"ონლაინ სწავლება უზღუდავს ბავშვებს ცოცხალ ურთიერთობებს, ფიზიკურ განვითარებას, ცოდნის გადაცემაც კი არ ხდება სრულად..." - რა ხარვეზები აქვს ონლაინ სწავლებას და რა უნდა ქნან პედაგოგებმა
"ონლაინ სწავლება უზღუდავს ბავშვებს ცოცხალ ურთიერთობებს, ფიზიკურ განვითარებას, ცოდნის გადაცემაც კი არ ხდება სრულად..." - რა ხარვეზები აქვს ონლაინ სწავლებას და რა უნდა ქნან პედაგოგებმა
რა ხარვეზები აქვს ონლაინ სწავლებას, რა არის გამოსასწორებელი და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა და მასწავლებლებმა, გვესაუბრება ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი.

- სულ მალე ისევ ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ ბავშვები დიდწილად დისტანციურად ისწავლიან. რა ხარვეზებს ხედავთ დისტანციურ სწავლებაში, როგორც ფსიქოლოგი, როგორც ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენელი და როგორც მშობელი?

- კოვიდ 19 ვირუსის შემოსვლამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. საქართველოს მოსახლეობაც, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების დიდი ნაწილიც, გამოიკეტა სახლებში და რამდენიმე თვის განმავლობაში, რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში მოუწია ცხოვრება. ეს ახალი
რეალობა ძალიან რთული აღმოჩნდა როგორც უფროსებისათვის, ასევე ბავშვებისათვის. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა დისტანციურმა სწავლებამ.
დისტანციურ სწავლას ბევრი ხარვეზი აქვს. ფსიქოლოგიური კუთხით, ასეთი სწავლების მეთოდი ართმევს ბავშვებს ცოცხალ ურთიერთობას თანატოლებთან, რაც უარყოფითად აისახება მათ სოციალურ უნარებზე. ისინი მთელი დღის განმავლობაში სხედან კომპიუტერის ეკრანთან, რაც თავისთავად როგორ ფიზიკური, ასევე სულიერი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სახლიდან სწავლამ ასევე მინიმუმამდე დაიყვანა ბავშვების ფიზიკური აქტივობა. როგორც ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენელი, ვთვლი, რომ დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი ხარვეზია, რომ ასეთ დროს პრაქტიკულად არ ხდება აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოება. მასწავლებელი გაჭირვებით იმას ძლივს ახერხებს, რომ გარკვეული ცოდნა მაინც გადასცეს ბავშვს, ხოლო სკოლის მთავარი ფუნქცია - ბავშვის აღზრდა, საერთოდ იკარგება. როგორც მშობელი კი, შემიძლია ვთქვა, რომ
დისტანციური სწავლება უბრალოდ არაეფექტურია. ბავშვების დიდი ნაწილი პრაქტიკულად არც კი ისმენს გაკვეთილს და ის მცირედიც კი, რასაც ცოდნის გადაცემა ჰქვია, ისიც კი ვერ ხორციელდება სათანადოდ. მართლა გული მტკიოდა მთელი წინა სემესტრი, ჩემს შვილს რომ ვუყურებდი, როგორ დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე იჯდა კომპიუტერთან და ცდილობდა, რაღაც მაინც ესწავლა, თუმცა პრაქტიკულად ჩაუვარდა მთელი 4-თვიანი სასწავლო პროცესი.

