განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა მას ადრეც, კონკრეტულად კი 2017 წელს ეკავა.
როგორც მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მინისტრს დეკლარაციის შევსების დროს თი-ბი-სი-ს სახელფასო ანგარიშზე 119424,36 ლარი ჰქონდა. დეკლარაცია 2018 წლის 12 იანვარსაა შევსებული.
გავეცნოთ მიხეილ ჩხენკელის დეკლარაციას უფრო დეტალურად:
მინისტრი 1968 წლის პირველ აპრილს დაიბადა. ჰყავს მეუღლე, ია ჭანუყვაძე.
დეკლარაციის შევსების მომენტში ჩხენკელი თი-ბი-სი-ს სახელფასო ანგარიშზე 119424,36 ლარის გარდა ასევე ფლობდა 10303,16 დოლარს PNC-ის ანგარიშზე. ჩხენკელი 1%-იან წილს ფლობს შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ასევე ფლობს შპს გაუ წიგნების 20%-იან წილს, შპს გაუმარჯოს (კაფე, საკვები პროდუქტების წარმოება) 52%-იან წილს.
2017 წელს მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში, 2017 წლის პირველ იანვარს ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა და აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრამდე იკავებდა. ასევე, 2017 წელს მუშაობდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, 2017 წლის 13 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
2018 წლის მონაცემებით მინისტრის მეუღლე, ია ჭანუყვაძე გაეროს ბავშვთა ფონდში პროგრამის ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა და დეკლარაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 80 325 ლარი შეადგინა.
დეკლარაციაში არ არის ინფორმაცია მიხეილ ჩხენკელის უძრავი ქონების შესახებ.
მინისტრად განმეორებით დანიშვნამდე ის განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრის დეკლარაციას დეტალურად გაეცანით ბმულზე: მიხეილ ჩხენკელის დეკლარაცია.