რა ამახსოვრდებათ ბავშვებს ზაფხულის არდადეგებიდან და როგორი დასვენება სჭირდებათ ჩვენს შვილებს - პაატა ამონაშვილის რჩევები
რა ამახსოვრდებათ ბავშვებს ზაფხულის არდადეგებიდან და როგორი დასვენება სჭირდებათ ჩვენს შვილებს - პაატა ამონაშვილის რჩევები


ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი პაატა ამონაშვილი მშობლებს ურჩევს, როგორ გაატარონ ზაფხულის არდადეგები ბავშვებთან ერთად რაც შეიძლება ნაყოფიერად და ბედნიერად აგრძნობინონ თავი შვილებს. 

- პირველ რიგში, გვირჩიეთ, როგორ გამოვიყენოთ ზაფხულის არდადეგები რაც შეიძლება ნაყოფიერად ბავშვებთან ურთიერთობისთვის?

- ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ განვითარება, დიდობისა და თავისუფლების განცდა, და შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება. ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილების უმეტესობა ბედნიერი იქნება, თუ მოვახერხებთ ისეთი ურთიერთობის
დამყარებას, რომელშიც ბავშვები დაიკმაყოფილებენ ამ მისწრაფებებს.

- რა არის საჭირო ამისათვის?

- ბავშვებს ესაჭიროებათ მშობლებთან (ან უფროსებთან) ერთად ასაკის შესაბამისი ისეთი სიძნელეების გადალახვა, რომლებიც
იქნება მიახლოებული დიდების საქმიანობასთან და რომელსაც
ბავშვები თავად აირჩევენ. ეს შეიძლება იყოს ძნელი ლაშქრობა საინტერესო ადგილებზე, მწვერვალების დაპყრობა, მიუდგომელი და ახალი ადგილების კვლევა. ზოგიერთი ბავშვი შეიძლება დაინტერესდეს შემოქმედებითი საქმიანობით — ხატვა და გამოფენების მოწყობა, წერა და წიგნების გამოცემა, ბუნების შესწავლა და აღმოჩენები. მონდომების შემთხვევაში მშობლებს შეგვიძლია, ბავშვებთან
ასეთი ურთიერთობა ჩვენთვის საინტერესოდ ვაქციოთ. ასევე შეიძლება საინტერესო იყოს წიგნების ერთობლივი კითხვა და განხილვა, ფილმების ერთად ნახვა და მათზე მსჯელობა. ეს საქმიანობებიც, ვფიქრობ, უფრო სახალისო და მიმზიდველი იქნება ბავშვებისათვის, როცა ამაში მშობლებიც დაინტერესებულნი იქნებიან.

- რამდენად აუცილებელია ამ პერიოდში ე.წ. საზაფხულო დავალებების კეთება? ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არაფერი მსგავსი არ უნდა აკეთოს ბავშვმა, მაქსიმალურად დაისვენოს და თავად აირჩიოს, რის კეთება უნდა?

- ჰუმანური პედაგოგიკის საფუძველია თანხმობის ფსიქოლოგია. ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველნაირად შევეცადოთ, ბავშვები დავიყოლიოთ და არ მოვახვიოთ ჩვენი ნება. თუკი ბავშვებს, შემთხვევით, საზაფხულო დავალებების კეთება
ძალიან უნდათ, მაშინ ეს სარგებელსაც მოუტანს. ძალდატანებით შესრულებული სამუშაო კი არც მაინცდამაინც სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, სჯობს ბავშვმა თავად აირჩიოს, რისი კეთება უნდა, ოღონდ რჩევა ყოველთვის სასურველია. თუ ბავშვი მთელი დღე კომპიუტერზე თამაშს არჩევს, არ უნდა დავეთანხმოთ. ასეთი მიჯაჭვულობის შემთხვევაში სჯობს ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისათვის, რომ შევთავაზოთ ბავშვს კომპიუტერზე თამაშის
სანაცვლოდ მისთვის საინტერესო ერთობლივი საქმიანობა. ეს რთულია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ.

