პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს "სილქნეტთან", შპს "მაგთიკომთან" და შპს "ვიონი საქართველოსთან" (ბრენდი "ბილაინი") ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.
რეგისტრაცია კი სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge-ზე მიმდინარეობს, სადაც დეტალური ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით. თუმცა, ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ბევრი მშობელი წერს, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.
თუ რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - სისტემაში არსებული ხარვეზის ან მონაცემების უზუსტობის შემთხვევაში: ტელ: 0322 200 220 მობილური ოპერატორები - მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზი: მაგთი - 11 00 11 ან +995 32 217 00 00 ბილაინი - 110101 ან +995 32 2200611 სილქნეტი (ჯეოსელი) - მხოლოდ ჯეოსელის და ლაი-ლაის აბონენტებისათვის- 7777 ყველა მობილური ოპერატორებისათვის - 110 110 ყველა ქალაქის და ნებისმიერი მობილური ოპერატორებისათვის 2770177 აღსანიშნავია, რომ პაკეტის ყიდვა სპეციალური კოდით შეგიძლიათ და მას 30 დღე აქვს ვადა. თუ შემდეგ თვეში აღარ გადაწყვეტთ სარგებლობას, შესაბამისად, სპეციალური კოდით აღარ ისარგებლებთ. "დისტანციური სწავლების" პაკეტი ივნისის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
თამარ იაკობაშვილი