გელა პატაშური 20 წლის ქართველი წარმატებული სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში École polytechnique-ის უნივერსიტეტში სწავლობს. მოსწავლეობის პერიოდში არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიუღწევია წარმატებისთვის. მიუხედავად პატარა ასაკისა, მან უკვე მასწავლებლობაც მოასწრო.
გელა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს და როგორც mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, თავიდან ზოგიერთ პედაგოგს უნიჭო ეგონა, თუმცა ეს მისთვის მოტივაცია გახდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ბევრი რამ შეეძლო. ახლა ნიჭიერი სტუდენტის მიზანი დიდ თეორიტიკოს ფიზიკოსებთან ერთად მუშაობაა.
ფიზიკა-მათემატიკის გარდა სხვა ინეტერესებიც აქვს, თუმცა მთავარ პროფესიაზეა კონცენტრირებული.
გელა პატაშური: ამჟამად გახლავართ 20 წლის და ვსწავლობ პირველ კურსზე École Polytechnique-ში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე წესით, 18 წლის უკვე სტუდენტი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი ინგლისურის სწავლას შევალიე უცხოეთში წასვლის მიზნით.
École Polytechnique-ში მოსახვედრად ორი ეტაპის გავლა მომიწია. პირველ ეტაპზე გავაგზავნე აპლიკაცია, სადაც მთხოვდნენ სკოლის ქულებს, მიღწევებს და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საბუთს. ამის გარდა დასაწერი იყო სამი ესე, სადაც უნდა ასახულიყო ამ უნივერსიტეტის არჩევის მიზეზი, ჩემი სამომავლო მიზნები, ინტერესის სფერო და მსოფლიოში არსებული რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაზეც ვისურვებდი მუშაობას პოლიტექნიკში მიღებული ცოდნით. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ეს წარმოადგენდა ინტერვიუს, სადაც მომიწია მათემატიკის ამოცანების ამოხსნა. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიმიღეს და სწავლის საფასური უნივერსიტეტმა დამიფინანსა.
- საქართველოში სად მიიღე განათლება, რომელ სკოლაში სწავლობდი?
- თავიდან ვარკეთილში ვსწავლობდი 180-ე საჯარო სკოლაში, მაგრამ დამაკაყოფილებელი დონე არ იყო, რთული კლასი შემხვდა, მასწავლებლები ვერ გვიძლებდნენ და ხშირად ვიცვლიდით დამრიგებლებს. დროის დიდ ნაწილს მასხარაობაში და სიცილში ვატარებდით. მაგრამ ზოგჯერ მღლიდა ამდენი უაზრობა. მერე გადავედი კერძო სკოლა "ნინო“-ში. იმ დროს მეშვიდე კლასში ვიყავი. კარგი კლასი და კარგი მასწავლებლები დამხვდნენ. წიგნებს კითხულობდა ყველა, მეც ამიყოლიეს და ალბათ, იმ სკოლაში ყოფნის დროს წავიკითხე ყველაზე მეტი მხატვრული ლიტერატურა. იმ პერიოდში, თემების წერამ ძალიან გამიტაცა, ხშირად სასაცილო მოთხრობებს ვწერდი, კლასში ვკითხულობდი და კლასელებს ძალიან ვართობდი. ჩემი ქართულის მასწავლებელს უნდოდა, მწერალი გამოვსულიყავი, მაგრამ მერვე კლასში ფიზიკა გავიცანი და წლის ბოლოს კომაროვში გადავედი, სადაც შესაბამისი პირობები და გარემო დამხვდა დიდი მიზნებისკენ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
- ოლიმპიადებზე მოგვიყევი, არაერთი წარმატებისთვის მიგიღწევია. რომელი ოლიმპიადების გამარჯვებული ხარ?
- ჩემი ოლიმპიადების ისტორია არც ისე წარმატებულად დაიწყო. სანამ კომაროვში ჩავაბარებდი, ეროვნულ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა და ნული ქულა ავიღე პირველივე ტურში. შემდეგ, როცა კომაროვში გადავედი, მეცხრე კლასში, საოლიმპიადო წრეებზე ვცადე სიარული, მაგრამ მასალით წინ იყვნენ, ვერაფერს ვიგებდი და თავი გავანებე. გადავწყვიტე, ჯერ სკოლის დონის ფიზიკა-მათემატიკა მესწავლა წესიერად და ოლიმპიადებში მონაწილეობა ერთი წლით გადავდე.
