აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში აჩვენეს უმაღლესი შედეგები - "ჩემი აზრით, ოჯახი ყველაფრის ამოსავალი წერტილია..."
აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში აჩვენეს უმაღლესი შედეგები - "ჩემი აზრით, ოჯახი ყველაფრის ამოსავალი წერტილია..."
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ძირითად საგნებში შედეგების გამოქვეყნება დაასრულა. აბიტურიენტებმა უცხოურ ენებში გაიგეს ქულები და მათ უკვე ყველა საგნის შეფასება იციან. გაგაცნობთ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოახერხეს და ერთიანი ეროვნული გამოცდები უმაღლესი შედეგებით დაასრულეს.

ბარბარე ჭყოიძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. ისტორიაში უმაღლესი ქულა, 60-დან 60 აიღო. დღეს ინგლისური ენის შედეგი გაიგო და იქაც მაქსიმალური 80 ქულა აქვს, ქართულში კი - 70-დან 68. ამბობს, რომ შედეგის მიღწევაში შრომამ, მუდმივმა მუშაობამ, სხვადასხვა სასკოლო თუ არასასკოლო აქტივობამ, სკოლამ და ოჯახმა უდიდესი როლი ითამაშა. ის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში აბარებს, საერთაშორისო ურთიერთობებზე და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- ინგლისურში უმაღლეს ქულას ველოდი და არ გამკვირვებია, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, რადგან გამოცდაა და შესაძლოა პასუხების ფურცელში ყველაფერი ზუსტად ვერ გადავიტანოთ და მექანიკური შეცდომა მოგვივიდეს. დედა, ელენე ლაბაძე, ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. პირველივე კლასიდან ის მასწავლის ინგლისურს. მე-9 კლასში FLEX-ის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და ერთი წელი ამერიკაში ვისწავლე. ამერიკულ ოჯახში ვცხოვრობდი. სკოლაში წლის ბოლოს გამოცდები მქონდა. უმაღლესი ქულა 600 იყო და მე ყველა საგანში მაქსიმალურს ვიღებდი. თან იმ ფონზე, რომ რთული საგნები მქონდა არჩეული. 600-დან 600 ქულას რომ ვიღებდი, ჩემს ამერიკელ მეგობრებსა და კლასელებს ძალიან უკვირდათ ხოლმე, იმიტომ, რომ უცხოელი ვიყავი და ინგლისური ჩემთვის მშობლიური
ენა არ იყო. ვამაყობ ამ ყველაფრით და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ. ხშირად ინგლისურენოვან ბანაკებს ვახორციელებ. ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ბავშვებს რამდენიმე დღე გავულამაზო, გავუზიარო საკუთარი ცოდნა და დრო სახალისოდ და შემეცნებითად გავატარებინო. კარანტინის პერიოდში ჩემს მეგობართან, მარიამ ზენაიშვილთან ერთად ვირტუალურად შევქმენი კლუბი, მოვიწვიეთ სპიკერები და მრჩევლები, რომლებიც ბავშვებს ასწავლიდნენ, თუ რა იყო საჭირო ამერიკაში სასწავლებლად, ვაცნობდით ამერიკულ კულტურას, განათლების სისტემას და მათთვის საინტერესო საკითხებს. ჩვენი კლუბის ბავშვებიც ძალიან წარმატებულები არიან. თუმცა, ვფიქრობ, უცხო ენაში უმაღლესი ქულის მიღებისთვის არ არის აუცილებელი უცხოეთში ცხოვრება ან სწავლა, მთავარია მოინდომოს აბიტურიენტმა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, არაერთი აბიტურიენტი დაამტკიცებს ამას დღეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა ინგლისურენოვან ქვეყანაში სწავლობ და ცხოვრობ, ეს სულ სხვა გამოცდილებაა და შემიძლია ვთქვა, ერთგვარი პრივილეგიაც,

- სამივე ძირითად საგანში გაქვთ უმაღლესი ქულა, ელოდით თუ არა და რამდენად მნიშშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის?

- სამივე საგანმა ძალიან გამახარა და შედეგს ველოდი. ძალიან ბევრს ვშომობდი საკუთარ თავზე, ბეჯითი მოსწავლე ვიყავი თავიდანვე და მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა. მხოლოდ სასკოლო საგნები არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, უამრავი პროექტი და აქტივობა განვახორციელე და დროც აღარ მრჩებოდა.

- რამდენად დაგეხმარა ეს აქტივობები შედეგის მიღწევაში?

- ძალიან შეუწყო ხელი. მაგალითად, ინგლისურს ყოველდღე ვიყენებ საკომუნიკაციოდ. ვთანამშრომლობ უცხოურ ორგანიზაციებთან და იმედია, რა გეგმებიც მაქვს, ვირტუალურად არ მომიწევს მათი განხორციელება და პანდემია ვერ შემიშლის ხელს. ეს ბოლო წელი ძალიან დაკავებული ვიყავი და განსაკუთრებით მიხარია, რომ ამან გავლენა ვერ იქონია ჩემს შედეგებზე.

- ოჯახს რამხელა მნიშვნელობა აქვს წარმატებაში?

- ჩემი აზრით, ოჯახი ყველაფრის ამოსავალი წერტილია და როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როცა ოჯახის წევრები მოსიყვარულეები არიან, ზრუნავენ შვილზე და ყველაფერში ხელს უწყობენ, მერე ბავშვსაც უჩნდება სურვილი, რომ გაახაროს ისინი. ჩემი აზრით, ეს ორმხრივი ურთიერთობა საუკეთესოა. ჩემი ოჯახი რომ არა, მათი დახმარება, გულშემატკივრობა და მხარდაჭერა რომ არა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ყველაფერი.

