გიორგი მეგრელიძე ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მაღალი შედეგი აჩვენა. გიორგი სხვა მოსწავლეებისგან იმით გამოირჩევა, რომ ერთნაირად წარმატებულია თითქმის ყველა საგანში. ამ შემთხვევაში კი, მაღალი შედეგი აქვს ინგლისურში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ფარგლებში, მან ინგლისურში 40-დან 40 ქულა მიიღო, მათემატიკაში - 20-დან 18, ფიზიკაში - 25-დან 21, ხოლო ბიოლოგიაში - 25-დან 17 და ოთხივე საგანში აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
გიორგის მამა, ამირან მეგრელიძე mshoblebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავს წარმატებებს გიორგისგან შეჩვეულები არიან, რადგან აქამდეც მონაწილეობდა სხვადასხვა ოლიმპიადაში და ყველგან წარმატებული იყო. როგორც გიორგის მამა ამბობს, მას მათემატიკის ნიჭი პატარა ასაკიდან აღმოაჩნდა. თუმცა არ უყვარს აფიშირება, საკუთარ თავზე საუბარი, სოციალურ ქსელშიც კი არ არის დარეგისტრირებული.
ამირან მეგრელიძე: "გიორგის არაერთ ოლიმპიადაში მიუღია მონაწილეობა. 6-7 წლიდან ასე მოდის, წარმატებულად, არაერთხელ გასულა პირველ ადგილზე. ახლაც, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიდაში უმაღლესი შეფასებით გადავიდა მეორე ტურში.
– რომელი საგანი უყვარს განსაკუთრებით?
– ყველა საგანს კარგად სწავლობს, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა და ფიზიკა უყვარს. ბავშვობიდან მათემატიკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა საგანში თანაბრად ძლიერია.
– სწავლის გარდა რა ინტერესები აქვს, რა არის გიორგის ჰობი?
– მარტო სასკოლო საგნების სწავლით არ შემოიფარგლება მისი ინტერესები. ბრწყინვალედ უკრავს გიტარაზე და ამ კუთხითაც ძალიან ნიჭიერია, თუმცა თავმდაბალია და აფიშირება არ უყვარს.
– ფიზიკა–მათემატიკაში ძირითადად კომაროვის სკოლის მოსწავლეები აღწევენ ხოლმე წარმატებას და საკმაოდ იშვიათია, ასეთი შედეგი რეგიონში მცხოვრებმა მოსწავლემ აჩვენოს. რას უკავშირებთ გიორგის წარმატებას – განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ძალიან შრომისმოყვარეა, პედაგოგების დამსახურებაა, თუ ამ ყველაფრის კომბინირების შედეგია? – თავიდანვე აქვს ეს განსაკუთრებული ნიჭი, დაბადებიდანვე. არასოდეს გვქონია ის მომენტი, რომ განსაკუთრებით მოგვემზადებინა, უამრავი მოწვევა გვქონდა ვეკუას სკოლიდანაც, კომაროვის სკოლიდანაც, შეხვედრები იყო, მაგრამ თავისივე ინიციატივით, ოზურგეთში დარჩა და ასე ვთქვათ, აქედან პაექრობს იმ ბავშვებთან. კეთილი გაგებით ვამბობ ამას. ძირითად შემთხვევებში, სხვა წარმატებული მოსწავლეებიც დაადასტურებენ, რომ გიორგის სახელი და გვარი ყოველთვის ფიგურირებს გამარჯვებულებში.
– როგორი იყო პატარა ასაკში, უყვარდა სხვა ბავშვების მსგავსად თამაში, თუ მხოლოდ სწავლით ინტერესდებოდა?
– ძალიან პატარა იყო, ალბათ სამი წლის, როცა უკვე წერა-კითხვა იცოდა, თან უცნაური ის არის, რომ თავისით ისწავლა, ჩვენ არ ჩავრეულვართ. ასეთივე მიდრეკილება ჰქონდა თავიდანვე მათემატიკის მიმართ. რვა წლის ასაკში ცდილობდა, რომ თავისი მათემატიკური ფორმულები გამოეგონა. იყო რაღაც შემთხვევები, რომ მის აღმოჩენებს პედაგოგები დიდხანს ახსნას ვერ უძებნიდნენ. განსაკუთრებულად არაფერში მოგვიმზადებია.
