დღეს აბიტურიენტებმა უცხოური ენების გამოცდის შედეგები გაიგეს. ამით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ძირითად საგნებში შედეგების გამოქვეყნება დაასრულა. ტრადიციულად, გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს, რომლებმაც მაქსიმალური 80 ქულიდან 80-ივე აიღეს.
ერთ-ერთი მათგანი ტატო ბაღათურიაა. სკოლა "ბრიტანიკა" დაამთავრა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გეგმავს სწავლის გაგრძელებას, კომპიუტერულ მეცნიერებებზე. ამბობს, რომ უმაღლეს შედეგს ელოდა, რადგან დიდი ხანია სწავლობს ინგლისურს.
"სკოლაში პირველი კლასიდან ვსწავლობ ინგლისურს, ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. მადლობა უნდა ვუთხრა სკოლის დირექტორსა და ასევე ჩემი ინგლისურის მასწავლებელს, თამარ მაისურაძეს. ერთობლივი შრომით მივაღწიეთ შედეგს. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტმა, რადგან ბევრი რამ ვისწავლე სხვადასხვა ინგლისურენოვანი ფილმისა თუ ვიდეოს ყურებისას. სხვებსაც ვურჩევ, რომ ეს რესურსები გამოიყენონ", - ამბობს ტატო.
კიდევ ერთი აბიტურიენტი, ვინც ინგლისურში უმაღლესი ქულა აიღო, მარიამ მახაჭაშვილია. მარიამმა ბიოლოგიაშიც მაქსიმალური შედეგი აჩვენა და 70 ქულიდან 70 აიღო. სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე აბარებს. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა დაამთავრა და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
"შედეგი მასწავლებლისა და ჩემი შრომის დამსახურებაა. გარდა საპროგრამო მასალისა, ვკითხულობდი ინგლისურენოვან ლიტერატურას, ვუყურებდი ფილმებს და ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა", - აღნიშნავს მარიამი.
ვიქტორ დათაშვილმაც უმაღლესი ქულა აიღო ინგლისურში. 182-ე საჯარი სკოლა დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს, საერთაშორისო ეკონომიკაზე. გვიყვება, რომ განწყობასა და მონდომებას ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია აბიტურიენტზე.
"უმაღლეს შედეგს ველოდი, იმიტომ, რომ იმ მიმართულებაზე, რაზეც ვაბარებ, ინგლისური ძალიან მნიშვნელოვანია და მეც განსაკუთრებულად ვიყავი კონცენტრირებული. მთავარი საკითხისადმი მიდგომა და მონდომებაა. რა ხარისხითაც მოინდომებს აბიტურიენტი, მსგავს შედეგს მიაღწევს. მთავარია განწყობა, რომლითაც იწყებ წელს და აგრძელებ. მე და ჩემმა მასწავლებელმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ შედეგისათვის მიმეღწია და ვფიქრობ, გავამართლე იმედები. ინგლისურის გამოცდაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსმენა, თუკი აბიტურიენტი დაჯდება და ფილმებს ნახავს ინგლისურად, გაუმახვილდება სმენა და გამოცდაზეც კარგ შედეგს აჩვენებს", - აღნიშნავს ვიქტორი.
თამარ იაკობაშვილი