ბარბარე ჭყოიძემ ქალაქ ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მანამდე flex-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და ერთი წლით იქ სწავლობდა. ამბობს, რომ ისტორია განსაკუთრებით უყვარს. გამარჯვებულია ისტორიაში გამართულ ეროვნულ ოლიმპიადაში, სხვა არაერთ აქტივობას ახორციელებს, ინგლისურენოვან ბანაკებს აწყობს ბათუმში და საზღვარგარეთაც იღებს ტრენინგებში მონაწილეობას. ქართულში ერთ-ერთი უმაღლესი ქულა აიღო, 70-დან 68 და ინგლისურშიც ფიქრობს, რომ ძალიან კარგი შედეგი ექნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს, საერთაშორისო ურთიერთობებზე. ბარბარე გვიყვება, ელოდა თუ არა ამხელა შედეგს და რის ხარჯზე მიაღწია მას:
- უმაღლესი ქულა ნამდვილად არ გამკვირვებია, მაგრამ ემოციები მაინც ვერ შევიკავე. შედეგი მხოლოდ ერთი წლის შრომამ არ განაპირობა. ჩემი მასწავლებელი ფატიმა ზარხოზაშვილია. სკოლაშიც ის მასწავლიდა და ჩემი რეპეტიტორიც იყო. მე-5 კლასიდან ერთად ვმუშაობთ. ისეთი მასწავლებელია, ყველა სააზროვნო დავალება, შეკითხვა თუ სხვა სახის აქტივობა, დეტალურად აქვს ახსნილი და გაანალიზებული. გამორჩეული ადამიანია და მიხარია, რომ ორივემ დავაფასეთ ერთობლივი შედეგი. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ მე-12 კლასში მეცადინეობა ეყოფათ, მაგრამ, ვფიქრობ, მაქსიმალური შედეგისთვის მუდმივი შრომაა საჭირო.
შაკო ხიზანიშვილსაც უმაღლესი ქულა აქვს ისტორიაში. გორის მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა. აღნიშნავს, რომ ისტორია ძალიან უყვარს და სიამოვნებით უყურებს შემეცნებით გადაცემებსა თუ თამაშებს. შაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალზე აბარებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- საფუძვლიანად ვემზადებოდი და მაღალ შედეგს ველოდი, თუმცა, არა მაქსიმალურს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მოინდომებს ადამიანი კონკრეტული საგნის სწავლას. ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არ ყოფილა განსაკუთრებული სირთულის ტესტი, რომ შეგვხვედროდა ისეთი რამ, რაც საპროგრამო არ იყო. ყველაფერი ნასწავლი მქონდა. ალბათ, ცოტაოდენი იღბალიცაა საჭირო, მაგრამ სწავლისა და შრომის დამსახურებაა ეს ყველაფერი.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც უმაღლესი ქულა აიღო, გიორგი კობახიძეა. ტყიბულის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მომავალი პროფესიის არჩევისას ფსიქოლოგიასა და ისტორიას შორის გააკეთებს არჩევანს. ის საკუთარ მოლოდინებსა და მიღწეულ შედეგზე გვიყვება:
- 50 ქულაზე მეტს ველოდი, თუმცა 60-ს ნამდვილად არა. ამიტომ, ცოტა მოულოდნელი იყო. საგანი ძალიან მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი. ბოლო წელს განსაკუთრებით მოვინდომე, ბევრს ვშრომობდი და ვემზადებოდი. მხოლოდ მე-12 კლასში ვიარე რეპეტიტორთან და პიროვნულადაც გავიზარდე. მასწავლებელი ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას მიხსნიდა, წიგნში რომ არ ეწერა და ესეც დამეხმარა.
თამარ იაკობაშვილი