პირველკლასელების ფოტოსესია ცარიელ კლასებში და ოჯახის წევრებთან ერთად - "უნდა ვასწავლოთ მათ ასე ცხოვრება, რადგან არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი"
პირველკლასელების ფოტოსესია ცარიელ კლასებში და ოჯახის წევრებთან ერთად - "უნდა ვასწავლოთ მათ ასე ცხოვრება, რადგან არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი"
როგორც ცნობილია, საქართველოს დიდ ქალაქებში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურად დაიწყო - 1-ელ ოქტომბრამდე. ეს გადაწყვეტილება ბევრი ბავშვისა და მშობლისთვის იყო გულდასაწყვეტი, თუმცა ყველაზე მეტად პირველკლასელები და მათი მშობლები განიცდიან. გარდა იმისა, რომ ბავშვებს, რომლებიც მთელი წელი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, ეს პირველი საზეიმო დღე გაუუფერულდათ, ყველაზე დიდი პრობლემაა, როგორ ისწავლიან დისტანციურად პაწაწინები დედა ენას, ანბანს, მათემატიკას და სხვა საგნებს, როგორ შეძლებენ სახლში მშობლები მათ დახმარებას და კიდევ რამდენი სირთულე ელით წინ. 

სოციალურ ქსელში ბევრი წერდა ამის შესახებ, ზოგიერთმა აღშფოთებულმა მშობელმა ისიც
თქვა, რომ აქციაზე გასვლას გეგმავდა აღნიშნული გადაწყვეტილების წინაამდეგ, სხვები ამბობდნენ, რომ საერთოდაც არ გაუშვებენ წელს ბავშვს სკოლაში, რადგან ურჩევნიათ, ერთი წელი მოაცდევინონ პატარებს, ვიდრე ასე არასრულფასოვნად დააწყებინონ სწავლა. 

საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დედაც გამოეხმაურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რამდენიმე მათგანის საჯარო სტატუსსა და კომენტარს გთავაზობთ:

ნენე კვინიკაძე:
"ახლა მოგვწერეს, რომ 15 სექტემბრიდან პირველკლასელებიც ზუმით უნდა დაესწრონ გაკვეთილებსო. ასეთი გამწარებული ბოლოს როდის ვიყავი, ვერ ვიხსენებ. ტყუპებისთვის ახალი ლეპტოპები უნდა ვიყიდო? თუ სამინიტრო გვიგზავნის? მშობლების ჩართულობა იქნება საჭიროო, - ცხადია, 6 წლის ბავშვი მარტო ვერ იქნება. ე.ი. მასწავლებელი გვიკარნახებს, როგორ გამოვწეროთ "აი ია". მე ორ ლეპტოპთან მორიგეობით მივალ და პერიოდულად, ნიკიტას შევამოწმებ სხვა ოთახში. თან სადილს მოვამზადებ და წიგნებს წავიკითხავ,
გადაცემისთვის ხომ უნდა მოვამზადო?!. და კიდევ რამდენი რამეა... მაგრამ აბა, თქვენ რა იცით?"

გვანცა დარასელია:
"პირველკლასელთათვის განსაკუთრებით კოშმარია! ისინი მაინც უნდა მიეღოთ და გადაენაწილებინათ პატარა ჯგუფებად! ვისაც პირველკლასელთან ერთად ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავს სახლში ხომ, საერთოდ წარმოუდგენელ დღეშია!"

თიკა ფაცაცია:
"მე: დე ონალინ გაკვეთილები გექნება იცი? სანი: მე რომ არ ვიცი სკოლა? (დიდი ცრემლიანი თვალებით) ისე ვბრაზობ , ნუთუ ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ბავშვების ცხოვრების, თუკი პრიორიტეტია განათლება ამ ქვეყანაში საერთოდ, ეფიქრათ პორველკლასელებზე და მათ ბედზე?"

საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ვთხოვეთ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" დაწყებითი საფეხურის პედაგოგ ვენენო მენაბდეს, რომელსაც წელს თავადაც პირველკლასელი შვილი ჰყავს:
mshoblebi
- მთავარი სირთულე არის ის, რომ ბავშვებს სასწავლო პროცესში ჩართვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ, არ იცნობენ მასწავლებლებს, ბავშვებს, სივრცესა და გარემოს. მათთვის ყველაფერი ახალია. მშობელსაც და ბავშვსაც განცდა აქვს, რომ პირველ კლასში შესვლით, ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. ბავშვიც სხვანაირად ემზადება, ამ დროს კი ისევ სახლში ზის და უწევს, კომპიუტერში უყუროს მისთვის უცხო ადამიანებს. თან უნდა მოუსმინოს, გაიაზროს, მერე დავალებაც შეასრულოს და უკუკავშირიც ჰქონდეს. ეს ძალიან ძნელია. მაგრამ, მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ტრაგედიად უნდა ვაქციოთ და დავამძიმოთ ისინი. პირიქით, რადგან ასეთი მოცემულობა გვაქვს და ვერაფერს ვცვლით ამ ეტაპზე, შვილს პოზიტიურად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. რაც უფრო მშვიდად, ღიმილითა და საქმიანად მიაწვდის მშობელი ბავშვს ინფორმაციას, ისიც შესაბამისად აღიქვამს. თუ დავძაბავთ და მის გასაგონად ვიტყვით, რომ ეს საშინელებაა და ასე არაფრის სწავლა შეიძლება, მგონია, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ვიძალადებთ. ჩემი შვილიც პირველკლასელია. საბედნიეროდ, ორი კვირის განმავლობაში კლასელებისა და მასწავლებლების გაცნობა შეძლო, თუმცა, ორი კვირა არაფერია იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეს შეგუებოდა. დისტანციური სწავლება უკიდურესი შემთხვევა და გამოსავალია. როცა უკიდურესი რაღაცის გაკეთება გიწევს, თავისთავად, ცუდია.

- რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს პირველკლასელებისათვის ამ ფორმით სწავლება, მაშინ, როცა მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის წერა, კითხვა, ანგარიში და სხვა?

- რა თქმა უნდა, ისეთი ეფექტური არ იქნება, როგორც სასკოლო სივრცეში, მაგრამ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ მშობლებს, რომლებიც თვლიან, რომ ასე სწავლას აზრი არ აქვს. აბსოლუტურად შესაძლებელია, მასწავლებელმა ისე დაგეგმოს გაკვეთილი, რომ პირველკლასელს ასწავლოს წერა, კითხვა და შეაყვაროს პროცესი. ძალიან ძნელია, როდესაც შენ, როგორც მასწავლებელი, ავტორიტეტად ვერ ყალიბდები მისთვის, იმიტომ, რომ ფიზიკურად არ გიცნობს, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, კლასები უნდა დაიყოს უფრო მცირე ჯგუფებად, რამდენადაც შესაძლებელია. მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ვთქვი, მასწავლებელმა უნდა დაგეგმოს ისეთი გაკვეთილი, როგორიც ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და არა ისეთი, როგორსაც კლასში წარმართავდა.

- რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა, რა რესურსების გამოყენება შეუძლია, რომ პროცესი ბავშვებისთვის მრავალფეროვანი იყოს?

- ვიზუალურ მასალას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ამ ასაკის ბავშვი ჯერ ვიზუალს აღიქვამს და მერე ესმის დანარჩენი. თეორიული სწავლება, მით უმეტეს პირველ კლასში, გაუმართლებელია. ამიტომ, მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩართვა იყოს ხანმოკლე, მაქსიმუმ ნახევარი საათი და ძირითადად ვიზუალური მასალით იყოს დატვირთული. სალექციო ტიპის გაკვეთილის ჩატარება არაეფექტურია, რადგან არავინ მოისმენს და ვერც შედეგს გამოიღებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ პროცესში და რა გამოწვევის წინაშე არიან ისინი?

- მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. წელს კიდევ უფრო კარგად გავიაზრე, რადგან თავადაც პირველკლასელის მშობელი ვარ. დღეს ჰქონდა პირველი დისტანციური ჩართვა და გვერდით რომ არ ვყოლოდი, ბევრ რამეს ვერ გაიგებდა. ბავშვებს ჯერ არ აქვთ ყურადღების მობილიზების უნარები გამომუშავებული, ინსტრუქციის გაგება უჭირთ, ზოგიერთი მოსმენით იგებს, ზოგს რამდენჯერმე სჭირდება გამეორება. ვერ მოსთხოვ მშობელს, რომ აუცილებლად დაუჯდეს ბავშვს გვერდით გაკვეთილის დროს, რადგან ბევრი მათგანი მუშაობს, მაგრამ, თუ შესაძლებელია, ვინმე უფროსი, საწყის ეტაპზე მაინც, სანამ ბავშვები ამ ყველაფერს ალღოს აუღებენ, უნდა იყოს ჩართული. უმტკივნეულოდ უნდა შევაგუოთ ბავშვები სიახლეს, ეს ხომ მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, მსოფლიო პრობლემაა. ვასწავლოთ მათ ასე ცხოვრება, რადგან, არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი.
mshoblebi

