კორონავირუსის გავრცელების გამო, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაცვლითი პროგრამით აშშ-ში სასწავლებლად წასული 79 მოსწავლე დაბრუნდა საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ერთი მოსწავლე მაგდა იმერლიშვილი დარჩა აშშ-ში.
მაგდა 18 წლის არის და სკოლას წელს ამთავრებს. აშში-ში ჩასვლიდან მალევე შექმნა იუთუბარხი, სადაც თავის გამომწერებს ამერიკული ცხოვრების შესახებ უყვება ხოლმე.
შენიშვნა: გაცვლითი პროგრამით წასული მოსწავლეები სხვადასხვა შტატში ნაწილდებიან და მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ. მოსწავლეს ოჯახი ირჩევს მისი ანკეტის მიხედვით.
რატომ არ დაბრუნდა საქართველოში, როგორია სწავლა და ცხოვრება ამერიკაში - ამის შესახებ მაგდა Mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
- პირველ რიგში, გვითხარი, რა ეტაპები გაიარე, სანამ აშშ-ში მოხვდებოდი.
- მეოთხე კლასში რომ ვიყავი, პატარა მაგდამ დაინახა ამერიკაში გასაფრენად მომზადებული ბავშვები ტელევიზორში და იმ წუთიდან ჩემი ოცნება გახდა, რომ ამერიკაში წავსულიყავი სასწავლებლად. ამ ადამიანებს, როგორც გმირებს, ისე ვუყურებდი, სანამ მე თვითონ არ გავხდი ერთ-ერთი მათგანი. წლების განმავლობაში ვოცნებობდი, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
ჯერ მთელი ცხოვრება ვცდილობდი ჩემი თავისგან ლიდერი შემექმნა, მესწავლა კრიტიკულად აზროვნება, გუნდში მუშაობა, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა სფეროთი და ამასთან ერთად შემენარჩუნებინა კარგი აკადემიური მოსწრება. მეთერთმეტე კლასში გავედი შესარჩევ ეტაპზე (ინგლისურის ტესტირება), მეორე ტურში გადასულ ბავშვებს სამი ესეს დაწერა უწევთ კონკრეტულ თემაზე, შემდეგ არის მესამე ტური - გასაუბრება და გუნდური სამუშაო... ყოველ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, მხოლოდ 80 მოსწავლე ხდება ფინალისტი და მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფინანსებით.
ხშირად მეკითხებიან, იყო თუ არა რთული გამარჯვება. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ყველაზე ცუდი ნაწილი ლოდინია. მესამე ტურში თვეები გიწევს ელოდო პასუხებს და თან ხვდები, რომ ეს შენი ბოლო შანსია და ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხანი შრომობდი, შეიძლება უბრალოდ გაქრეს.
- როგორც აღნიშნე, 80 ფინალისტი გაემგზავრეთ და საქართველოში 79 მოსწავლე დაბრუნდა. რატომ გადაწყვიტე დარჩენა?
- დარჩენა გადავწყვიტე, რადგანაც ჩემს შტატში არ ვგრძნობდი საფრთხეს. იმედი მქონდა, რომ ზაფხულში გამოსწორდებოდა მდგომარეობა და მართალიც აღმოვჩნდი. მალე გარკვეული შეზღუდვები იხსნება.
ამასთან ერთად, ამერიკულ სკოლაში ვიღებ ოქროს მედალს და როგორც მითხრეს, ერთადერთი უცხოელი სტუდენტი ვარ, რომელმაც ეს შეძლო. ასევე, მაძლევენ უმაღლესი ხარისხის სუმა კუმლადეს სტატუსის დიპლომს და არ მინდოდა, რომ ჩემი შრომა ერთი ხელის მოსმით გამენადგურებინა. გამსაკუთრებით მადლობელი ვარ დედაჩემის, რადგანაც მხარში დამიდგა, მომისმინა და ჩემი თხოვნა გაითვალისწინა. ასე რომ, ისევ ამერიკაში ვარ.
- არ გაგიჭირდა უცხო ქვეყანასა და უცხო ოჯახთან შეგუება?
- არ გამიჭირდა. ძალიან გამიმართლა მეგობრებში. უბრალოდ, გადაადგილება რჩება მთავარ პრობლემად. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ყველას მანქანა ჰყავს. ჩემს შტატში 15 წლიდან ყველას შეუძლია ტარება და საკუთარი მანქანის ყოლა.
