სივრცე თბილისში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ბევრ საჭირო უნარს და საერთაშორისო ასპარეზზეც გადიან
სივრცე თბილისში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები უფასოდ ეუფლებიან ბევრ საჭირო უნარს და საერთაშორისო ასპარეზზეც გადიან
თამუნა ჩადუნელი "საქართველოს კარიტასის" ბავშვთა დღის ცენტრში მუშაობს. აღნიშნულ ცენტრში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ბევრი საინტერესო წრე ფუნქციონირებს, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები, სცადონ სიმღერა, ცეკვა, ხატვა თუ სხვა. "საქართველოს კარიტასის" ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები 2013 წლიდან ქართული ცეკვით მონაწილეობენ ფესტივალში Brave Kids. წარადგენენ ქართულ კულტურას და საკუთარ გამოცდილებას უცხოელ თანატოლებსაც უზიარებენ. Brave Kids 2009 წელს, ვროცლავში არსებული საზოგადოების, Stowarzyszenie Kultury Teatralnej Pieśń Kozła-ს, მიერ ჩამოყალიბებული განსაკუთრებული არტისტულ-საგანმანათებლო პროექტია და ძალიან ბევრ
ბავშვს აერთიანებს, მსოფლიოს მასშტაბით. თამუნა ჩადუნელი ორგანიზაციისა და ფესტივალის შესახებ უფრო დეტალურად გვიყვება:

mshoblebi

- საქართველოს კარიტასი არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრი 1997 წლიდან ფუნქციონირებს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს. იდეა ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე ყალიბდებოდა. სხვადასხვა პროექტი გვაქვს, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარების პროექტიც.

- როგორ შეიძლება მოხვდნენ თქვენთან სოციალურად დაუცველი ბავშვები?

- სოციალურად დაუცველი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისში. ჩვენი ცენტრი თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარეობს, მეტრო დიდუბესთან. ბევრი ადამიანისთვის ხელსაყრელი ადგილმდებაორეობა გვაქვს. სოციალური მომსახურების სააგენტო აწვდის ხოლმე მათ ჩვენ შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩვენი ბენეფიციარებიც უყვებიან სხვა ბავშვებს და ისინიც ინტერესდებიან.
მიღებას არ ვაცხადებთ ხოლმე, ყოველთვის შეგვიძლია მიღება, თუ ადგილია. ადგილები შეზღუდულია, მაგრამ ხშირად გამოვძებნით ხოლმე საშუალებას, რომ მსურველი დავაკმაყოფილოთ და დიდხანს არ მოუწიოს სარეზერვო სიაში ყოფნა.

mshoblebi

- რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს თქვენს ცენტრში?

- ჩვენთან ყოფნის პერიოდში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სრულფასოვანი კვებით. მასწავლებელი საშინაო დავალების მომზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული, რაც, ზოგადად, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ხოლმე მათ ოჯახებში. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს სახლში სამეცადინო კუთხეც არ აქვთ, რომ დასხდნენ და დავალებები შეასრულონ. ჩვენთან ამ პრობლემის მოგვარებაზეც ვფიქრობთ. გარდა ამისა, ვთავაზობთ წრეობრივ მუშაობას: ხატვა, კერამიკა, ცეკვა, სიმღელა, თეატრი, გვაქვს ასევე ფეხბურთის წრე, ხეზე კვეთის, მინანქრის, მჭედლობის, კერამიკის ხატვისა და ხატწერის სახელოსნოები. ბავშვები ჩვენთან 6 საათამდე არიან, ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა. დავდიოდით ექსკურსიებზე, კინოთეატრებში, ვიღებდით მონაწილეობას გამოფენებში, თუმცა, ახლა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დისტანციურად ვმუშაობთ. თვეში ერთხელ საკვებ პროდუქტებს ვურიგებთ. დისტანციურ დახმარებას ვთავაზობთ საშინაო დავალების მომზადებაში, ასევე ონლაინ გვაქვს თეატრალური და ხატვის წრე.
მოხალისეების დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სიხარულით მივიღებდით, როგორც ცენტრში სამუშაოდ, ასევე Brave Kids-ის ფესტივალისთვის მომზადების პროცესში დასახმარებლად. ჩვენი ორგანიზაცია Brave Kids-თან აქტიურად თანამშრომლობს და ფესტივალი თბილისში ორჯერ, 2018 და 2019 წლებში ჩატარდა. "საქართველოსკარიტასის" ბავშვთადღისცენტრში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი გვყავს და სწორედ ისინი იღებენ ფესტივალში მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში იკრიბებიან ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა სასცენო უნარი აქვთ, ზოგი ცეკვავს, ზოგი მღერის, ზოგი აკრობატია, ზოგი სამსახიობო ნიჭითაა დაჯილდოებული. ისინი ერთმანეთს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, საერთო ნომერს დგამენ და ერთობლივად წარუდგენენ მაყურებლებს.

mshoblebi

- როგორ უნდა მოხვდნენ აღნიშნულ ფესტივალში ქართველი ბავშვები?

- პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ბავშვები "საქართველოს კარიტასის" ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ. პროექტში 2013 წლიდან ვართ ჩართულნი და ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოთხოვნაა ხოლმე და ჩვენც მათი მითითების მიხედვით ვარჩევთ ბავშვებს. პრიორიტეტი ენიჭება მას, ვისაც არასდროს მიუღია მონაწილეობა. რა თქმა უნდა, მშობელი უნდა უშვებდეს. გარდა ამისა, უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, რადგან 1 თვის განმავლობაში სხვა ქვეყანაში, ოჯახისგან მოშორებით, მოუწევთ ცხოვრება, რადგან ფესტივალი 1 თვე გრძელდება. მასწავლებელი მიჰყვებათდა საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას.

- რას აძლევს ეს ფესტივალი ბავშვებს, რატომ არის მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?

- ფესტივალი ბავშვებს ძალიან დიდ თავისუფლებას აძლევს. როდესაც თავიანთი პროგრამით ჩადიან, მეორე დღესვე იწყებენ მოძრაობების ერთმანეთისთვის სწავლებას. უზიარებენ თავიანთ კულტურას. ბავშვები ასწავლიან ბავშვებს იმას, რაც თავად იციან. უმაღლდებათ თვითშეფასება, უფრო თამამები ხდებიან, რწმუნდებიან საკუთარ შესაძლებლობებში. რა თქმა უნდა, იქ უფროსებიც არიან და პროცესს თვალ-ყურს ადევნებენ, მაგრამ ძირითადად ბავშვები უზიარებენ ცოდნას ერთმანეთს. 16-17 ქვეყნიდან იკრიბებიან და ჩვენი ბენეფიციარებიც სულ სხვა გარემოში ხვდებიან. ბევრად უფრო თამამები და გახსნილები ჩამოდიან საქართველოში.

mshoblebi

- პროექტი სრულად ფინანსდება?

- დიახ, სრულად ფინანსდება. მინიმუმ 6 ბავშვი მიემგზავრება ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, 15 ბავშვიც წასულა. მონაწილე ბავშვების რაოდენობა თავად ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარეობს.

- ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნების ბავშვებიც სოციალურად დაუცველები არიან?

- ფესტივალში მონაწილე ბავშვთა უმრავლესობას სხვადასხვა პრობლემა აქვს. მონაწილეობენ დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები. მათი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდანაა.

mshoblebi

- თქვენი ბენეფიციარების ოჯახების პრობლემას თუ იცნობთ, რატომ უჭირთ ამ ადამიანებს და პროგრამის დასრულების შემდეგ, თუ ადევნებთ ამ ბავშვების განვითარებას თვალ-ყურს?

- ბენეფიციართა ოჯახის პრობლემებს ვეცნობით დეტალურად. პროექტის ფარგლებში ვცდილობთ მათ მოგვარებას. სერვისის დასრულების შემდეგ, ვინარჩუნებთ ურთიერთობას და ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას მათ შესახებ.

თამარ იაკობაშვილი

562
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები