• „ცალკე ოთახი, ცალკე კომპიუტერი ან ტელეფონი, გამართული ინტერნეტი - ეს უნდა გქონდეს ონლაინგაკვეთილისთვის!“
• „მე ორი ბავშვი მყავს და გაკვეთილები რომ დაემთხვეს, სად გავიქცე?“
• „ნეტავ, კორონა უფრო მალე კლავს კაცს, თუ სამი ბავშვის ონლაინგაკვეთილები და სახლში მეცადინეობა?“
რამდენიმე დღეა, რაც სასწავლო დაწესებულებები ონლაინსწავლებაზე გადასვლას ცდილობენ. პირველები, ვინც სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება და დანერგვა დაიწყეს, კერძო სკოლები არიან. საჯარო სკოლებისთვის რეკომენდაციებს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო გასცემს, რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შემდეგი კვირიდან საჯარო სკოლების დიდი ნაწილი შეძლებს ონლაინსწავლებაზე სრულად ან ნაწილობრივ გადასვლას.
ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი ჩვენს ქვეყანაში სწავლების შეუფერხებლად გაგრძელებისთვის ერთადერთი საშუალებაა. მაგრამ რამდენად ეფექტიანი და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომია იგი და ხომ არ დაზარალდებიან მოსწავლეები? ამასთან დაკავშირებით
იმ მასწავლებლებისა და მშობლების აზრი გავიგეთ, რომლებმაც უკვე დაიწყეს ონლაინსწავლება.
პირველი პრობლემა, რომელსაც თითქმის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე შეეჯახა, ტექნიკის გაუმართაობაა. რესპონდენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ კომპიუტერსა თუ გამართულ ინტერნეტზე ყველას ხელი არ მიუწვდება.
"ინტერნეტი ხშირად მიჭედავს და ნამდვილად არ ვიცი, რა შედეგი ექნება ჩვენთან ონლაინსწავლებას. ინტერესისთვის ერთხელ შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ გაკვეთილის ახსნა ასე არ იქნება ეფექტური."
"მე კომპიუტერი არ მაქვს სახლში, პატარა ბინაში ვცხოვრობ, სადაც ასი კაცი იყრის ხოლმე თავს. ასე რომ, ვიდეოზარები ჩემთვის დიდი დისკომფორტი იქნება, რადგან ჩემი მობილურის მიცემა მომიწევს ბავშვისთვის და ამავე დროს, მისთვისაც მოუხერხებელი იქნება მობილურის ეკრანიდან გაკვეთილის მოსმენა," - აღნიშნავენ ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლები.
რა თქმა უნდა, ჩვენს რესპონდენტებს შორის ონლაინსწავლებით კმაყოფილებიც აღმოჩნდნენ: "ჩემები ისე ელოდებიან გაკვეთილს, რომ დილით წიგნებით მხვდებიან ხოლმე ოთახში. რამდენჯერმე შევიხედე ოთახში და ხელს იწევდნენ ბავშვები, პასუხი რომ გაეცათ. ჯერჯერობით რაც ვნახე, მომეწონა," - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
კიდევ უფრო რთულია ონლაინსწავლებაზე გადართვა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ოჯახში, რომელშიც 2-ზე მეტი მოსწავლეა, დროისა და ტექნიკის სწორად გადანაწილება საკმაოდ რთულია.
"7 შვილი მყავს, აქედან 4 მოსწავლეა. ჯერ მხოლოდ პირველი კვირაა, რაც ელექტრონულ სწავლებაზე გადავიდნენ, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ საკმაოდ რთული იქნება. კომპიუტერთან ვინ დაჯდება, დასწრებაზეა," - აღნიშნავს მრავალშვილიანი დედა.
არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან თავად მასწავლებლები. მათ რამდენიმე კლასის ბავშვებს უნდა მოუმზადონ დავალებები, შემდეგ ეს დავალებები ჩაიბარონ, გაასწორონ. თუ ონლაინჩართვებით ხდება მოსწავლეებთან ურთიერთობა, რამდენიმე მოსწავლესთან ერთდროულად უწევთ მუშაობა, მათი მობილიზება, ახალ სისტემასთან შეგუება-ადაპტირებაში დახმარება და ონლაინგაკვეთილზე წესრიგის დამყარება.
"ჩემი აზრით, ონლაინსწავლება საკმაოდ ეფექტიანია ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და პირდაპირ ჩართვაზე ვერ ახერხებს გასვლას, შეიძლება გაკვეთილის ჩაწერა და მოგვიანებით მიწოდება.
ვფიქრობ, ვიდეოგაკვეთილები და დისტანციური სწავლება ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეჩერებას. დავალებები აქვთ შესასრულებელი, მეცადინეობენ და ხშირად არ გადიან გარეთ.
მშვიდობიან პერიოდში კარგი იქნება საკლასო ოთახებში ამ პლატფორმების გამოყენებით ჩავრთოთ ბავშვები საკლასო მუშაობაში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო სკოლაში არ იქნებიან," - აღნიშნავს ისტორიის პედაგოგი ნათია ჩუბინიძე.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ნაწილმა ჯერ კიდევ მანამ დაიწყო ონლაინგაკვეთილების ჩატარება, ვიდრე სამინისტრო რეკომენდაციებს გასცემდა:
"კლასში 20 ბავშვი მყავს. ოცივესთან ერთად მუშაობა რთული იქნებოდა, ამიტომ 2 ჯგუფად გავყავი. პირველად 15 წუთით შევკრიბე ბავშვები. ავუხსენი იმ პროგრამის მუშაობის წესები და ფუნქციები, რომლითაც ვმუშაობ. პირველმა ოფიციალურმა გაკვეთილმა კი მშვენივრად ჩაიარა. პირადად მე შევცვალე გეგმა, რომელსაც ვიყენებდი. გადავინაცვლე თემატური მასალის იმ ნაწილზე, რომელიც უფრო საინტერესო იქნებოდა ამ პირობებში, დავიხმარე წინასწარ გამზადებული პრეზენტაცია, ცდების ვიდეოები და გაკვეთილმაც მშვენივრად ჩაიარა," - აღნიშნავს ქიმიის მასწავლებელი ნინო ბოჭორიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლები ოფიციალურად ჯერ არ გადასულან ონლაინსწავლების რეჟიმზე, მასწავლებელთა ნაწილმა თავისი სურვილითა და ინიციატივით დაიწყო მოსწავლეებისთვის ონლაინგაკვეთილების ჩატარება. ნატო აბაშიძე ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებში მუშაობს. საჯარო სკოლის დირექციის მითითების (რომ მხოლოდ დავალებები გაეგზავნა და შეემოწმებინა ბავშვებისთვის) მიუხედავად, თავისი ინიციატივით დაიწყო თავისი მოსწავლეებისთის ონლაინგაკვეთილების ჩატარება.
mshoblebi.ge რეპეტიტორების გამოცდილებითაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, მათ დიდ ნაწილს სწავლება არ შეუწყვიტავს და თავად შესთავაზა ონლაინსწავლება მოსწავლეების მშობლებს.
"მოსწავლის მშობლებს ვუთხარი, რომ ვირუსების მეშინოდა და ვეღარ ვივლიდი დროებით. შევთავაზე, ან ონლაინ ვამეცადინებდი, ან დროებით შევწყვეტდით მეცადინეობას. ონლაინგაკვეთილები აირჩიეს და ერთი კვირაა, რაც ასე ვმუშაობთ - დავალებებს ვუგზავნი და მეორე დღეს მაბარებს".
"ამ მეთოდის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევი მგონია, უბრალოდ არსებულ სიტუაციაში, ეს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. ანაზღაურების შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, ჩემი მოსწავლეები პატარები არიან, ამიტომ რამდენიმე დღე საცდელ რეჟიმში ვიმუშავებთ, ამის შემდეგ შევათანხმებთ დანარჩენ დეტალებსაც. პირველმა გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ხშირად მეკითხებოდნენ, როდის დავამთავრებთო, შიგადაშიგ კამერასაც მითიშავდნენ," - აღნიშნავენ რეპეტიტორები.