"სკოლა ანგრევს კრეატიულობას... განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12-წლიანი რუტინის პროგრამა"
"სკოლა ანგრევს კრეატიულობას... განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12-წლიანი რუტინის პროგრამა"
ეს პოსტი საბავშვო წიგნების ავტორს, კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში ტრენერს კოტე იანტბელიძეს ეკუთვნის:

"კიდევ ერთი სემესტრი მთავრდება და გამახსენდა, რომ სკოლა ანგრევს კრეატიულობას.

დიდი სიფრთხილით შევარჩიე სიტყვები: იქნებ აფუჭებს ან აზიანებს, მაგრამ არა, - ანგრევს.

განათლებად წოდებული ეს პროცესი არის დროის გაცდენა, 12 წლიანი რუტინის პროგრამა, რომელიც რეალური ცხოვრებისთვის ვერ ამზადებს მოსწავლეებს. სკოლა ვერ აძლევს მათ რეალურ უნარებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში გამოადგებათ.

როგორია თანამედროვე სამყარო? სწრაფად ცვალებადი, არაპროგნოზირებადი, სადაც ისეთი არაორდინარული პრობლემები მატულობს, რომელსაც ძველი გამოცდილებით ვერ გადაჭრი. რა გჭირდება
თანამედროვე სამყაროში? - ინოვაციურობა, კრეატიულობა, გამჭრიახობა, მოქნილობა და არაორდინარული მიდგომა. და რომელს ასწავლიან სკოლაში?

როცა პირველკურსელები უნივერსიტეტებში მოდიან, ზოგი მათგანის ქცევაში ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობა სკოლის საშინელი სისტემა. იგრძნობა რა უქნეს ამ უნიჭიერეს თაობას 12 წლის განმავლობაში: დიდ ნაწილს ეშინია შეცდომის დაშვების, რაიმეს არასწორად თქმის, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, დასაბუთების, მსჯელობის, წარდგენის, გუნდურად მუშაობის, კრეატიულობის.
და ამისთვის იხარჯება ცხოვრების 12 წელი.

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საგანმანათლებლო პროგრამების გადაწყობა დაიწყო, რომ სკოლებში კრეატივის და ინოვაციის როლი გაიზარდოს. უბრალოდ ცოდნას კი არ აძლევენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენების უნარებს
ასწავლიან. აყვარებენ ცოდნის მიღების პროცესს და თვითგანვითარებას. მოკლედ, სწავლას ასწავლიან.

კარგია, რომ ონლაინ სწავლება იმაზე ადრე დაიტესტა, ვიდრე ვვარაუდობდით. ფორსმაჟორის გამო ხარვეზებიც იყო, თუმცა, მგონია, რომ ბევრი სკოლა ახლებურად იფიქრებს ამის შემდეგ, ისევე ახლებურად, კრეატიულად და არაორდინარულად, როგორიც თაობა გვყავს და როგორიც ჩვენს ეპოქას შეეფერება.

არსებობენ გამონაკლისი სკოლები. არსებობენ გამონაკლისი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებში კრეატიულობის ნაპერწკალს არ აქრობენ, მაგრამ ეს ღმერთივით ხალხი იძულებულია უაზრო პროგრამის და კიდევ უფრო უაზრო ხელფასის ამარა დარჩეს".
1501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?