- როგორც პირველკლასელის მშობელმა და არა მასწავლებელმა რომ გაგვიზიაროთ, რა გამოწვევის წინაშე დადექით?

- დღეს სამი გაკვეთილი ჰქონდა ჩემს შვილს დისტანციურად. იყო ძალიან მონდომებული იმიტომ, რომ მე წინასწარ შევამზადე. ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ვეღარ ვივლით, თავის კლასელებსა და მასწავლებლებს მაინც ნახავდა. გავუზიარე ჩემი გამოცდილებაც და ვუთხარი, რომ როგორც ჩემი მოსწავლეები მისმენდნენ, ისე უნდა მოესმინა მასაც. ძალიან ბევრი ვიმუშავე და ვეცადე, პოზიტიურად მიმეწოდებინა ბავშვისთვის ეს ყველაფერი. არ ვიცი, პირველი დღის ეფექტი იყო თუ არა, მაგრამ ბავშვები ძალიან მობილიზებულები იყვნენ. მესამე გაკვეთილი ინგლისური ჰქონდათ, მეგონა, რომ აღარ გაჩერდებოდა კომპიუტერთან, მაგრამ ყველაზე აქტიურად იყო ჩართული. მასწავლებელზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩემი შვილის მასწავლებელს თამაშები ჰქონდა მომზადებული და მთელი კლასი ისე ჩართო, რომ საერთოდ არ გამართლდა ჩემი უარყოფითი მოლოდინი. ახალი თაობაა და სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ გაჯეტების მიმართ, შეიძლება ჩვენზე გაცილებით მარტივად და უმტკივნეულოდ მიიღონ ეს ყველაფერი.

- რას ურჩევთ იმ მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებსაც დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელ ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა?

- მთავარი რამ, რაც გამოცდილებამ მასწავლა, არის ის, რომ ყველა საქმეს უნდა მიუდგე პოზიტიურად. თუ იძულებით აკეთებ, შედეგიც შესაბამისია. ამიტომ, მასწავლებლებს ვურჩევ, რომ არ ჩამოყარონ ფრთები, სიხარულითა და მონდომებით შეუდგნენ პროცესს. მუდმვად უნდა ვიყოთ მასწავლებლები სიახლეების ძიებაში, განსაკუთრებით ტექნოლოგიების თვალსაზრისით იმიტომ, რომ ფაქტია, სხვანაირად შედეგი არ გვაქვს. მშობლებს ვურჩევ, რომ დადებითად განაწყონ. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად იყვნენ მათ გვერდით, შეუქმნან მშვიდი გარემო და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მათთვის სწავლა საყვარელი და სასიხარულო იყოს. არ დაძაბონ, არ დაამძიმონ და არ ეჩხუბონ. მშვიდად და სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ეფექტურია.


მანამდე კი იმ პატარების მშობლებმა, რომლებმაც კლასებში ვერ დაიწყეს სწავლა ისე, როგორც ელოდნენ, სხვადასხვანაირად გადაწყვიტეს, ეს დღე მაინც სამსახსოვრო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო მათი შვილებისთვის. ზოგმა შინ მოაწყო ფოტოსესია, ზოგმაც - ცარიელ სკოლასა და კლასებში, როცა ბუკების და წიგნების ასაღებად წავიდნენ სკოლებში. სწორედ ასეთ რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ და ჩვენი მხრიდან ყველა პირველკლასელ ვუსურვებთ უფრო ხალისიან, შემეცნებით და საინტერესო დღეებს სკოლებში, წარმატებულ სასწავლო წელს და ნათელ მომავალს.

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

mshoblebi
mshoblebi

იხილეთ ფოტოგალერეა
5558
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები