თბილისის 130-ე საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ, მარიამ სტურუამ და სალომე ხიდეშელმა, ინგლისური ენის სახელმძღვანელო შეადგინეს. გოგონები მე-9 კლასში არიან და იდეაზე მუშაობა პანდემიამდე დაიწყეს. ამბობენ, რომ წიგნი მათი თანატოლების ინტერესებზეა მორგებული და ბევრ სხვადასხვა შინაარსის დავალებას მოიცავს. ისინი გვიყვებიან, როგორ დააგროვეს საკმარისი ცოდნა, რომ სახელმძღვანელო შეედგინათ და რას ნიშნავს ეს პროექტი მათთვის:
მარიამ სტურუა:
სახელმძღვანელო სკოლაში მიღებული ცოდნითა და ფილმებიდან და სხვადასხვა საინტერესო საიტიდან მიღებული ინფორმაციით შევადგინეთ. იდეა მე-8 კლასში ინგლისურის მასწავლებელმა მოგვაწოდა და თავიდან ვაპირებდით, რომ გრამატიკის სახელმძღვანელო გაგვეკეთებინა. შემდეგ კორონავირუსის გამო ონლაინსწავლებაზე გადავედით, რაც, პირადად ჩემთვის, ძალიან სტრესული აღმოჩნდა და წიგნზე მუშაობაც ამ ყველაფრის საპასუხო რეაქციაა. მაშინ მივხვდი, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ეს არის დაახლოებოთ A2-B1 დონის წიგნი, მოიცავს ლექსიკას, მოცემულია სხვადასხვა ტექსტი, ტექსტებიდან გამომდინარე სავარჯიშოები, ასევეა გრამატიკული მასალა, შეჯამება ამ მასალის და ბოლოშია ლექსიკონი. სახელმძღვანელოს PDF ვერსიაც არსებობს და ერთი ეგზემპლარი დაბეჭდილია. მუშაობისას სხვადასხვა წყაროდან მოვიძიეთ საინტერესო მასალები. ჩემთვის ეს წიგნი ცოდნის გამოხატვას ნიშნავს. ასევე, სახელმძღვანელოს შედგენისას ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ, გავიუმჯობესე ინგლისური. გარდა ამისა, ვისწავლე გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება და რაც მთავარია, ამის მიზანი იყო მოსწავლისა და მასწავლებლის თანადგომა, სწავლის სტიმული და ჩვენი საყვარელი "მასწის" გახარება. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ.
სალომე ხიდეშელი:
თავდაპირველ იდეას, რომ მხოლოდ გრამატიკის სახელმძღვანელო გაგვეკეთებინა, პანდემიის დროს სხვა ელემენტებიც დავამატეთ და მიზნად დავისახეთ, საინტერესო წიგნი შეგვექმნა. ყველაფერი დაიწყო ჩვენი ინგლისურის მასწავლებლის, მაია ღლონტის შემოთავაზებით, რისთვისაც მე და მარიამი მას დიდ მადლობას ვუხდით.სკოლაში მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად გამოგვიყენებია და წიგნზე მუშაობაც ამიტომ აღარ გაგვჭირვებია. ამ წიგნში ისეთი ელემენტები შევიტანეთ, რაც სწავლების პროცესში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, თემებიდან დაწყებული სავარჯიშოებით დამთავრებული და მგონია, ჩვენს თანატოლებსაცძალიან მოეწონებათ. საბოლოოდ, კარგი გამოცდილება მივიღე, კიდევ უფრო გამიუმჯობესდა ინგლისური გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნა და ბევრი ახალი რამ ვისწავლე.
მაია ღლონტი დიდი ხანია ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. იდეა სწორედ მას ეკუთვნის. ის გვიზიარებს, რატომაა ბავშვების მიერ შედგენილი წიგნი საინტერესო და აპირებს თუ არა პრაქტიკაში გამოყენებას:
"მინდოდა, რომ ბავშვებისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე დაგვეწერა და გამოგვეცა მინი სახელმძღვანელო, რომელსაც კლასში გამოვიყენებდით. შედგენაში მონაწილეობას თავად მოსწავლეები მიიღებდნენ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემდა მათ, რომ ესწავლათ ინგლისური. ონლაინსწავლების დროს, გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი სახელმძღვანელოს მსგავსი წიგნი შეექმნათ. საინტერესო თემები აირჩიეს, მასალები მარტივი და სახალისო ფორმით წარმოადგინეს. ყველაფერი ისე დააწყვეს, რომ გამოცდილ ავტორებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. მარიამმა და სალომემ მთელი ზაფხული იმუშავეს. ძალიან საინტერესო და დახვეწილი სახელმძღვანელოა. ბევრი საჭირო საკითხია მოცემული, ტექსტებიც შეადგინეს და დამხმარე ლექსიკონიც. თავადვე აკინძეს და ერთი ეგზემპლარი დავბეჭდეთ. ვაპირებ, რომ ეს წიგნი მათ კლასში გამოვიყენო. დაინტერესებიდან და შედეგიდან გამომდინარე, სხვა კლასებშიც ვგეგმავ ცალკეული კომპონენტების შეტანას იმიტომ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო მასალებია. ეს კარგი მაგალითია, რომ ბავშვებმა გაიგონ, რომ თავადაც შეუძლიათ ისეთი სახელმძღვანელოს შედგენა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული" - ამბობს მაია ღლონტი.