მასპინძელი ოჯახი მყავს იდეალური. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ძალიან თბილად შემხვდნენ. ერთ ოჯახში ორი გაცვლითი სტუდენტი მოხვდით - მე და ესპანელი გოგო ელენა. ჩემს მასპინძელ ოჯახს უყვარს ცხენები. ელენა იმიტომ აირჩიეს, რომ ჯირითი იცოდა. მე რომ ვკითხე, პასუხმა გამაკვირვა. მითხრეს, რომ ძალიან ეშინოდათ თავიდან ჩემი არჩევის, რადგან საქართველოზე არაფერი არ იცოდნენ. ფიქრობდნენ რომ მძიმე, გაუგებარი აზიური აქცენტი მექნებოდა ან მთელი დღე ჩუმად ვიჯდებოდი მორცხვად.
- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი?
- რადიკალურად შეიცვალა. დავიწყე ტენისისა და ფეხბურთის თამაში. გოგონების ფეხბურთის გუნდში ვთამაშობდი მთელი წელი და ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოგონებები სწორედ თამაშს უკავშირდება. თუკი საქართველოში შაბათ-კვირას სახლში ვრჩებოდი და ვისვენებდი, აქ პირიქით - სულ გავდივარ მეგობრებთან ერთად დიდ ქალაქში, მივდივართ ბოულინგზე, კინოში, საყიდლებზე. ყოველ ჯერზე ახალ კაფეს ან რესტორანს ეძებენ ჩემი მეგობრები, ძალიან უყვართ ახალი ადგილების აღმოჩენა. ასე რომ, ჩვენი ყოველი შაბათ-კვირა გასაოცარია.
- როგორც ჩანს, კარგი მეგობრები შეიძინე. იცოდნენ მათ რამე საქართველოს შესახებ?
- მეგობრების გაჩენა საკმაოდ რთულია და ვფიქრობ, ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ერთგული მეგობრები შევიძინე. სამი საუკეთესო მეგობარი მყავს, სულ ვეხმარებით ერთმანეთს. ამ ამდამიანების გამო უკვე იმდენჯერ ვიტირე ბედნიერებისგან ამ 9 თვეში, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიტირია.
საქართველოზე არავინ არაფერი არ იცოდა. ვატარებ პრეზენტაციებს და ნელ-ნელა ვაცნობ საქართველოს. ბევრს მოგზაურობის სურვილი გაუჩნდა. ჩემი სამი საუკეთესო მეგობარი, რომლებზეც მოგიყევით, აუცილებლად ჩამოვა საქართველოში, ბილეთებსაც კი ათვალიერებდნენ.
- რამდენად განსხვავდება ამერიკული სკოლა ქართულისგან?
- მოკლედ პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან უკვე ორი ვიდეო მაქვს ამაზე გადაღებული და ისინიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ შევეცდები.
ძალიან განსხვავდება. აქ გვაქვს, როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითი საგნები, რომელთაც შენი ინტერესის მიხედვით ირჩევ. მაგალითად, გაქვს არჩევნის გაკეთების უფლება ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიასა და ზოოლოგიას შორის. ისწავლება ისეთი საგნები, როგორიცაა კულინარია, ფოტოგრაფია, ასტროლოგია...
ბავშვები ძალიან კომფორტულად და თავისუფლად არიან კლასში. სხედან პლედებით, შუა გაკვეთილზე ჭამენ საუზმეს, ფეხზე ადგომა და გაკვეთილის მოყოლა არ გიწევს. მასწავლებლებთან ძალიან თავისუფლად ვართ, ისე ვესაუბრებით, როგორც საუკეთესო მეგობრებს.
თუ ქართულ სკოლაში ყოველდღე წერ მათემატიკის დავალებას, მაგრამ ნიშანს კვირაში ერთხელ იღებ ან მაშინ, როდესაც მასწავლებელი გიძახებს, აქ ყველა საშინაო დავალება ქულით ფასდება.
თუ ქართულ სკოლაში ერთ კლასში ზიხარ ერთი და იმავე ბავშვებთან და მასწავლებლები მოდიან თქვენთან, აქ პირიქითაა. შენ იცვლი ოთახებს და ყველა კლასში ახალ ჯგუფთან ერთად სწავლობ.
