განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, აბიტურიენტების მთავარი შეკითხვა ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ზოგად უნარებს ეხება. 2020 წლისთვის, ბოლო ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა განათლების მინისტრის გადადგომამ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩინა.
mshoblebi.ge-ს აბიტურიენტები სწორედ უნარების გამოცდებთან დაკავშირებული შეკითხვებით მოგვმართავენ. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აინტერესებთ, დააბრუნებენ თუ არა უნარების გამოცდებს. ასევე, აბიტურიენტთა ფეისბუქ-ჯგუფებში აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს.
- "ამბობენ, რომ უნარები დაბრუნდებაო, მართალია?"
- "ლამის ნახევარი წელი გავიდა, ვემზადები და ახლა თქვეს, უნარები დაბრუნდებაო, მეშინია, რომ დრო არ მეყოფა, ხომ არ იცით, მართალია?" - გვწერს მკითხველი.
რას წერენ აბიტურიენტები "ფეისბუქში"?
- "რატომ გვსტრესავთ?"
- "ბატიაშვილის მოსვლის დროსაც ამბობდნენ, მაგრად დაგერხევათო და საატესტატო და უნარები მოხსნეს. ასე რომ, ბავშვებო, ნუ გეშინიათ".
- "დაგვერხააა... ახლა უნარებს დააბრუნებენ."
- "წელს არ არსებობს რაიმე შეიცვალოს გამოცდების მხრივ, ლამის ნახევარი დროა გასული მომზადების, რა სისულელე იქნება უნარების დამატება", - წერენ სოციალურ ქსელში.



შესაძლებელია თუ არა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა დააბრუნონ?
ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად mshoblebi.ge "გამოცდების ეროვნულ ცენტრს" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ზოგადად, გამოცდებზე რაიმე საგნის დამატება, შეცვლა, უშუალოდ განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. რაც შეეხება განათლების სამინისტროს, ჯერჯერობით ახალი მინისტრის ვინაობაც არ არის ცნობილი. ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის
„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის შემდეგ.
მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავად მიმართა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება "პირადი მიზეზით" მიიღო. ვინ დაიკავებს მინისტრის ვაკანტურ სავარძელს ჯერჯერობით უცნობია.