მიტოვებული სახლები, ადამიანების მომლოდინე შენობები ყოველთვის მძიმე სანახავია. ფოტოები კი, რომელსაც ახლა დაათვალიერებთ, განსაკუთრებით სევდიანია. მათზე წყალტუბოს მიტოვებული ბიბლიოთეკაა აღბეჭდილი.
ფოტოები „ფეისბუქში“ ქუთაისელმა გოგონამ, ლოლა ხაჭაპურიძემ გამოაქვეყნა. ის ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს და მეათე კლასშია. ლოლა ფოტოგრაფიითაა გატაცებული და გვიყვება, რომ წყალტუბოს სანატორიუმების სანახავად და იქ ფოტოების გადასაღებად ხშირად დადის.
წყალტუბოში მეგობართან ერთად ერთ–ერთი ვიზიტის დროს კი, სანატორიუმ „მეტალურგში“ მიტოვებული ბიბლიოთეკა აღმოაჩინა.
როგორც ფოტოებიდანაც ჩანს, ოთახში წიგნები იატაკზეა მიყრილ–მოყრილი.
„წყალტუბოს სანატორიუმები ძალიან მიყვარს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ შენობებს რაღაც განსაკუთრებული აქვს. ჩემმა მეგობარმა შემთხვევით მიაგნო ამ ბიბლიოთეკას. როცა პირველად ვნახეთ, ბიბლიოთეკა ასეთ მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ახლა ასეთი ვითარება დაგვხვდა.
ვიცი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სანატორიუმმა არსებობა შეწყვიტა და აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ აქ დევნილები დასახლდნენ. ოცამდე სანატორიუმია აქ, საოცარი არქიტექტურით. ყველა დავათვალიერე და ყველა სანატორიუმში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დევნილებსაც საშინელ პირობებში უწევთ ცხოვრება“, – ამბობს ლოლა.
მისი თქმით, მიტოვებულ ბიბლიოთეკაში წიგნებს გადახედა და ძირითადად არის სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე ქართული ლიტერატურა რუსულ ენაზე ნათარგმნი და რუსული ლიტერატურა.
ლოლა გვიყვება, რომ ბიბლიოთეკა ადრე ასეთ მდგომარეობაში არ იყო. 2019 წლის აპრილში წიგნები თაროებზე იყო დალაგებული და ამის ამსახველი ფოტოებიც აქვს, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარაა.
„გულში რაღაც იმედი მაინც მაქვს რომ ამ წიგნებზე ვინმე ზრუნავს, რადგან როცა პირველად მოვხვდით აქ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი, თუმცა დღეს რაც ვნახე, იმან ნამდვილად გამაოგნა“, – ამბობს ლოლა ხაჭაპურიძე.