მეკითხებიან, რომელი ქვეყნის განათლების სისტემა უფრო მომწონს. რომ შეიძლებოდეს, ქართულ და ამერიკულ მოდელს შევაერთებდი. აქ ჩამოსვლის მერე გავაცნობიერე, რომ ისეთი ცუდი განათლების სისტემა არ გვაქვს როგორიც მეგონა.
- კარანტინის გამო თქვენც ონლაინსწავლებაზე გადახვედით, ალბათ. რამდენად კომფორტული პროცესია?
- ონლაინ სწავლება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მასწავლებლები გაკვეთილების ვიდეოებს წერენ და გუგლქლასრუმში გზავნიან. დავალებებსაც მანდვე ტვირთავენ. რეალურად, ახლა ძალიან დატვირთულები ვართ და მოსაბეზრებლად არ მცალია, იმდენი დავალება მომდის. ასე რომ, სწავლას არ ჩამოვრჩებით.
- ყველაზე მეტად რა გენატრება და როგორ ცდილობ ხოლმე დანაკლისის შევსებას?
- რა თქმა უნდა, ოჯახი მენატრება. რატომღაც, ზოგს ჰგონია, რომ საკუთარი ოჯახი არ მაინტერესებს, ჩამოხვიდოდი მართლა რომ გყვარებოდა ოჯახიო, მაგრამ ასე არ არის. დედაჩემს ჩემი ბედნიერება და წარმატება აბედნიერებს, სულ იმას მეუბნება, რომ ვუყვარვარ და ვენატრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი უნდა ვთქვა.
საკვებს რაც შეეხება, ძალიან სასაცილოა, მაგრამ პომიდორი და წიწიბურა მენატრება. აქ ბოსტნეული ისეთი გემრიელი არ არის, როგორც საქართველოში. წიწიბურის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ აქ. ჩემს მასპინძელ ოჯახს რომ ვუთხარი, გადაწყვიტეს ეპოვათ ჩემთვის ცოტა წიწიბურა სადმე მაღაზიაში. იპოვეს, მაგრამ საშინლად არ მომეწონა, ფაფად გადაიქცა ხარშვისას.
დანაკლისს იმით ვივსებ, რომ ვფიქრობ მალე ისედაც საქართველოში ვიქნები, ასე რომ, იმით უნდა დავტკბე და ვისიამოვნო, რაც ახლა მაქვს.
- რატომ გადაწყვიტე იუთუბარხის შექმნა და როგორი რეაქცია მოჰყვა?
- ძალიან მაინტერესებდა, როგორი იყო ნამდვილი ამერიკული ცხოვრება და არა ისეთი, როგორიც ფილმებშია. ბევრს ამერიკა მხოლოდ ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი ჰგონია. ამ ქალაქებში ცხოვრება ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქის ცხოვრებისგან, სადაც ამდენი უცხოელი არ ირევა და მხოლოდ ამერიკელები ცხოვრობენ.
ასე რომ გადავწყვიტე შემექმნა არხი იუთუბზე და მელაპარაკა, როგორია ამერიკა, მომეყოლა დაუჯერებელი და საინტერესო ფაქტები, მეჩვენებინა ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრება. თავიდან ბევრი უარყოფითი კომენტარი გამოჩნდა. ჩემი პირველი ვიდეო არც თუ ისე კარგი იყო, სკოლიდან ახალდაბრუნებული და აჟიტირებული ვყვებოდი ამერიკული სკოლის შესახებ, პარალელურად ელენასთან ერთად ნაყინს ვჭამდი. ნეგატივის მიუხედავად, მაინც გავაგრძელე ვიდეოების გადაღება და ახლა უკვე ბევრი დადებითი კომენტარი მომდის.
ჩემი გამომწერები მართლა დიდ მოტივაციას მაძლევენ, რომ გავაგრძელო გადაღება და ხელი არ ჩავიქნიო. ასევე, ჩემი ამერიკელი მეგობრები ჩემი ნომერ პირველი მაყურებლები არიან. რა თქმა უნდა, რასაც ვიდეოში ვლაპარაკობ, არაფერი არ ესმით, მარამ მაინც მთელი ოჯახით თავიდან ბოლომდე უყურებენ ხოლმე.
მარიამ ტურძილაძე