- თუ არის წიგნები, რომლებსაც ურჩევდით საზაფხულო საკითხავად, თუნდაც, რომ მშობლებმა უკითხონ ძილის წინ?

- სჯობს წიგნები ავარჩიოთ ბავშვის ასაკისა და ინტერესებიდან გამომდინარე. კარგი იქნება, ერთად წავიკითხოთ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ნ. დუმბაძე), "პატარა უფლისწული" (ა. ეკზიუპერი), "თოლია ჯონათან ლივინგსტონი" (რ. ბახი), "ლურჯი ფრინველი" (მ. მეტერლინკი), "პიტერ პენი" (რ. ბარი), "პოლიანა" (ე.პორტერი). ვფიქრობ, კარგია წიგნების კითხვა ბავშვებთან ერთად ისე, რომ კითხვისას წიგნის პერსონაჟები, სიუჟეტი და იქ აღწერილი წარმოსახული სამყარო
განვიხილოთ ხოლმე.

- თავად როგორ ატარებდით საზაფხულო არდადეგებს და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე კარგად?

- ყველაზე კარგად მახსოვს ის თვეები, რომლებსაც სოფელში ვატარებდი. განსაკუთრებით სასიამოვნოდ მაგონდება თავისუფლების განცდა, როცა შემეძლო ჩემს ნებაზე გავსულიყავი სახლიდან მეგობრებთან ერთად, რათა შემესწავლა გარშემო არსებული სამყარო — ველები, ვენახები, ბაღჩა და ბოსტნები.

- რას იხსომებს ბავშვი ყველაზე მეტად ამ პერიოდიდან და რაზე უნდა გააკეთოს მშობელმა აქცენტები?

- მე ვფიქრობ, ბავშვებს უფრო ახსომდებათ არა უბრალოდ საინტერესო მოვლენები, არამედ ისეთი მოვლენები, რომლებსაც უკავშირდება სიხარული ან მწუხარება, ბედნიერების განცდა ან გულგატეხილობა. მოკლედ, ჩვენ ყველას უფრო კარგად გვახსოვს ის, რაც ემოციურად განვიცადეთ. ამიტომ ვურჩევდი მშობლებს, ბავშვებს ძლიერი შთაბეჭდილებები აჩუქონ. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად და ბავშვების ბუნებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

- ბუშეტში როგორ მიდის საქმეები? თუ იღებთ ახალ ნაკადს მშობლების და ბავშვების?

- მარტიდან მოყოლებული ბუშეტში ძალიან წყნარი ცხოვრება გვაქვს და გამოგვიჩნდა ბევრი დრო შემოქმედებისათვის.
ახლა ინტენსიურად ვემზადებით ქართულ ჯგუფთან შესახვედრად, რათა უფროსებთან ერთად ჩავუღრმავდეთ ჰუმანურ პედაგოგიკას, ხოლო ბავშვებს შევუქმნათ ისეთი განმავითარებელი გარემო, რომელშიც ისინი იგრძნობენ თავს
დიდებად და იცხოვრებენ თავისუფლად. ეს ჯგუფი ჩვენთან იქნება 16-დან 19 ივლისამდე (იხილეთ დეტალები).

- საინტერესოა, თქვენი გამოცდილებიდან, ყველაზე მეტად რა აკლიათ მშობლებს და ბავშვებს? ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემებს ხვდებით?

- უმეტეს შემთხვევაში ბავშვებთან ურთიერთობის მრავალი პრობლემა მოდის იქიდან, რომ მშობლებს გვიჭირს: 1) მივიღოთ ბავშვები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან და არ შევეცადოთ მათ გადაკეთებას, რასაც ბავშვები არ
ემორჩილებიან; 2) მადლიერებით მივიღოთ ბავშვებთან ურთიერთობის ყველა წამი, რადგანაც ყველა ბავშვი ჩვენს ცხოვრებაში განუმეორებელი მოვლენაა; 3) უპირობოდ გვიყვარდეს ბავშვები და არ ვღიზიანდებოდეთ თუ ისინი არ
გვიჯერებენ, ან რაღაცას თავისებურად აკეთებენ. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ზაფხულს. 
1277
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები