გამოცდილი პედაგოგი მაია მენაბდე ავრცელებს პოსტს მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, რომელიც ნამდვილად საყურადღებოა:
#დინსტანციურისწავლება
ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ, მასწავლებლებს, გვევალება:
არ მოვინდომოთ, იმდენივე საათი ჩავუტაროთ ბავშვებს, რამდენსაც სკოლაში ვუტარებდით; არ დავგეგმოთ სახელმძღვანელოს ამოწურვა, მხოლოდ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები ამოვკრიფოთ; მოვიფიქროთ სახალისო, საინტერესო, აუცილებელი უნარების განმავითარებელი დავალებები; არ ვაიძულოთ ბავშვები, ყოველდღე ისხდნენ 3 და 4 ონლაინგაკვეთილზე გადაბმულად; მოვახერხოთ, თითოეული გაკვეთილი დაწყებითი და საბაზო საფეხურისთვის არ აღემატებოდეს 30 წუთს. არ გვქონდეს მოლოდინი, რომ ონლაინგაკვეთილებზე სრული დასწრება გვექნება ( ვერდასწრების უამრავი მიზეზი შეიძლება, არსებობდეს); არავითარ შემთხვევაში არ ვიყოთ კატეგორიულები დავალებების ჩაბარების დროს; დავალების შესასრულებლად უნდა მივცეთ 2-3 დღე მაინც და გავითვალისწინოთ სხვა კოლეგების დავალებებიც; დავალება შევაფასოთ კომენტარებით და არა ნიშნებით; არ ვიკეკლუცოთ ჩვენი ჩატარებული ონლაინგაკვეთილებით; რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ საყოველთაოდ დაძაბულ სიტუაციაში, ჩვენ, პირველ რიგში, მათი ცხოვრების ,,გაშინაარსიანება“ მოგვეთხოვება და არა მათი ვალდებულებების მარწუხებში მოქცევა.
და ჩვენ, მშობლებს, გვევალება:
გადავმალოთ ჩვენი ნევროზები, შიშები და დაძაბულობა შვილებისგან შორს; დავეხმაროთ მათ, ერთმანეთს შეუნაცვლონ სხვადასხვა აქტივობა: ხატვა, კითხვა, ფილმების ყურება, თამაში, მეცადინეობა... ვისარგებლოთ უჩვეულო შესაძლებლობით, დიდი დრო გავატაროთ მათთან; მაქსიმალურად დავეხმაროთ ბავშვებს, ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევას, მაგრამ არ მოვთხოვოთ მათ, თავები ურტყან დავალებებს; არ მოვთხოვოთ მასწავლებლებს, ატარონ ყოველდღე, საათიანი გაკვეთილები და არ ვაკრიტიკოთ ისინი გამუდმებით - მათთვისაც ურთულესია ამ სიტუაციაში მუშაობა; და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებისთვის უფრო დიდი სტრესია დახურულ კარს მიღმა ცხოვრება, ვიდრე ჩვენთვის.
აი, ჩვენ, მასწავლებელ-მშობლები, რა წყალში გადავცვივდეთ, ეგ აღარ ვიცი.
პ.ს. ეს გამომრჩა - შაბათ-კვირა ისევ დასვენების დღეებია".