- რა აკლდება დისტანციური სწავლების დროს ბავშვს? რამდენად რთულია ასე სწავლება პედაგოგისთვის და რამდენად რთულია მოსწავლისთვის?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვს აკლდება დისტანციური სწავლების დროს, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. ჩვენ ვართ ადამიანები და ვცხოვრობთ ერთმანეთისათვის. ერთმანეთთან ურთიერთობა ჩვენ ჰაერივით გვჭირდება. ამ ურთიერთობას ბავშვები ჯერ ბაღიდან და შემდეგ სკოლიდან სწავლობენ. ცოცხალ ურთიერთობას ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ონლაინ კომუნიკაცია. ერთმანეთთან შეხვედრით, საუბრით, თამაშით ვითარდებიან ბავშვები. არსებულ სიტუაციაში კი გამოვიდა, რომ ბავშვებს სრულებით წავართვით ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება, შეაბამისად გამოვაცალეთ განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი.
დისტანციური მეთოდით სწავლა ბავშვებისათვის კი არა, ხშირად დიდებისათვისაც კი ძალიან რთულია. ბავშვისათვის ძნელია უსმინოს ლექციის ტიპის გაკვეთილს თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში გადაბმულად ისე, რომ თვითონ პრაქტიკულად არ იყოს შიგნით ჩართული. მოსწავლეების დიდი ნაწილი ონლაინ გაკვეთილებს არც კი უსმენდა, პარალელურად თამაშობდნენ ტელეფონებზე, სწერდნენ თავიანთ მეგობრებს და ხშირად ცუდადაც ეხუმრებოდნენ ხოლმე პედაგოგებს (უთიშავდნენ მათ მიკროფონს, აგდებდნენ გაკვეთილიდან და ა.შ.). ასეთ ვითარებაში მუშაობა პედაგოგებისათვის ორჯერ უფრო რთული აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ონლაინ სწავლაზე გადასვლა ძალიან უცებ მოხდა, ეს კი სრულიად განსხვავებული ფორმატის გაკვეთილებს მოითხოვს. აღმოჩნდა, რომ ბევრი პედაგოგი შესაბამისად არ ფლობს კომპიუტერს, უჭირს გაკვეთილზე შემოსვლაც კი. გაკვეთილის დიდი ნაწილი მიდის იმაზე, რომ ყველა ბავშვი ჯერ შემოვიდეს გაკვეთილზე, შემდეგ ჩართოს ვიდეოთვალი, ხოლო თვითონ გაკვეთილისათვის 10-15 წუთი რჩება. მოკლედ რომ ვთქვათ, დისტანციურ სწავლებაზე ასე უცებ გადართვა ძალიან რთული აღმოჩნდა როგორც ბავშვებისათვის, ასევე პედაგოგებისათვისაც.

- რას ურჩევთ პედაგოგებს, რა მეთოდებს მიმართონ, რომ უფრო საინტერესო და სახალისო გახდეს ონლაინსწავლება?

- თუ სწავლა ონლაინ არის, მაშინ გაკვეთილიც შესაბამისი უნდა იყოს. აღარ გამოდის, რომ ცოცხალი შეხვედრისნაირი გაკვეთილი ჩატარდეს დისტანციურ ფორმატში, ეს უფრო ლექციას ემსგავსება და სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, პრაქტიკულად არაეფექტური გამოდის.
პირველ რიგში, პედაგოგები უნდა შეეცადონ, რომ ონლაინ გაკვეთილები ისე მოიფიქრონ, მაქსიმალურად სჭირდებოდეს ბავშვს ტექნიკის გამოყენება. ტექნიკა ცუდი გამოგონება არ არის. არსებობს უამრავი სავარჯიშო, განმავითარებელი და სასწავლო თამაშები და პროგრამები. თუ სწავლა არის ონლაინ, მაშინ ჯობია ასეთი აქტივობებით უფრო დაიტვირთოს გაკვეთილი, ვიდრე შევეცადოთ, ცოცხალი ურთიერთობის დუბლირება მოვახდინოთ ონლაინ ფორმატში. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, მითუმეტეს ისეთი პედაგოგებისთვის, ვინც ტექნიკას კარგად ვერ ფლობს. ვთვლი, რომ ასეთ დროს მათ სკოლამ უნდა გაუწიოს მათ დიდი მხარდაჭერა.
მე რომ სკოლის პედაგოგი ვიყო და სადამრიგებლო კლასი მყავდეს, სკოლის შემდეგ, ან შაბათ-კვირას ჩემს კლასს ღია ცის ქვეშ სასეირნოდ წავიყვანდი. მოვიფიქრებდი ფეხით სასიარულო ლაშქრობებს, განმავითარებელ თამაშებს სადმე პარკებში ან ბაღებში. ეს ჩვენ რეგულაციებით არ გვეკრძალება, ხოლო ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

11702
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნუ დაგვიტოვებთ სკოლის გარეშე ბავშვებს!
1
ონლაინ სწავლა არაა სწავლა!!
18:48 / 13-09-2020
ლელა
0
05:25 / 13-09-2020
მსგავსი სიახლეები