მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2018-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევაში 79 ქვეყანაზე მეტი მონაწილეობდა.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ 15 წლამდე ახალგაზრდები, დაახლოებით 32 მილიონზე მეტი სკოლის მოსწავლე.
კვლევა ეხებოდა მოსწავლეთა დონის დადგენას საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და წიგნიერებაში.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველომ კიდევ უფრო დაბალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით - წიგნიერებაში.
ქართველი მოსწავლეების შედეგები ბევრად ჩამორჩება აზერბაიჯანელი და ყაზახი მოსწავლეების შედეგებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, საერთო სურათი სახარბიელო არ არის, თუმცა ბოლო ათწლეულთან შედარებით დინამიკა ზრდადია.
- “OECD”-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს.
დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მაია კაპანაძის შეფასებით, მიღებული შედეგები ქვეყანაში არსებულმა განათლების ჯაჭვური პროცესების დარღვევამ გამოიწვია.
- ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი ერთი მთლიანი ჯაჭვია, წარმოიდგინეთ, საქართველოში მოზარდი ვერც ერთ ეტაპზე ვერ იღებს სათანადო განათლებას. ჩვენი ქვეყანა მიბმულია ბოლონიის პროცესს, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია განათლების კუთხით. გადახედეთ სკოლის სახელმძღვანელოებს და გაოცდებით, რას სწავლობენ მოზარდები. უნივერსიტეტში მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ ფუნდამენტური ცოდნა, შესაბამისად უჭირთ, ახლის მიღება და შემეცნება. ამ ტემპით, უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ, კარგი კადრების დეფიციტი გვექნება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძირეული ცვლილებები. მთლიანად უნდა შეიცვალოს არსებული განათლების სისტემა, უნდა შემუშავდეს მორგებული სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამები“, - აღნიშნა მაია კაპანაძემ.
კვლევების საერთო სურათის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა პანამა, ინდონეზია, მაროკო, კოსოვო, ლიბანი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ფილიპინები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018 აფასებს მოსწავლეების იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის.
რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს, მათ შორის, დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.
ნინო მღვდელაძე