თუკი რამე ოლიმპიადა ტარდებოდა, კერძო, თუ სახელმწიფო, ყველგან იღებდა მონაწილეობას. მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით რვა წლიდან უზრუნველყოფს საკუთარ თავს, აბსოლუტურად ყველას დახმარების გარეშე, ანუ ფინანსურ მხარეს თვითონ უზრუნველყოფს. ოლიმპიადებში იღებს ფულად ჯილდოებსაც, ჩუქნიან სხვადასხვა ტექნიკას და იმის საფუძველზე, რასაც ცხოვრებაში აკეთებს, აღწევს, ფინანსური კუთხით აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცხოვრობს უკვე.
– როგორი ბიჭია გიორგი, ვიცი, რომ „ფეისბუქი“ არ აქვს და არ უყვარს სოციალური ქსელები... – ძალიან თავდმდაბალი ადამიანია და თავისი მეგობრებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ყველაზე მეტად მომწონს მასში. საკუთარ პირად ამბიციებს გვერდზე გადადებს ხოლმე და პირველ რიგში, მეგობარს დაეხმარება. ჯერ მას გააკეთებინებს რაიმეს და გააკეთებს საკუთარი თავისთვის. რაც მთავარია, ამ ყველაფერს იდეალურად ასწრებს. არ აქვს „ფეისბუქი“ კატეგორიულად უარს აცხადებს ამაზე იმიტომ, რომ აფიშირება არ მოსწონს.
– და-ძმა თუ ჰყავს გიორგის, მოგვიყევით მათ შესახებ, ისინიც ასეთი წარმატებულები არიან?
– გიორგის ჰყავს სამი დაიკო. ნანუკა არის 14-ის, ნინი - 10-ის და უმცროსი, ქრისტინე – 4 წლის. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ძმაა. განსაკუთრებით პატარა დაიკოზე გიჟდება, მეგობრულია და ამავდროულად, მომთხოვნი სწავლის კუთხით. მთლად ვერ ვიტყვი, რომ გიორგის მსგავსად წარმატებულები არიან, მაგრამ ისინიც კარგად სწავლობენ, თავიანთი ინტერესები აქვთ, უფრო ხელოვნების მიმართულებით.
– თქვენ რა პროფესიის ხართ? – მე სტომატოლოგი ვარ. ჩემი მეუღლეც ექიმია, გიორგის ბებო პედაგოგია, ბაბუა ექიმი, მამიდაც ექიმი და ყველანი ვცხოვრობთ ერთად, ერთ დიდ ოჯახად.
– როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა შვილის წარმატებისთვის, როგორ უნდა შეუწყოს ხელი მისი ნიჭის განვითარებას, რას ურჩევდით სხვა მშობლებს?
– ვცდილობ, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს, რა თქმა უნდა, შორიდან ზედამხედველობის ქვეშაა, მაგრამ არ შეიძლება ზედმეტი ზეწოლა – ეს გააკეთე, ის გააკეთე. რაღაცების მითითება ზედმეტად არანაირად არ შეიძლება. ცდილობს, რომ ცხოვრებაში თავისი გზა ნახოს, თავისი სირთულეები თვითონვე გადალახოს. ასე უფრო მტკიცე გახდება. მე ყველა მშობელს ასე ვურჩევ, რა თქმა უნდა, შორიდან, გყავდეთ შვილები დიდი ყურადღების ქვეშ, მაგრამ ამავდროულად, დამოუკიდებლად ცხოვრებას შეაჩვიეთ. ბრძოლის უნარი პატარაობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს. რა თქმა უნდა, სირთულეები ექნებათ, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვით ყველა სწავლობს სწორად ცხოვრებას. ასე რომ, მეტი დამოუკიდებლობა ბავშვებს.
მინდა დავამატო, რომ ჩემი აზრით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ბავშვებზე დგას და ერთადერთი ხსნა არის ის, რომ ამ ბავშვებს როგორმე ხელი შევუწყოთ სწავლაში და წინსვლაში. ერთადერთი სწორი გზა ალბათ ეს არის. ყველას ვუსურვებ წარმატებას. მინდა, რომ ბევრი, ბევრი გახარებული და გამარჯვებული ბავშვი დავინახო."
მიუხედავად იმისა, რომ თავად გიორგის არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაინც დაგვთანხმდა ინტერვიუზე. მან გვითხრა, რომ ჯერჯერობით სამომავლო პროფესია არჩეული არ აქვს. წარმატებულმა ოზურგეთელმა მოსწავლემ თავისი წარმატების საიდუმლოც გაგვიმხილა:
- მათემატიკა მიყვარს ყველაზე მეტად და ბავშვობიდანვე მონაწილეობას ვიღებდი ოლიმპიადებში. თავისუფალი დროს მუსიკას ვუსმენ, კომპიუტერული თამაშებიც მიყვარს.
