"ჩვენი მიზანი განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენაა" - ოლიმპიადა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ასპარეზობაში ეხმარება
"ჩვენი მიზანი განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენაა" - ოლიმპიადა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ასპარეზობაში ეხმარება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საშუალო საფეხურის სკოლის (მე-10-მე-12 კლასი) მოსწავლეებისთვის გათვლილი უფასო ოლიმპიადაა, რომლის გამარჯვებულებიც საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენენ.

ოლიმპიადასთან დაკავშირებული კითხვებით mshoblebi.ge-ს მოსწავლეები და მათი მშობლები მომართავენ. მოზარდებს ძირითადად აინტერესებთ, ფასიანია თუ არა ოლიმპიადაში მონაწილეობა, როგორ შეიძლება გახდნენ ოლიმპიადის მონაწილეები, ვინ და რაზე დაყრდნობით ადგენს ტესტებს, რამდენი ტურის გავლა მოუწევთ და რა იქნება პრიზები.

ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე პასუხები გამოცდების ეროვნულ ცენტრში მივიღეთ.

ცენტრში გვეუბნებიან, რომ ეროვნული
სასწავლო ოლიმპიადა არის უფასო და ის სამ ეტაპად ტარდება, გამარჯვებული მოსწავლეები კი, საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენენ.


„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის (მე-10-მე-12 კლასები), თუმცა საბაზო საფეხურის მოსწავლესაც შეუძლია მასში მონაწილეობა, თუ პროგრამის დაძლევა არ გაუჭირდებათ. მათ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სკოლა. სკოლაშივე იმართება პირველი ტური, ცენტრის მიერ მომზადებული დავალებებით. ხოლო მეორე და მესამე ტურს ცენტრალიზებულად ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რომელ საგნებში ტარდება ოლიმპიადა?

ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო
საგანში.

რის მიხედვით ადგენენ ოლიმპიადისთვის განკუთვნილ ტესტებს და სცდება თუ არა ის სასკოლო პროგრამას?

"რაც შეეხეება ოლიმპიადის ტესტებს, ის შესაძლოა სცილდებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოებს, რადგან მისი მიზანი განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენაა, რომლებიც შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე უნდა გაემგზავრონ", - გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რამდენ ეტაპად და როდის ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა?


ცენტრის ცნობით, პირველი ტური ყოველთვის ნოემბერში ტარდება, მეორე – იანვარში, ხოლო მესამე – მარტში. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60%, ან მეტი და ამასთან ერთად, მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მეორედან მესამე ტურში გადადის 50 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, ხოლო დასკვნით, მესამე ტურში 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება და მათ განათლების სამინისტრო სიგელებითა და ფულადი პრემიებით აჯილდოებს.

რომელ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენენ გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს?

გამარჯვებულები საქართველოს წარადგენენ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე. მონაწილეობას იღებენ გუნდურად, მათ გადამზადებასა და გამგზავრებას ადმინისტრირებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევს.

mshoblebi

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე 6 ნოემბერს დააჯილდოვა.

პრიზები:

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას საჯარო და კერძო სკოლების 35000-მდე მოსწავლე იღებს. 2018-2019 სასწავლო წელს ოლიმპიადა შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და ინფორმატიკა. ოლიმპიადა ასევე, ჩატარდა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეეძლოთ უსინათლო მოსწავლეებსაც (გამოყენებულია ბრაილის შრიფტი) და იგი 3 ეტაპს – სასკოლო, რეგიონული და დასკვნით ტურებს მოიცავდა.

ხატია ვარდოსანიძე
572
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი