ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მეგი კავთუაშვილი სოციალური ქსელით სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, დირექტორი, რომელიც ზედმეტად "აწუხებდა" ხელმძღვანელობას სკოლის საჭიროებების მოსაგვარებლად, უსამართლოდ გაათავისუფლეს
"ფოტოზე ხედავთ ხიდისთავის სკოლას და მის უკვე ყოფილ დირექტორს მიმოზა ღოლიჯაშვილს. ეს ქალი, სკოლა ასე რომ აქვს გაწიკწიკებული, სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. უფრო სწორად, მიზეზი არის ის ბატონ-ყმობა, რაც ქვეყანაში გვაქვს.
როგორც გავიგე, ლამაზი, კოხტა, გამართული სკოლის დირექტორობა ადგილობრივი ჩინოვნიკის ახლო ნათესავს სურს. - ეს სკოლა ჩემთვის მინდა - იტყვის ვინმე ბოგანო და გადაულოცავენ. ამას ხელს აწერს და ამაზე ჩუმდება მთელი სახელმწიფო აპარატი, სამარცხვინო თანამშრომლებით, ვითომ რომ არაფერ შუაში არიან.
ერთადერთი "დანაშაული" რაც ამ ქალს მიუძღვის, არის რომ ხშირად "აწუხებდა" ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას სკოლის და ბაშვების საჭიროებებისთვის. შედეგად შეკრა სკოლა, გაამდიდრა, ისეთი გახადა, სოფელში კი არა თბილისის პრესტიჟულ უბნებშიც რომ არ არის. გაზარდა მშობელთა ჩართულობა, სკოლა აქცია კულტურის ცენტრად სოფელში, რასაც ახლანდელი მინისტრი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ აცხადებდა პრიორიტეტად. მაგრამ ეტყობა დაიღალნენ იქ, ზემოთ. შეწუხდნენ ბავშვზე ორიენტირებული დირექტორით. ახლა სჯიან თანამდებობიდან ჩამოცილებით, იმიტომ რომ საქმეს ზედმეტად კარგად აკეთებდა.
ეს არის სიგნალი სხვა დირექტორებისთვის, რომ არ მოუნდეთ რეალურად ბავშვზე ზრუნვა, მეტიც, იზრუნონ თავის სავარძელზე და არა - სკოლაზე. ასეთი დირექტორები ათწლეულები ინარჩუნებენ თანამდებობებს და მეტიც, შვილებსაც გადასცემენ დირექტორის სკამს მემკვიდრეობით.
ეს არის ჩვენი სახე. და ამას ვერც ახალი სკოლის მოდელი შეცვლის და ვერც მაინკრაფტის გაკვეთილები სკოლაში.
რატომ ვარ ამ ქალის სკოლაში დაბრუნების მომხრე და რას აკეთებდა ის სწორად, კიდევ ბევრჯერ დავწერ და მოუწევს წაკითხვა იმათ, ვინც ხელი მოაწერა ამ მავნე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ასე უბრძანეს!" - წერს მეგი კავთუაშვილი.