- როგორ ფიქრობ, მუდმივ მუშაობას რა როლი აქვს, შესაძლებელია მხოლოდ დამამთავრებელ კლასებში მომზადებით მაღალი შედეგის მიღწევა?

- როდესაც ადამიანი მიზანს ისახავს და საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენს, ბოლო ორი წელი იქნება თუ ერთი, შეუძლია კარგ შედეგს მიაღწიოს, თუმცა ეს აბიტურიენტზეა დამოკიდებული, რამდენად მონდომებული და მოტივირებულია. ჩემს შემთხვევაში, შედეგი სისტემატიურმა მუშაობამ განაპირობა. თავიდანვე ბეჯითად ვმეცადინეობდი და შემდეგ ბევრი რამ გამიმარტივდა.

კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი ზუკა შაყულაშვილია. ის კერძო სკოლა "ბრიტანიკაში" სწავლობდა. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში აბარებს, ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე. გვიყვება, რომ სკოლის პერიოდში განსაკუთრებით ინდომებდა, ბევრს შრომობდა და შედეგიც ამან განაპირობა.

- ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, არც ველოდი ამხელა ქულებს. მუდმივად ვშრომობდი. ინგლისურში კიდევ უფრო დაბალს ველოდი, მე მგონი ზედმეტად მომზადებული შევედი გამოცდაზე და მაგის ბრალია.

- რის ხარჯზე მიაღწიე ამხელა შედეგს?

- მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

- მშობლებს, ოჯახს რა როლი ჰქონდა შედეგის მიღწევაში?

- ძალიან დიდი როლი ჰქონდა. მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის გვერდით მედგნენ და სულ მეხმარებოდნენ, რაც მოტივაციას მაძლევდა.

-  სკოლაში თუ იყავი პროექტებში ჩართული და ეს რამდენად დაგეხმარა?

- ეროვნულ ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას და მათემატიკაში ორი წელი წარმატებას მივაღწიე. ინგლისურის ოლიმპიადის მესამე ტურშიც ვმონაწილეობდი და ეს კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის.

- როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასებიდანვე მუშაობა და მეცადინეობა?

- ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც მათემატიკაში მხოლოდ ერთი წლის სწავლით ვფიქრობ, რომ მაღალი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ თავიდანვე კარგად იმეცადინონ, რადგან მხოლოდ მეცადინეობით მიიღწევა შედეგი.

ირაკლი თოდაძემ ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო, მაქსიმალური 80 ქულა აქვს ინგლისურშიც, ხოლო ქართულში 70-დან 60 ქულის აღება მოახერხა. თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ამბობს, რომ ბევრი იშრომა და კარგ შედეგსაც ელოდა. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, რის ხარჯზე მიაღწია წარმატებას:

- შედეგი, რა თქმა უნდა, ჩემი შრომის დამსახურებაა, მაგრამ კიდევ ბევრმა ფაქტორმა შემიწყო ხელი. კარგი მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით მაქსიმალური ქულების აღება მოვახერხე.

- წარმატებაში რა როლი აქვს ოჯახს?

- ოჯახის მხრიდან მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ გარეშე, მგონია, წარმატების მიღწევა რთულია. თუ შესაბამისი გარემო არ გაქვს, ვერ განვითარდები ისე, როგორც საჭიროა.

- სასკოლო თუ არასასკოლო პროექტებში რამდენად იყავი ჩართული და დაგეხმარა თუ არა ეს წარმატების მიღწევაში?

- სასკოლო პროექტებში ნაკლებად ვიყავი ჩართული. ამერიკაში მინდოდა ჩაბარება, ისედაც კარგად ვსწავლობდი, შემდეგ კი უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი საგნებს. ამერიკაში წასვლა არ გამომივიდა, მაგრამ დაგროვილი ცოდნა გადმომყვა და წელს ინგლისურისათვის განსაკუთრებული ყურადღება აღარ დამითმია.

- ბევრ აბიტურიენტს მაქსიმალური 59 ქულის აღება არ შეუძლია, რის ხარჯზე მიაღწიე ამას?

- ჩემ გარშემო ვიცნობ რამდენიმე ბავშვს, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ 59 ქულის მიღება. მაგრამ, პატარა შეცდომები დაუშვეს და მაქსიმალურთან მიახლოებული ქულები აიღეს. მე ალბათ მეტი ყურადღება მივაქციე და საბოლოო ჯამში, უმაღლესი ქულა ავიღე.

- იქიდან გამომდინარე, რომ ორ საგანში გაქვს მაქსიმალური შედეგი, როგორ ფიქრობ, ქართულში რამ განაპირობა რამდენიმე ქულის დაკლება?

- ქართული მთლად ჩემი ძლიერი მხარე არაა. კარგი მასწავლებელი მყავდა და კარგადაც ვმეცადინეობდი, მაგრამ გამოცდაზე ჩემი შესაძებლობების მქსიმუმი ვერ გამოვავლინე. მაინც კმაყოფილი ვარ შედეგით.

- სამომავლოდ რას გეგმავ?

- კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ რამდენიმე მიმართულებით განვვითარდე. მომავალ აბიტურიენტებსაც ვურჩევ, რომ თავად რაც უნდათ, იმ გზას გაყვნენ და ბევრი იშრომონ, თუ რაიმეს მიღწევა სურთ.


თამარ იაკობაშვილი

12498
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
:))
0
შემოგევლეეეთ...
22:48 / 31-08-2020
მსგავსი სიახლეები