– ნიჭი თუ შრომა – რომელი უფრო მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და თუ არის ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომ მეცადინეობა გეზარება?
– რა თქმა უნდა, მაქვს ხოლმე ის მომენტი, როცა მეცადინეობა მეზარება. ალბათ, ასეთი რამ ყველას ემართება. ნიჭიც აუცილებელია და შესაბამისი შრომაც, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იშრომოს ადამიანმა და შედეგს ვერ მიაღწიოს იმიტომ, რომ საჭიროა სწორი მიმართულებით შრომა.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების განმაპირობებელი ის კი არ არის, რომ ძალიან ბევრი ვიშრომე, არამედ ის, რომ სწორი მიმართულებით ვიშრომე.
– თუ ხარ ჩამოყალიბებული ჯერ, თუ გაქვს გადაწყვეტილი, სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევ?
– პროფესიასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. მათემატიკა და ფიზიკა მიზიდავს, მაგრამ კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, რას ვაპირებ. ამ ბოლო დროს სამედიცინო სფერომაც დამაინტერესა და ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდი.
– „ფეისბუქზე“ რატომ თქვი უარი?
– განსაკუთრებული მიზეზის გამო არ მითქვამს უარი სოციალურ ქსელზე, არ ვინტერესდებოდი იმით, რასაც იქ ვხედავდი, არც იმის სურვილი მიჩნდებოდა, რომ ხალხისთვის რაიმე საჯაროდ მეთქვა. არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა ჩემთვის და შესაბამისად, გავაუქმე. ჩემთვის საინტერესო არ იყო.
– არაერთი ოლიმპიადის მონაწილე და გამარჯვებული ხარ, რას აძლევს მოზარდს ოლიმპიადებში მონაწილეობა, თავად რაში დაგეხმარა, რა ჩვევები გამოგიმუშავა?
– ბავშვობიდან ოლიმპიადებმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. ეს იყო რაღაც გამოწვევა, ახალი სივრცე, სადაც შემეძლო შევჯიბრებოდი სხვა მოსწავლეებს. როდესაც იქ იყო ადგილებისთვის ბრძოლა, სხვადასხვა პრიზი, ეს ყველაფერი კიდვ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა და როდესაც რამეს ვერ მივაღწევდი, მერე მიჩნდებოდა სურვილი, რომ მეორედაც მეცადა და შევჯიბრებოდი სხვა წარმატებულ მოსწავლეებს. ოლიმპიადამ მომცდა დამატებით ახალი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მესწავლა.
– გაქვს წარმატების რაიმე ფორმულა? რას ურჩევდი შენს თანატოლებს, როგორ გახდნენ წარმატებულები?
– ფორმულა ისეთი არაფერი მაქვს, მაგრამ ისევ იმას ვიტყვი, რომ ბევრ შრომაზე უფრო მნიშვნელოვანია შრომა სწორი მიმართულებით. იფიქრონ იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, ისწავლონ ის, რაც რეალურად სჭირდებათ. იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ დიდ დროს ხარჯავენ ისეთ დავალებებზე, რომლებიც შეიძლება მაინცდამაინც სასარგებლო არ იყოს.
ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის ერთგვარად ახალი სივრცეა, რომლის საშუალებითაც სხვა მხრივ ვსწვალობთ ამა თუ იმ საგანს. მაგალითად, სულ სხვანაირი ამოცანებია იქ. მე რომ გავყოლოდი ჩვეულებრივი სკოლის პროგრამას, ის მეკეთებინა მხოლოდ, რასაც მასწავლებელი მეუბნებოდა, რაც არ უნდა ბევრი მემეცადინა, შეიძლება ამ შედეგისთვის ვერ მიმეღწია. მასწავლებლებსაც, რა თქმა უნდა, დიდი როლი მიუძღვით ჩემს წარმატებაში.
დავამატებ, რომ ოლიმპიადაში წარმატების მისაღწევად განსხვავებული ტიპის მომზადებაა საჭირო. ამიტომ, ყველას ვეტყოდი, რომ აკეთონ ის, რაც რეალურად უფრო სასარგებლოა და უსარგებლო რაღაცებზე დრო არ დაკარგონ.
ხატია ვარდოსანიძე
ვუნდერკინდი სოფელ გამარჯვებიდან, რომელიც თბილისში მშობლების გარეშე ცხოვრობს, მისი შექმნილი რობოტი კი მსოფლიომ აღიარა