"ისტორია ბევრს თარიღების დაზეპირება ჰგონია, მთავარი კი ანალიზის უნარია“- ისტორიაში უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტები
"ისტორია ბევრს თარიღების დაზეპირება ჰგონია, მთავარი კი ანალიზის უნარია“- ისტორიაში უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტები
დღეს აბიტურიენტებმა ისტორიის გამოცდის შედეგები გაიგეს. ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, ვინც უმაღლესი 60 ქულის დაგროვება შეძლო.

ბარბარე ჭყოიძემ
ქალაქ ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მანამდე flex-ის გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო და ერთი წლით იქ სწავლობდა. ამბობს, რომ ისტორია განსაკუთრებით უყვარს. გამარჯვებულია ისტორიაში გამართულ ეროვნულ ოლიმპიადაში, სხვა არაერთ აქტივობას ახორციელებს, ინგლისურენოვან ბანაკებს აწყობს ბათუმში და საზღვარგარეთაც იღებს ტრენინგებში მონაწილეობას. ქართულში ერთ-ერთი უმაღლესი ქულა აიღო, 70-დან 68 და ინგლისურშიც ფიქრობს, რომ ძალიან კარგი შედეგი ექნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს, საერთაშორისო
ურთიერთობებზე. ბარბარე გვიყვება, ელოდა თუ არა ამხელა შედეგს და რის ხარჯზე მიაღწია მას:

- უმაღლესი ქულა ნამდვილად არ გამკვირვებია, მაგრამ ემოციები მაინც ვერ შევიკავე. შედეგი მხოლოდ ერთი წლის შრომამ არ განაპირობა. ჩემი მასწავლებელი ფატიმა ზარხოზაშვილია. სკოლაშიც ის მასწავლიდა და ჩემი რეპეტიტორიც იყო. მე-5 კლასიდან ერთად ვმუშაობთ. ისეთი მასწავლებელია, ყველა სააზროვნო დავალება, შეკითხვა თუ სხვა სახის აქტივობა, დეტალურად აქვს ახსნილი და გაანალიზებული. გამორჩეული ადამიანია და მიხარია, რომ ორივემ დავაფასეთ ერთობლივი შედეგი. ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ მე-12 კლასში მეცადინეობა ეყოფათ, მაგრამ, ვფიქრობ, მაქსიმალური შედეგისთვის მუდმივი შრომაა საჭირო.

- ბევრ ბავშვს ისტორია ერთულება და ფიქრობენ, რომ თარიღების დაზეპირებაა მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ მიაღწიეთ შედეგს?

- პირველ რიგში, ისტორია ერთ-ერთი რთული
საგანია, მაგრამ ნამდვილად არ ვეთანხმები იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბევრი რამაა დასაზეპირებელი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თარიღები და ადამიანების სახელები უნდა ვიცოდეთ. მთავარია, მასალას რომ დაამუშავებ, ლოგიკური ჯაჭვები გააბა და აზრი ისე დაალაგო, აღარ დაგჭირდეს ზედმეტი ძალისხმევა. როცა ზედმიწევნითაა დამუშავებული საკითხი და აზრობრივად კარგად კავშირდება, უკვე აღარ გაგიჭირდება არანაირი დავალების შესრულება, იქნება ეს ღია კითხვის დავალებები, ქრონოლოგიური თუ სხვა.

შაკო ხიზანიშვილსაც უმაღლესი ქულა აქვს ისტორიაში. გორის მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა. აღნიშნავს, რომ ისტორია ძალიან უყვარს და სიამოვნებით უყურებს შემეცნებით გადაცემებსა თუ თამაშებს. შაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალზე აბარებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- საფუძვლიანად ვემზადებოდი და მაღალ შედეგს ველოდი, თუმცა, არა მაქსიმალურს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მოინდომებს ადამიანი კონკრეტული საგნის სწავლას. ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არ ყოფილა განსაკუთრებული სირთულის ტესტი, რომ შეგვხვედროდა ისეთი რამ, რაც საპროგრამო არ იყო. ყველაფერი ნასწავლი მქონდა. ალბათ, ცოტაოდენი იღბალიცაა საჭირო, მაგრამ სწავლისა და შრომის დამსახურებაა ეს ყველაფერი.

- ემზადებოდით ისტორიაში?

- ჩემი სკოლის პედაგოგი ქეთევან ნონიკაშვილი იყო რეპეტიტორიც. როდესაც მოსწავლე საგანს სწავლობს, მისი სიყვარული, მგონია, პირველ რიგში, მასწავლებლის დამსახურებაა. ჩემი მასწავლებლის როლი კი უდიდესი იყო ამ პროცესში.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიო?

- თარიღების დამახსოვრება ძალიან კარგად შემეძლო, მაგრამ მხოლოდ მათ დაზეპირებაში არ არის საქმე. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ. განსაკუთრებით ბოლო წლებში, გამოიკვეთა ტენდენცია, ცდილობენ, უფრო სააზროვნო კითხვები შემოიტანონ, რომ ლოგიკურად დავუკავშიროთ თარიღი მოვლენას. ამიტომ, საჭიროა, რომ ცოდნის გააზრება შეგვეძლოს, რომ მსჯელობა სწორად ავაწყოთ.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, რომელმაც უმაღლესი ქულა აიღო, გიორგი კობახიძეა. ტყიბულის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მომავალი პროფესიის არჩევისას ფსიქოლოგიასა და ისტორიას შორის გააკეთებს არჩევანს. ის საკუთარ მოლოდინებსა და მიღწეულ შედეგზე გვიყვება:

- 50 ქულაზე მეტს ველოდი, თუმცა 60-ს ნამდვილად არა. ამიტომ, ცოტა მოულოდნელი იყო. საგანი ძალიან მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი. ბოლო წელს განსაკუთრებით მოვინდომე, ბევრს ვშრომობდი და ვემზადებოდი. მხოლოდ მე-12 კლასში ვიარე რეპეტიტორთან და პიროვნულადაც გავიზარდე. მასწავლებელი ძალიან ბევრ ისეთ რაღაცას მიხსნიდა, წიგნში რომ არ ეწერა და ესეც დამეხმარა.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რის ხარჯზე მიაღწიეთ უმაღლეს შედეგს?

- ისტორიაში მაღალ ქულას მიიღებ იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის უნარი გაქვს. მეორეხარისხოვანია თარიღების ზეპირად დამახსოვრება. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია ინტერესი, საქმის სიყვარული და ცოდნის გააზრება.

თამარ იაკობაშვილი

12448
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები