდიდესი გამოცდილება სჭირდება. მინისტრს შეიძლება არ ჰქონდეს ეს უდიდესი გამოცდილება, მაგრამ სწორი ხედვა უნდა ჰქონდეს და საქმეზე ორიენტირებული უნდა იყოს. მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება. დღეს, სამწუხაროდ, ამაზე არავინ არ ფიქრობს.“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობის დატოვების თხოვნით პრემიერ–მინისტრს მიმართა. გიორგი გახარიას თქმით, განათლების მინისტრი თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.
"მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
ხატია ვარდოსანიძე