იმ წელს მთელი ზაფხული ფიზიკის მეცადინეობაში გავატარე, რათა წრის მასალას დავწეოდი და თან მიზნად დავისახე პირველ ადგილზე გავსულიყავი. საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავედი, რაც ძალიან განვიცადე და როგორც მახსოვს, ვიტირე. შემდეგ გაბრაზებულმა ყველა კონსპექტი დავწვი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ხუთეულში მოხვედრის გამო, ფიზიკის და ასტროფიზიკის ნაკრების შესარჩევებში შემეძლო მონაწილეობა, რამაც ახალი მიზანი დამასახინა - ნაკრებში მოხვედრა. მეცადინეობის ტემპები გავაორმაგე და ერთ თვეში ფიზიკის რეზერვში და ასტროფიზიკის ნაკრებში მოვხვდი. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო, იმის მერე რვა საერთაშორისო ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა, რაც ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის აღებით დამთავრდა.
- საერთოდ, რას აძლევს მოზარდს ოლიმპიადაში მონაწილეობა? საკმაოდ პოპულარულია ბოლო წლებში და თანდათან უფრო პოპულარული ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, თუნდაც იმ კუთხით, რომ სწავლის მოტივაცია გაუღვიძოს?
- პირველი მიზეზს, რის გამოც ოლიმპიადა მნიშვნელოვანია, წარმოადგენს სიღრმისეული ცოდნის მიღება. ჩემი აზრით, ოლიმპიადა დღეს საუკეთესო გზაა კონკრეტულ საგანში, სკოლის პერიოდში, სერიოზული ცოდნის საფუძველის შესაქმნელად. ოლიმპიადაში წარმატების მისაღწევად უთვალავი ამოცანის ამოხსნა გიწევს, ფაქტობრივად, სკოლის მასალასთან დაკავშირებული ყველა რთული ამოცანა უნდა ამოხსნა, რაც კი აქამდე მოუგონიათ. ამ პროცესში საკითხებში გაცილებით ღრმად იხედები. სინამდვილეში, ნამდვილი ხიბლი სწორედ სიღრმეებშია დამალული, რაც რეალურად, ინტერესის გაღვივების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
მეორე მიზეზს წარმატების სწავლა წარმოადგენს. როდესაც შრომობ და გიფასდება, წარმატებას აღწევ, ეს თავდაჯერებულობას გმატებს და გგონია, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. ეს აუცილებელი გაკვეთილია სამომავლო წარმატებებისთვის.
მესამე მიზეზი ჭკვიანი მეგობრების და კარგი გარემოს შექმნაა. ოლიმპიადა ბევრ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს გაცნობს, მათთან ურთიერთობა ბევრის მომცემია.
ზოგჯერ ჭკვიან ადამიანთან მოკლე საუბარი, რამდენიმე წიგნის წაკითხვის, ან რამდენიმეწლიანი გამოცდილების მიღების ტოლფასია.
და ბოლოს, ოლიმპიადაზე მედლის აღება პერსპეტივის მოპოვებას ნიშნავს. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და უნივერსიტეტი ხვდება მედლის ფასს ი და შანსები გეზრდება, რომ სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა უცხოეთში გააგრძელო.
- როგორც ვიცი, უკვე მასწავლებლობაც მოასწარი. სად მუშაობდი მასწავლებლად და რა საგანს ასწავლიდი, ან ახლაც ხომ არ ასწავლი?
- სკოლა რომ დავამთავრე, ვეკუაში დავიწყე ფიზიკის წრეების მასწავლებლად მუშაობა და ერთი წლის შემდეგ კომაროვში გავხდი ფიზიკის და ასტროფიზიკის წრეების მასწავლებელი. ახლა აღარ ვასწავლი, მთლიან დროს ჩემი თავის გავთარებას ვუძღვნი.
- როგორია ცხოვრება საფრანგეთში, რა არის უცხო ქვეყანაში ცხოვრების დროს მთავარი სირთულე, მთავარი გამოწვევა?
- აქ ვცხოვრობ უნივერსიტეტში, რომელიც პარიზის გარეუბანშია. გარშემო ტყეები და მდელოებია. გარე სამყაროს, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ რამდენიმეჯერ გავედი პარიზში. ასე რომ, ჩემ წინაშე არანაირი გამოწვევა არ დგას, აქ ყველანაირი პირობაა, რომ ვისწავლო და ხელს არაფერი არ მიშლის. ზოგისთვის დამოუკიდებლად ცხოვრებაა გამოწვევა, მაგრამ ჩემთვის პირიქითაა - მსიამოვნებს დამოუკიდებელი და თავისუფალი ცხოვრება.
- რა, ან ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად ოჯახი, ჩემი მეგობრები და ქართული გარემო მენატრება. აქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე, მაგრამ ზოგჯერ რომ ვუფიქრდები, რაღაცნაირ სიუცხოვეს განვიცდი. ვერ ვარ მათთან ისე ახლოს, როგორც ქართველ ხალხთან ვიქნებოდი. როგორც ჩანს, ერთ ქვეყანაში, ერთი და იგივე პრობლემების შემყურე და ერთი და იგივე ტრადიციებით გაზრდლი ადამიანები, ატარებენ ისეთ საერთოს, რომელიც მათ განსხვავებული ძალით კრავს და აკავშირებს ერთმანეთთან.
- რა ასაკში და რატომ დაინტერესდი ფიზიკით, როდის გამოავლინე პირველად ეს ნიჭი?
- ფიზიკით მერვე კლასში, პირველივე გაკვეთილზე დავინტერესდი. ალბათ, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე ფიქრი, რასაც ფიზიკა ეხება, გაცილებით დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე სხვა რაიმე სახის გართობა. ფიზიკა ისე ავირჩიე, რომ არც მიფიქრია ნიჭი გამაჩნდა თუ არა, მიზეზი მხოლოდ ინტერესი და სიყვარული იყო. ერთხელ ფიზიკა გაგვიცდა და ჩემი კლასელები ფეხბურთის სათამაშოდ წავიდნენ დარბაზში, მე კი სამასწავლებლოში წავედი, მოვნახე სად ტარდებოდა ფიზიკის სხვა გაკვეთილი და დავესწარი.
ასეთი დაინტერესება რომ შეამჩნიეს, კომაროვში ჩაბარება მირჩიეს და მეც მაშინვე დავისახე მიზნად, რომ ჩამებარებინა. რამდენიმე მასწავლებელთან მიმიყვანა დედაჩემმა მოსამზადებლად, მაგრამ ზოგმა თქვა ვერ მოასწრებ ასეთ პატარა დროში მომზადებასო და ზოგმა მითხრა, უნიჭო ხარო. ამან გამაბრაზა, არ შევეგუე ამ ფაქტს და დამოუკიდებლად დავიწყე ბევრი მეცადინეობა.
გარკვეულ დონეს რომ მივაღწიე, გაზაფხულზე კიდევ ვცადე მოსამზადებლად მისვლა. მახსოვს მასწავლებელმა რაღაც ამოცანა მომცა, ჩემდა გასაკვირად, ამოვხსენი და რომ შეამოწმა, მითხრა, ძალიან ნიჭიერი ხარო. გაკვირვებულმა შევხედე და ვიფიქრე, ალბათ რაღაც მომეჩვენა მეთქი. გამოცდამდე დარჩენილი დრო იმ მასწავლებელთან მოვემზადე. სკოლაში სიარულს თავი გავანებე და მთელი დღე ვმეცადინეობდი, რაც საბოლოოდ კომაროვში ჩაბარებით დასრულდა. ვფიქრობ, მაშინ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ნიჭი გამაჩნდა.
- როგორი იყავი ბავშვობაში? მხოლოდ სწავლა და წიგნები, თუ თანატოლების მსგავსად, თამაშიც გიყვარდა?
- ბავშვობაში ისეთი ვიყავი, როგორიც ბავშვების უმრავლესობაა. დღის მეორე ნახევარს ფეხბურთის თამაშში ვატარებდი, გაკვეთილებს უცებ რასაც მოვასწრებდი, მივაფუჩეჩებდი და ეზოში გავექანებოდი ხოლმე. სახლში მამაჩემი ხშირად მაძალებდა წიგნების წაკითხვას და მთელი ბავშვობის განმავლობაში როგორღაც ორ-სამ წიგნს მოვერიე. მერე რაღაც პერიოდში ფეხი მოვიტეხე და დიდხანს სახლში ყოფნამ ჩემ თავზე დამაფიქრა. შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი, სადაც სხვა გარემოში აღმოვჩნდი და მაშინ შევეშვი გართობას და წიგნების კითხვა დავიწყე.
- რით ხარ დაკავებული თავისუფალ დროს, რა ინტერესები გაქვს პროფესიული ინტერესების გარდა?
- თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვსეირნობ ხოლმე და საინტერესო საკითხებზე ვმსჯელობთ. ერთი პერიოდი ელექტრონული მუსიკის წერაშიც ვატარებდი ხოლმე თავისუფალ დროს. ზოგადად, ვატყობ რომ ფიზიკის გარდა სხვა სფეროებშიც გამაჩნია გარკვეული ნიჭი და ხშირად ვფიქრობ როგორ შეიძლება, რომ ეს უნარებიც გამოვავლინო. ზოგჯერ, პროფესიული ინტერესების გარდა, რაღაც სხვა ინტერესებიც მიჩნდება ხოლმე, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული მიზანი პროფესიული მიზნების გარდა არ გამაჩნია.
- როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად, მხოლოდ ნიჭი საკმარისია, თუ ნიჭთან ერთად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, ან მხოლოდ შრომით და ნაკლები ნიჭით თუ მიიღწევა დიდი მიზნები?
- ზოგადად, საუბარი წარმატებაზე საკმაოდ რთულია. ამიტომ, მე ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით ვისაუბრებ. პირადად მე წარმატებაში მიზანდასახულობა, ჩემ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა და ჩემი თავის გაკონტროლების უნარი დამეხმარა.
რატომღაც მიმაჩნია, რომ დიდი რაღაცების მიღწევა შემიძლია, რაც ამბიციურს და რისკიანს მხდის და წარმატების მიღწევის რწმენას მაძლევს.
ხშირად, როცა წარუმატებლობას ვაწყდები და ეს წარმოდგენები ლამის არის დამემსხვრეს, მაშინ ძალიან ბევრ მეცადინეობას ვიწყებ, რათა ჩემ თავს დავუმტკიცო, რომ სინამდვილეში მართლა შემიძლია რაღაცის მიღწევა და ტყუილში არ ვცხოვრობ. ამ გრძნობის გამო, მაგალითად, ორჯერ არ წავედი ბაქსვუდის ბანაკში და მთელი ზაფხული ვმეცადინეობდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს, პირიქით სულ მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ შემაქვს. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას საკუთარი თავის კონტროლი წარმოადგენს. ადამიანს უნდა შეეძლოს თავისი თავი მართოს. თუ მან იცის, რომ ფიზიკა აქვს სამეცადინო და ამ დროს კომპიუტერს თამაშობს, უნდა შეძლოს, რომ თამაში შეწყვიტოს და საქმეს მიხედოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა შეეძლოს, რომ ის აკეთოს, რაც საჭიროა და არა ის, რაც უნდა.
- რა არის შენი მთავარი მიზანი, მთავარი გეგმა?
- მე ჩემი თავი ბედნიერი წარმომიდგენია იმ ხალხში ყოფნით, ვინც იმ საკითხებით იქნება დაინტერესებული, რითაც მე. მინდა დიდ თეორიტიკოს ფიზიკოსებთან ერთად ვმუშაობდე ბუნების ფუნდამენტური კანონების შემეცნებაზე.
- საქართველოს უკავშირდება შენი მომავალი?
- ეჭვი მეპარება საქართველოში შევძლო იმ საკითხებზე მუშაობა, რომლებიც მე მაინტერესებს. თუმცა აუცილებლად შევუწყობ ხელს საქართველოში მეცნიერების გავითარებას.
და ბოლოს, სადაც არ უნდა წავიდე მაინც ქართველად დავრჩები და რასაც მივაღწევ საქართველოს ჩაეწერება მიღწევად, ამ მხრივ საქართველოსთან კავშირს ვერასდროს გავწყვეტ.
- რამდენად არის საქართველოში ჭკვიანი, ნიჭიერი ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობა?
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში საქართველოში არ არის დამაკმაყოფილებელი დონე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი და დაინტერესებული ახალგაზრდა ვიპოვოთ და სკოლის დამთავრებისთანავე გავუშვათ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. თუნდაც ისინი უცხოეთში გახდნენ წარმატებულები, დარწმუნებული ვარ, არასდროს იტყვიან საქართველოს დახმარებაზე უარს. ამ წარმატებულმა ხალხმა შეიძლება ერთმანეთი მოძებნოს და ძალიან დიდი ძალა შედგეს, რაც ქვეყანას წაადგება.
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, შენს თანატოლებს, რომლებიც თვლიან, რომ ვერ რეალიზდებიან საქართველოში, როგორ მიაღწიონ წარმატებას?
- საქართველოს უნივერსიტეტებში ზოგჯერ არც სწავლის ხელშემწყობი გარემოა და არც ძლიერი კონკურენცია ჩანს ბავშვებს შორის, რაც გაზარმაცებას და სწავლის ხალისის დაკარგვას იწვევს. ამ დროს ადამიანს ვურჩევდი, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინოს, და მიუხედავად გარემოსი, თავის თავს მაღალი კრიტერიუმები წაუყენოს, ბევრი იშრომოს. სინამდვილეში, საქართველოს ძალიან სჭირდება კარგი სპეციალისტები ნებისმიერ სფეროში და თუ პროფესიონალი დადგება, აუცილებლად შეძლებს საქართველოში საკუთარი თავის რეალიზებას.
ხატია ვარდოსანიძე